სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    05.12.2018

     ირანსა და საქართველოს შორის  შესაძლოა ახალი სკანდალი  დაიწყოს. უკვე რამდენიმე დღეა, რაც საქართველოს საზღვარზე, ირანისთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, მის მოქალაქეებს ქვეყანაში  არ უშვებენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს სახმელეთო და საჰაერო საზღვრიდან ირანის 200-მდე მოქალაქე დეპორტირებული იქნა. ირანელებს საქართველოში უვიზოდ 45 დღე შეუძლიათ იცხოვრონ, თუმცა როგორც ისინი აცხადებენ, სამშობლოში წასულებს საქართველოში უკან აღარ უშვებენ. 

    საქართველოს საზღვარზე ირანის მოქალაქეებისთვის შექმნილ პრობლემებს 3 დეკემბერს ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ბაჰრამ ქასემი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  მიუხედავად იმისა, რომ ირანის რამდენიმე მოქალაქეს საბუთები წესრიგში ჰქონდა, საქართველოს ხელისუფლებამ მათი დეპორტაცია მიანც მოახდინა.

    თეირანი თბილისთან ამ საკითხის გასარკევად მოლაპარაკებებს გამართავს. ირანული მედია, საქართველოში ირანის საელჩოზე დაყრდნობით, წერს, რომ ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებას ცდილობს და ითხოვს საიმიგრაციო კანონებისა და რეგულაციების განმარტებას.

    აღნიშნულ განცხადებებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ. ირანელი კოლეგებისგან განსხვავებით , სრუდლიად სხვა ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი ფლობს.

    "მონაცემებთან დაკავშირებით ჩვენ ცოტა განსხვავებული პოზიცია გვაქვს, განსხვავებული ინფორმაცია, ბუნებრივია იქნება კომუნიკაცია მათ საელჩოსთან თბილისში, იქნება გაზიარებული ჩვენი მხრიდან მათთვის ინფორმაცია და ბუნებრივია მათაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ გასცენ იმ კითხვებს პასუხი, რომელიც არსებობს" - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტისას. 

    თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 1 დეკემბერს უკან გააბრუნეს ირანელი მუსიკოსი აჰუ, რომელიც თბილისში გერმანიიდან ჩამოფრინდა და ღამის კლუბში „მტკვარზე“ კონცერტი უნდა ჰქონოდა. ამის შესახებ ფეისბუკის გვერდზე კლუბიც წერდა.

    აუცილებელია აღინიშნოს, რომ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველად არ გამოთქვამს უკმაყოფილებას თავისი მოქალაქეებისადმი უპატივცემულობის გამო. 16 აგვისტოს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო ნოტა გაუგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თბილისის აეროპორტში ჰიჯაბის უპატივცემულობის გამო და ირანში საქართველოს ელჩი ახსნა-განმარტებისთვისაც დაიბარეს. თუმცა მაშინ სკანდალი აღარ გამწვავებულა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს 12 513 პირს. მათგან უარის თქმის მაჩვენებლით პირველ ადგილზეა ირანი. საქართველოში ირანის 1 949 მოქალაქე არ შემოუშვეს. მარტივად რომ ვთქვათ, ყოველი 131 ადამიანიდან 1-ს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა. 2014 -2017 წლების სტატისტიკით, ირანი რიგით მეოთხე ქვეყანა იყო, საქართველოში შემოუშვებლობის სტატისტიკის თანახმად. ამ წლებში ირანის 2 665 მოქალაქეს ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე უარი, რაც საერთო უარების 10 %-ია.

    „რეზონანსთან“ ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ არ არის გამორიცხული, საქართველოს ხელისუფლება ირანის მოქალაქეებთან დაკავშირებით ამერიკის რეკომენდაციებს იზიარებდეს. მათი თქმით, ამერიკამ ირანს  ნოემბრის დასაწყისში უპრეცედენტო სანქციები დააკისრა, რამაც გავლენა არა მარტო საქართველოზე არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებზეც იმოქმედა. მათი თქმით, ირანის ძალიან ბევრ მოქალაქეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში უარი ქვეყანაში შესვლაზე სხვა ბევრ ევროპულმა  ქვეყნებმაც  უთხრეს და სატატისტიკურად გამონაკლისი მხოლოდ საქართველო არ არის.

    ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები 4 ნოემბერს შევიდა ძალაში, რომელიც ნავთობის სექტორს ეხება.  BBC-ის ინფორმაციით, ეს ყველაზე მკაცრი სანქციებია, რაც კი აქამდე აშშ-ს ირანის წინააღმდეგ გამოუყენებია.

    ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ირანის მოქალაქეებისთვის უარის თქმის მიზეზი ხშირად ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, კონტრდაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაცია სახელდება, რომელსაც სახელმწიფო საიდუმლოების სტატუსი გააჩნია. ასევე ნარკოტიკების შემოტანის საკითხი, სადაც ირანის მოქალაქეების დაკავება ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანა-გასაღების ფაქტებზე ხშირად ხდება.

    აღმოსავლეთ საკითხების ექსპერტი ვასილ პაპავა „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ საქართველოდან 200 მოქალაქის უკან გაგზავნა ირანისთვის პოლიტიკურად სილის გაწვნას ნიშნავს. მისი აზრით, არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს სწორედაც ამერიკის რეკომენდაციებს ითვალისწინებდეს და ეს სუფთა პოლიტიკური საკითხი იყოს. ამბობს, რომ  ამ ქვეყნიდან ტერორისტების შემოსვლა ნაკლებად სავარაუდოა. უფრო შეიძლება ეჭვი ირანის სპეცსამსახურების თანამშრომლებზე იყოს, თუმცა ესეც საეჭვოა, რადგანაც თუ ქვეყანაში ირანის სპეცსამსახურის 200 თანამშრომელი შემოდის,  ჩვენი საქმე მაშინ  „კარგად ყოფილა“.

    პაპავა ამბობს, რომ არ გვაქვს ისეთი მოქნილი საგარეო პოლიტიკა, რომლის განხოციელებსაცა სერიოზული მოკავშირის მხადაჭერის გარეშე შევძლებდით. ამიტომაც სულ უფრო მეტია იმის ეჭვი, რომ საქართველომ  ამ შემთხვევაში ამერიკის რეკომენდაცია გაითვალისწინა და ირანის მოქალაქეები  დემონსტრაციულად ქვეყნიდან გააძევა. თუმცა ანალიტიკოსი ამბობს, რომ ყველა ქვეყანას და მებაჟეს აქვს უფლება საკუტარი სურვილის მიხედვით ვინც უნდა შემოუშვას და ვინც უნდა არა.

    იგივეს ამბობს „რონდელის ფონდის“ მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი, რომ საქართველოს საბაჟოს თანამშრომელს სრული უფლება აქვს ქვეყანაში ვინც უნდა ის შემოუშვას და ამ გადაწყვეტილების შესახებ ახსნა-განმარტებაც არ მისცეს. მისი თქმით, საქართველოში ირანელების გარდა, ხშირია, როდესაც ქვეყანაში შსემოსვლაზე უარს ეთნიკურ ჩეჩნებს, ინდოეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც ეუბნებიან.

     „ძალიან რთული სათქმელია, რომ საქართველო ამერიკისგან კონკრეტულ დავალებებს იღებდეს, რათა ირანის მოქალაქეები ქვეყანაში არ შემოუშვას. თუმცა რეკომენდაციების გათვალისწინებაც გამორიცხული არ არის. ირანის მოქალაქეებს არა მარტო საქართველოში, არამედ ძალიან ბევრ ქვეყნებშიც ბოლო დროს აღარ უშვებენ. საქართველოს ხელისუფლებას სრული უფლება აქვს ქვეყანაში ვინც უნდა ის შემოუშვას და ამაზე ახსნა-განმარტებები არავის ჩააბაროს.

    "ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, რის გამოც მათ ქვეყანაში შემოსვლაზე უარს ეუბნებიან. დოკუმენტების წესრიგში არ ქონა, უბრალოდ არ უნდა მებაჟეს და არ უშვებს. ასევე, შეიძლება ჩვენი უსაფრთხოების სამსახურიდან იყოს გარკვეული მითითებები. ამიტომ ამისთვის არ მგონია, რომ ირანთან რაიმე დიდი სკანდალი მოხდეს. ალბათ ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო კონკრეტულ განმარტებებს ირანს მიაწვდის, თუმცა ამის ვალდებულებაც არა აქვს“, - აცხადებს ბატიაშვილი „რეზონანსთან“.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved