სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    06.12.2018

     უკვე გადაწყვეტილია, რომ 16 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში გაიმართება და პირველად ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალს წინამორბედი პრეზიდენტი დაესწრება. რას იზამს ოპოზიცია - რომელი პარტია დაესწრება და რომელი - არა, ეს ბოლომდე გარკვეული არ არის. ერთადერთი "პატრიოტთა ალიანსია", რომელიც მიწვევას ელოდება და როგორც ადა მარშანია აცხადებს, თუკი დაპატიჟებენ, დაესწრებიან.

    ასევე გარკვეულია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ამ არჩევნებსა და სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობას არ აღიარებს და 16 დეკემბერს, ინაუგურაციის პარალელურად, საპროტესტო აქციას რუსთაველზე გამართავს. შესაბამისად, პარტიის წევრები ინაუგურაციას არ დაესწრებიან, თუმცა ამ ცერემონიალისათვის ხელის შეშლასაც არ აპირებენ.

    "არაფერი პრობლემა არ გვაქვს, თუ უნდათ, ჩაატარონ თელავში, თბილისში, ზუგდიდში, კაციშვილი არ აპირებდა მათი ე.წ. ინაუგურაციის ჩაშლას. არ შეიძლება, როდესაც ქვეყანას არ ჰყავს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, ჩაატარო ინაუგურაცია, ამიტომ ეს შოუ სადაც უნდათ, იქ ჩაატარონ", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

    კიდევ ერთი საპარლამენტო პარტია "ევროპულ საქართველოში" დასწრება-არდასწრებაზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

    როგორც ხათუნა გოგორიშვილი ამბობს, მარგველაშვილის ინაუგურაციაზე მიწვეული იყვნენ და "ნაციონალური მოძრაობიდან" რამდენიმე დეპუტატიც ესწრებოდა ღონისძიებას, თუმცა ამჯერად ეს მეათეხარისხოვანი თემაა მისთვის და რას იზამს პარტია, პასუხი არ აქვს.

    "არ ვიცი, ჯერ არ გვიმსჯელია ამ თემაზე. ინაუგურაცია არის ახლა ყველაზე ნაკლები, რაც, მე მგონი, უნდა აინტერესებდეს პოლიტიკურ პარტიას. იმდენი სხვა პრობლემა და მნიშვნელოვანი საკითხია, ინაუგურაციაზე მსჯელობა არ მიმაჩნია სწორად", - ამბობს გოგორიშვილი.

    ესწრებოდა თუ არა თავად გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციას, გოგორიშვილის თქმით, არ ახსოვს.

    "მარგველაშვილის ინაუგურაციაზე მოწვეული ვიყავით. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენები იყვნენ, უბრალოდ, პირადად მე ვიყავი თუ არა, არ მახსოვს, მგონი, არ ვყოფილვარ. "ნაციონალური მოძრაობა" ნამდვილად იყო წარმომადგენლებით", - დასძენს გოგორიშვილი.

    რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ არანაირი დაპატიჟება არ მიუღიათ და რაც არ არის, იმაზე წინასწარ ვერ ილაპარაკებს.

    "ახალი მემარჯვენეების" წევრ მანანა ნაჭყებიას თქმით, როგორც წესი, ყველა წინა პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ოპოზიციას მოსაწვევები ეგზავნებოდა, საპარლამენტოსაც და პარლამენტს მიღმა დარჩენილებსაც, თუმცა, როგორც ახსოვს, არასაპარლამენტო ოპოზიცია სააკაშვილის არც პირველ და არც მეორე ინაუგურაციაზე არ ყოფილა, მარგველაშვილის ინაუგურაციას კი, მაგალითად, მისი პარტიიდან მამუკა კაციტაძე ესწრებოდა.

    "არ ვიცი, მიგვიწვევენ თუ არა. თუ მიწვევას მივიღებთ, შემდეგ პარტიაში გადავწყვეტთ, დავესწრებით თუ არა. სავარაუდოდ, დასწრებაში პრობლემა არ უნდა იყოს, ჩვენ პატივს ვცემთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ქართველი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას... თუმცა ხელისუფლებაში, "ნაცმოძრაობის" გარდა, სხვა პოლიტიკურ ძალას ოპოზიციად არ თვლიან და სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ ამ ინაუგურაციაზე არასაპარლამენტო ოპოზიცია მიიწვიონ, რაც ძალიან დიდი მინუსი იქნება", - ამბობს ნაჭყებია.

    ლეიბორისტების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა ამბობს, რომ, რა თქმა უნდა, ინაუგურაციაზე არ წავლენ.

    "ეს იყო ტოტალურად გაყალბებული არჩევნები, მოსყიდვით, ძალადობით, ყველა უღირსი ხერხის გამოყენებით მიღებული შედეგით, აქედან გამომდინარე, ჩვენ არაფერი არ გვესაქმება ინაუგურაციად წოდებულ იმ შოუზე, რისი მოწყობაც ხელისუფლებას სურს", - ამბობს გუგავა.

    მისი თქმით, როგორც ახსოვს, მარგველაშვილის დროს მოსაწვევი ჰქონდათ, მაგრამ იმ დღეს პარტიამ, თბილისში ინაუგურაციის პარალულურად, პარლამენტის შენობასთან აქცია გამართა.

    "ჩვენ არც ერთი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე არ ვყოფილვართ", - ამბობს გუგავა.

    ცნობისათვის, სალომე ზურაბიშვილმა უკვე დაადასტურა, რომ ინაუგურაცია თელავში გაიმართება.

    ზურაბიშვილის თქმით, ინაუგურაციაზე უცხოური დელეგაციები იქნებიან მიწვეული.

    "უცხოურ დელეგაციებთან მოსაწვევები დაიგზავნება. მოვიწვევთ ყველას, ვისთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს, შემდეგ მათი გადასაწყვეტია, ვინ დაესწრება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

    ამასთან, მისი თქმით, ინაუგურაციას დაესწრება მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

    ინაუგურაციის მოსამზადებლად სპეციალური კომისია უკვე შეიქმნა, რომელსაც კახი კახიშვილი უხელმძღვანელებს. გაეგზავნებათ თუ არა ოპოზიციურ პარტიებს ინაუგურაციაზე დასასწრები მოსაწვევები და რომელ პარტიებს მიიწვევენ, ამაზე მთავრობის ადმინისტრაციაში ჯერ პასუხი არ აქვთ. როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, სამშაბათს მხოლოდ სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა შედგა და დეტალებზე საუბარი არ ყოფილა.

    "ამაზე როგორ უნდა გიპასუხოთ. დღეს პირველად შეიკრიბა სამუშაო ჯგუფი, დღის ბოლოსათვის გამოიცემა განკარგულება და დამტკიცდება სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა. ყველა სხვა დეტალი ამის შემდეგ განიხილება", - ამბობს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენელი ბაია ცანავა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved