სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარიამ ხვედელიძე
    10.01.2019

     "საქართველოში არ არის გარდაცვლილთა გადაჭარბებული რაოდენობა. ეს არის მოსალოდნელი ჩვეული რაოდენობა გრიპის სეზონზე," - განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, მირიან ივანუშამ სეზონურ გრიპთან დაკავშირებით. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ხელმძღვანელის განცხადებით კი საქართველო ეპიდემიის ზღვარზე არ არის.

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული სტატისტიკით, საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 2 ადამიანი - 2017-2018 წლის სეზონზე, ყველაზე მეტი კი 2010-2011 წლის სეზონზე დაფიქსირდა, როცა დაღუპულთა რაოდენობამ 53 შეადგინა.

    „ძალიან ვწუხვართ თითოეული ადამიანის გარდაცვალების გამო, მაგრამ საქართველოში არ არის გარდაცვლილთა გადაჭარბებული რაოდენობა. ეს არის მოსალოდნელი ჩვეული რაოდენობა გრიპის სეზონზე. შეიძლება ითქვას, რომ ანალოგიური მდგომარეობაა მეზობელ ქვეყნებშიც", - აღნიშნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.

    გრიპის ვირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ემთხვევა პერიოდს, როცა გრიპის პანდემიამ პიკს მიაღწია. ბოლო 10 წლის განმავლობაში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში სულ 204 ადამიანი გარდაიცვალა.

    გარდაცვლების შემთხვევები წლების მიხედვით ასეთია:

    2009-2010 - 33;

    2010-2011 - 53;

    2011-2012 - 5;

    2012-2013 - 23;

    2013-2014 - 9;

    2014-2015 - 10;

    2015-2016 - 50;

    2016-2017 - 6;

    2017-2018 - 2;

    2018-2019 - 13.

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, გრიპის თავიდან აცილების საუკეთსო საშუალებაა ვაქცინაცია. გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებებს, შესაბამისად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საჭიროა ყოველწლიურად. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გრიპის სეზონი ჩვეულებრივ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში (ყოველი წლის მე-40 კვირიდან მომდევნო წლის მე-20 კვირამდე; უხშირესად - დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით) დგება, შესაბამისად ოქტომბერი არის საუკეთესო დრო გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის.

    გრიპის სეზონურ გავრცელებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს:

    • ყველა დაავადებულმა გამოიჩინოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომებისას, ექიმთან მიმართვამდე, მოახდინოს თვითიზოლაცია;

    • განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა;

    • ნებისმიერმა დაწესებულებამ მაქსიმალურად გააქტიუროს ხელების ჰიგიენის პროცედურები: სტანდრტულად ხელის დასუფთავება გამდინარე წყლითა და საპნით რეკომენდებულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, ტრანსპორტით სარგებლობის, ნებისმიერი ქმედების შემდეგ, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს თვალით უხილავ დაბინძურებას;

    • კონტატური გზით გრიპის ვირუსების შეკავების მიზნით მიზანშეწონილია სპირტისშემცველი ხელის დასამუშავებლებით აღიჭურვოს ისეთი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, სადაც მოსალოდნელია ინფიცირებულ/დაავადებულ პირთა კონცენტრაცია: აფთიაქები, პოლიკლინიკები, საავადმყოფოები, საბანკო მომსახურების ცენტრები, სატელეფონი კავშირგაბმულობისა და სხვა მომსახურების ოფისები. ხელის დასამუშავებლები უნდა განლაგდეს მოქალაქეთათვის ხელმისწვდომ და თვალსაჩინო ადგილას.

    • გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს! იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა - სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში - ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა - სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა!

    • გრიპისმაგვარი დაავადებების სიმპტომების მქონე პაციენტებს სეზონურ გრიპზე ლაბორატორიული კვლევები დამატებითი დიგნოსტირებისთვის, გრიპის ვირუსის ტიპების ან ქვეტიპების იდენტიფიცირებისათვის და მკურნალობის ტაქტიკის განსასაზღვრად არ ესაჭიროებათ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved