სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    10.01.2019

     „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დუმილს არღვევს და პარტიაში დაწყებულ დაპირისპირებას  კრიტიკული "ეპისტოლეთი" პასუხობს. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კარგად ჩანს, დაპირისპირებულ მხარეებს შორის ივანიშვილი ვის მხარეს დგას. წერილიდან ირკვევა, რომ პარტიის თავმჯდომარე ეკა ბესელიათი უკმაყოფილოა. თუმცა ანალიტიკოსების და დეპუტატების ნაწილმა მისი განცხადების შინაარსი სრულიად სხვაგვარად აღიქვა და ფიქრობენ, რომ ივანიშვილის ბესელიას მიმართ კრიტიკა კობახიძის მხადაჭერას არ ნიშნავს. ამიტომაც საზოგადოების ნაწილი ვერ ჩამოყალიბდა ივანიშვილი, ვის ლობირებს. 

    „ეკა ბესელია წავიდა გუნდის და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ,“- ამის შესახებ  ივანიშვილი მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.  

    ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, სწორედ ამის გამო დღის წესრიგიდან მოიხსნა მისი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის საკითხი. 

    "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან  ბესელიას გადადგომის გადაწყვეტილება ზაფხულში იყო მიღებული. 

    „მსურს საზოგადოებას დავუდასტურო, რომ გადაწყვეტილება ეკა ბესელიას აღნიშნული თანამდებობიდან გადადგომისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გადანაცვლების თაობაზე ჯერ კიდევ ზაფხულში იქნა მიღებული.

    "აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდებოდა იმ სირთულეებს, რომლებმაც მმართველ გუნდში 2017 წელს იჩინა თავი და რომლებიც პოლიტიკაში ჩემი დაბრუნების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დავასახელე - ეს იყო გუნდურობის დეფიციტი.

    "ამ კონტექსტში, სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში, სრულიად სხვა საფუძვლით მიღებული გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა. კიდევ უფრო გაუგებარია ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მან თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მიიღო - რამდენიმე დღის განმავლობაში პარლამენტის ბიუროსთვის განცხადების არწარდგენით, აგრეთვე პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევის გზით გედევან ფოფხაძის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევით, იგი წავიდა გუნდის და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ.

    "გუნდის მიმართ ამგვარი დამოკიდებულების გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია, რომ დღის წესრიგიდან მოიხსნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ეკა ბესელიას არჩევის საკითხი.

    "შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხის განხილვა ჯერ არც კი განახლებულა. ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული პოზიციები მოსამართლეების არჩევის პროცედურასთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებითაც კი. ამ საკითხების განხილვას დაეთმობა ერთი თვე, რომელიც პარლამენტის საგაზაფხულო სესიამდეა დარჩენილი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ამაზე ხანგრძლივი დროც. გადაწყვეტილებები მიიღება ფართო მსჯელობის საფუძველზე, რომელშიც სხვადასხვა დაინტერესებული მხარე იქნება ჩართული.

    "აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ საკუთარი თავი ამ საკითხით დაინტერესებულ ერთადერთ მხარედ წარმოაჩინონ, დაელოდონ საკითხის განხილვას და თავი შეიკავონ იმგვარი განცხადებებისგან, რომლებიც აზიანებს როგორც გუნდის, ისე მოსამართლეთა არჩევის პროცესის ჯანსაღ გარემოში წარმართვის ინტერესებს.

    "დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, რომელიც 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია და რომელსაც პირადად მე განსაკუთრებულად ვუფრთხილდები,“ - აღნიშნულია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

    ბიძინა ივანიშვილის განცხადებას კი ეკა ბესელია ეხმაურება და ამბობს, რომ ის ყველაფრის შესახებ ორშაბათს  ისაუბრებს და რიგ საკითხებს ნათელს მოჰფენს. ბესელიას თქმით, სამწუხაროა, რომ მოსამართლეთა არჩევის კრიტერიუმებზე შეთანხმება ვერ ხდება. 

    “ძალიან სიმბოლურია, ახლა ევროსასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ევროსაბჭოს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ვიმყოფები. აქ  სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევაზე უნდა ვიმსჯელოთ და საქართველოში ვერ ვთანხმდებით, რომ უნდა არსებობდეს გამართული სტანდარტები და კრიტერიუმები. რაც შეეხება ამ განცხადებას, რაც გავრცელდა პარტიის თავმჯდომარის სახელით, ორშაბათს ვისაუბრებ და ნათელს მოვფენ ყველაფერს!!! მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება სიმართლეს გაიგებს და დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლის სიმართლეშიც დარწმუნდება“, - განაცხადა ბესელიამ. 

    იურისტი და  ანალიტიკოსი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ივანიშვილის განცხადების შემდეგ, მეტ-ნაკლებად სურათი გამოიკვეთა და რეალურად რა ხდება ნათელი მოეფინა. მისი აზრით, მოზაიკა გარკვეული სახით აღსდგა. მუხაშავრიას აზრით, იმის ილუზია არავის ჰქონდა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შეთანხმება მასთან არ მოხდა. მეორეს მხრივ იუსტი აცხადებს, რომ მას არ სჯეროდა ეკა ბესელიას გადადგომის რეალური მიზეზის და ის ივანიშვილს ეთანხმება იმაში, რომ ის უბრალოდ პარტიის თავმჯდომარემ დასაჯა და მისი კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხი უფრო ადრე იდგა. 

    „ეკა ბესელია სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანის მანტიას ვერ მოირგებს, რადგანაც მას ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა, რომ კანონში ცვლილებების მიხედვით უზრუნველყო, რათა იუსტიციის საბჭო ასეთი სიით არ წარმდგარიყო. ამ შემთხვევაში ივანიშვილმა ყველას თავისი ადგილი მიუჩინა და აჩვენა, რომ აპირებს საკონტროლო სასამართლო ხელისუფლების შექმნას. 

    თუ ეს 10 მოსამართლე უზენაეს სასამართლოს ეყოლება, ვიცით, რომ ყველა სასამართლო გადაწყვეტილება იქ უნდა მივიდეს. ამიტომაც მათი მეშვეობით მთელს სასამართლოს განკარგვას შეძლებს. მით უფრო თუ გავიხსენებთ, რომ „თი-ბი-სი“ ბანკის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ბიძინა ივანიშვილმა განცხადებით ცხადყო, რომ მას ძალიან მარტივი სქემა აქვს. უბრალოდ  მედიის აქტიურობის და საზოგადოების ყურადღების გამო იძულებული გახდა, რომ ასპარეზზე გამოსულიყო“, - აცხადებს მუხაშავრია „რეზონანსთან“. 

    მისივე თქმით, ყველაზე შემაშფოთებელი ამ ამბავში ის  არის, რომ ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულების აღსრულებას ვერ შევძლებთ და თუ სიტუაცია ასე წარიმართა, კარგის არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს. იურისტი ამბობს, ასევე გუნდში საკმაოდ დაპირისპირებაა და ჩინჩალაძე-მურუსიძე „ოცნებაში“ ახლა არავის აღმოუჩენია. მისი აზრით, ალბათ ეს დაპირისპირების უბრალოდ ერთ-ერთი მიზეზია, რამაც თავი ვეღარ დამალა. 

    „გუნდური თამაში ამ ადამიანებს როგორ ესმით, ცოტა გაუგებარია. ეს კლანურ ინტერესებს უფრო ჰგავს ვიდრე რაიმე გუნდურ თამაშს. არ არის გამორიცხული, რომ ბესელიას პირადი ამბიციები უფრო წინ წავიდა და მისი დამუხრუჭება, მოთოკვა გახდა საჭირო. ასევე არ არის გამორიცხული, რომ თავად კობახიძესაც ამ მეტისმეტად ამბიციური პარლამენტის წევრების მიმართ წინააღმდეგობა გაუჩნდა. 

    ივანიშვილი ისევ თავის ადგილას არის და სიტუაციას აკონტროლებს. მან უბრალოდ ამ ხნის განმავლობაში ყველას მისცა საშუალება, რომ თვითლუსტრაცია მოეხდინათ და ახლა ამით კარგად ისარგებლებს. ყველას თავის ადგილს მიუჩენს. თავის საქმეს ისე გააკეთებს, როგორც ამას საჭიროდ მიიჩნევს“, - აცხადებს მუხაშავრია „რეზონანსთან“. 

    იურისტის აზრით, ახლა უკვე ნათელი ხდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ  ნინო გვენეტაძემ რატომ დატოვა თანამდებობა - ეს ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება იყო და გვენეტაძე უბრალოდ აიძულეს, რომ სახლში წასულიყო. ივანიშვილს ახლა სასწრაფოდ სასამართლოს სრული მართვა სჭირდება. ამ მოსამართლეების დანიშვნით მას ამის საშუალება ექნება. ასეთი სასამართლოს პირობებში კი ყველანაირ არჩევნებს აზრი ეკარგება. 

    ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ეკა ბესელიას კრიტიკა კობახიძის მხადაჭერას არ ნიშნავს. ლაგაზიძე ამბობს, რომ ბესელიას მიმართ ივანიშვილის გულისწყრომის მთავარი მიზეზი  ის გახდა, რომ ის გუნდის დაშლის პროცესების ინსპირატორი აღმოჩნდა. ბესელიას ქმედებებმა აჩვენა, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება გუნდის შენარჩუნების მიზნით უშედეგო აღმოჩნდა. ამიტომაც ბესელია მისი გულისწყრომის მთავარი ობიექტი გახდა. 

    „მთავარი დარტყმა ბესელიაზე იმიტომ მოხდა, რომ მან ამ ნაბიჯით გუნდის რღვევას ხელი შეუწყო. ივანიშვილი მასზე განრისხებული ამიტომაც არის. გამოდის, რომ მისი მიზეზით, ივანიშვილის მთავრი გეგმა, რის გამოც  პოლიტიკაში დაბრუნდა, ფაქტობრივად ჩავარდა. რაც შეეხება მოსამართლეების თემას, აქ ორი რამ არის ხაზგასასმელი. 

    განცხადებაში ჩანს, რომ ივანიშვილს იუსტიციის საბჭოს მიმართ სიმპატია აქვს და  არანაირი აგრესია არ გააჩნია. მას სიის მიმართ, რა ფორმითაც შემოვიდა  პროტესტი არ აქვს. მე არ ვფიქრობ, რომ ეს განცხადება 10-კაციანი მოსამართლეების სიის გასაყვანად მწვანე შუქია. ამ განცხადებაში ასევე ასახულია, რომ ის ამ სიის მოხმრე არ არის. ივანიშვილი ამბობს, რომ ამ სიის განხილვა ფართო საზოგადოების განხილვის საგანი უნდა გახდეს და სხვადასხვა ინტერეს ჯგუფების ჩართვა  მოხდეს. მე ეს ნათქვამი ასე წაივიკითხე, რომ ის ამ სიას არ დაალობირებს. მგონია, რომ სია ამ შემადგენლობით არ გავა“, - აცხადებს ლაგაზიძე „რეზონანსთან“. 

    მისივე თქმით, ამ განცხადების შემდეგ მოსალოდნელია, რომ უმრავლესობას  რამდენიმე დეპუტატი დატოვებს და ის დაიშლება. უკვე სადღაც 8-მდე დეპუტატმა უმრავლესობაში ყოფნა მოსამართლეების თემას დაუკავშირა. ამიტომაც ვარაუდობს, რომ თუ სიის ლობირება მაინც მოხდა, ასეთ შემთხვევაში დეპუტატების ნაწილი  უმრავლესობიდან გავა. ხოლო თუ  არ გავა, ამ გუნდის შენარჩუნება არჩევნებამდე მაინც შეუძლებელი იქნება.  წარმოუდგენელია, რომ ასეთი დაპირისპირებული დეპუტატები სიაში ერთად ვიხილოთ,  ამას არც ივანიშვილი დაუშვებს.  

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved