სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.02.2019

     „ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის კანონპროექტი სასამართლო სისტემის გაუმჯოებესებას რამდენად ემსახურება. თუკი ეს ან ნებისმიერი სხვა წინადადება ამ უკანასკნელის გაუმჯობესებისკენაა მიმართული, რა თქმა უნდა, მსჯელობისა და განხილვის შემდეგ, ამ იდეას მხარს დავუჭერთ. მმართველი გუნდის მთავარი ამოცანა უკეთესი სასამართლო სისტემის შექმნაა", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

    „ეს ინიციატივა, კონსტიტუციასთან და სხვა საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობაში უნდა იყოს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გამჭვირვალე გახდეს, ბევრ ადამიანს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენის საშუალება ჰქონდეს და შემდგომი პროცესებიც, საქართველოს პარლამენტში, გამჭვირვალედ წარიმართოს. ეს უკეთესი სასამართლო სისტემის ერთი მაგალითია. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია", - განუცხადა ოხანაშვილმა „რეზონანსს".

    ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების წამოწყების თაობაზე, მოსამართლეთა უვადოდ განმწესების შეჩერების შესახებ, კომენტარი, კანონპროექტის ერთ-ერთმა ხელმომწერმა, დავით ჭიჭინაძემაც გააკეთა: „თუ პარლამენტი ამ ინიციატივას არ მიიღებს, უპრიანი იქნება, თუ პროცესები პარლამენტს გარეთ გადაინაცვლებს."

    ჭიჭინაძის თქმით, ამ ქვეყანაში მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც მმართველი გუნდის ინიციატვიას მხარს არ უჭერენ. ამის შესახებ, მან „რეზონანსთან" საუბრისას, აღნიშნა.

    „ალბათ, პროტესტის სხვა ფორმას უნდა მივმართოთ. მთელი საქართველო პარლამენტს გარეთაა და რეაქცია, რომელიც საზოგადოებას ექნება, შევეცდებით, ისე გამოვიყენოთ, რომ ამ ყველაფერმა პარლამენტის გადაწყვეტილეზე ზემოქმედება მოახდინოს.

    „ჩვენ ვხვდებით, უამრავ ადამიანს: ადვოკატთა ასოციაციის, სამეცნიერო წრეების და ა.შ. წარმომადგენლებს და მათი უვადო განმწესების მხარდამჭერი, თავად მოსამართლეების ვიწრო წრის გარდა, ვერსად ვერ ვნახეთ; თუ პარლამენტი დანარჩენი საზოგადოების მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ის ხალხის ინტერესს აცდენილი იქნება; ხოლო, როდესაც იგი ხალხს არ ემსახურება, ამისთვის ადეკვატური პასუხები არსებობს", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

    მისივე თქმით. ჯერჯერობით, პარლამენტში ისეთი განწყობა არ არის, რაც ზემოაღნიშნული ინიციატივის არგათვალისწინებას მოასწავებს.

    ცნობისათვის, 9 დეპუტატმა პარლამენტში განსახილველად კანონპროექტი შეიტანა, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, საერთო სასამართლოების პირველსა და მეორე ინსტანციებში, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას 2025 წლამდე შეაჩერებს.

     

    მარიამ ბოლქვაძე

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved