სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    11.02.2019

     „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ეკა ბესელიას მისმა თანაგუნდელმა ვანო ზარდიაშვილმა კონსტიტუციის ცოდნა დაუწუნა და განაცხადა, რომ მსგავს ინიციატივას მეორე კურსელი იურდიული ფალკულტეტის სტუდენტიც კი ხელს არ მოაწერს.

    მიუხედავად დაპირისპირებისა ბიურომ ბესელიას ინიციატივა დაარეგისტრირა. ბესელიას თქმით, ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას არ ითხოვს, თუმცა თხოვნა აქვს, პროექტზე მსჯელობა მაქსიმალური ვადების გამოყენების გარეშე მოხდეს. ინიციატივის მიხედვით, იუსტიციის საბჭომ 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეაჩეროს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება და ისინი გამოსაცდელი ვადით დანიშნოს.

    ინიციატორთა პოზიციაა, რომ უნდა ჩატარდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა და ამის შედეგად სასამართლო სისტემაში უნდა დაინიშნონ ახალი მოსამართლეები. საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორები არიან „ქართული ოცნების" უმრავლესობის დეპუტატები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, კობა ნარჩემაშვილი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე და უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ამ დროისთვის, უვადოდ უკვე 100 მოსამართლე გაამწესა.

    პარლამენტის თავმჯდომარის განწყობა ამ ინიციატივის მიმართ უკვე ცნობილია და ამბობს, რომ მას ამ ცვლილებისთვის მხარდაჭერა სხვადასხვა მიზეზების გამო გაუჭირდება. კობახიძის აზრით, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერება სასამართლოს პარალიზებას და მუშაობის შეფერხებას გამოიწვევს.

    „ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც იკვეთება მართლმსაჯულებაში, მდგომარეობს იმაში, რომ საქმეების განხილვას სჭირდება დიდი დრო, რადგან მოსამართლეთა რაოდენობა არის საკმაოდ მცირე. ვნახოთ, რას გამოიწვევს ეს კანონპროექტი მისი მიღების შემთხვევაში, თუ იმდენად შემცირდება მოსამართლეთა რაოდენობა, რომ საერთოდ შეუძლებელი გახდება სასამართლოს ფუნქციონირება, ამ შემთხვევაში, რთული იქნება მისი მხარდაჭერა" - განაცხადა კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას ყველაფრის განხილვის შემდეგ, კოლეგებთან ერთად მიიღებენ.

    შეკითხვას, ვის მხარესაა ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ თვითონ გუნდის ლიდერის მხარეს არის, დანარჩენს კი ადრესატები იტყვიან.

    „გუნდის დაშლის საფრთხე არ არსებობს. თუ ვინმე კონკრეტული ერთი, ორი, სამი დეპუტატი სუბიექტური ინტერესებით იმოქმედებს, ამ შემთხვევაში, შეიძლება, კონკრეტულ დეპუტატებთან დაკავშირებით წარმოიშვას გარკვეული საკითხები", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, მმართველი გუნდის შესაძლო დაშლასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

    როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გუნდი არის ერთიანი.

    „კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თუ ყველა გადადებს სუბიექტურ ინტერესებს, ამ შემთხვევაში ყველა იქნება ერთიანი გუნდის წევრი. გუნდის ერთიანობას, ზოგადად, საფრთხე არ ემუქრება. თუ ვინმე კონკრეტული ერთი, ორი, სამი დეპუტატი სუბიექტური ინტერესებით იმოქმედებს, ამ შემთხვევაში, შეიძლება, კონკრეტულ დეპუტატებთან დაკავშირებით წარმოიშვას გარკვეული საკითხები, მაგრამ რაც შეეხება გუნდის ერთიანობას, ამას არანაირი საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა კობახიძემ.

    ამასთან, კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა ახალ პარტიას ან ფრაქციას ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით, კობახიძე ამბობს, რომ ამაზე ვერაფერს იტყვის.

    არცერთი თავმოყვარე იურისტი ხელს არ მოაწერს ამ ინიციატივას - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი თანაგუნდელის საკანონმდებლო ინიციატივას, რომ მოსამართლეთა უვადოდ გამწესება ხუთი წლით შეჩერდეს.

    ზარდიაშვილმა ეკა ბესელია პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობაში დაადანაშაულა, მას კი ბესელიას გუნდი მოსამართლეების კლანის მთავარ ლობისტად ასახელებს.

    "რაც შეეხება მაგ ინიციატივას - პირდაპირ გეუბნებით, არც ერთი მეორე კლასელი იურისტი ან პირველკურსელი, ამ ინიციატივას ხელს არ მოაწერდა, იმდენად გასულია ეს ინიციატივა სამართლებრივი ჩარჩოებიდან, კონსტიტუციის შინაარსიდან და მიღებული კანონის აქტებიდან.

    აქედან გამომდინარე, ეს აქტი, ინიციატივა თუ პოლიტიკური წინადადება უფროა, არც ერთი თავმოყვარე იურისტი ხელს არ მოაწერს ერთი მარტივი მიზეზის გამო - ეს არის არაკონსტიტუციური"- განაცხადა ზარდიაშვილმა.

    ზარდიაშვილის ამ რეპლიკას ეკა ბესელიამ ასე უპასუხა:

    „ვინც კლასებსა და კურსებზე საუბრობს და აფასებს, ვინ რომელ კურსზე უნდა იყოს ან ვინ რომელ კლასშია და რანგებს აანალიზებს, თვითონ უნდა იყოს რომელიმე კლასში. როცა არცერთ კლასში არაა და არცერთ კურსზე არა არის თავისი რანგით თუ კვალიფიკაციით, როგორც იურისტი, მათ ნაკლებად შეუძლიათ შეაფასონ ასეთი პროექტები". - აცხადებს ბესელია.

    ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები მიიჩნევენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მისი ლობისტები პარლამენტში ძალიან ააღელვა მისმა საკანონმდებლო ინიციატივამ.

    „დღეს მოვისმინე განცხადება, ერთ-ერთი მოსამართლე ამბობდა, რომ იუსტიციის საბჭომ უნდა დანიშნოს საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში. იუსტიციის საბჭოს უშტატოდ ისედაც ჰყავს ძალინ ბევრი წარმომადგენელი პარლამენტში და ჰყავს ლობისტები,რომლებიც სასამართლოზე პირველ პირში ლაპარაკობენ ხოლმე", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

    კობახიძისგან და ზარდიაშვილისგან განსხვავებით კი ოპოზიცია და მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რათა სასამართლო სისტემაში არსებული კლანური მმართელობა დასრულდეს.

    რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, „ოცნებიდან" გარიცხული დეპუტატი დავით ჭიჭნაძე ამბობს, რომ ის მათ ინიციატივას მხარს უჭერს.

    ცვლილების ინიციატორებმა, ეკა ბესელიამ და მისმა თანამოაზრეებმა მწვავე კრიტიკა დაიმსახურეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან.

    საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ ცვლილების ინიციატორი დეპუტატები სასამართლოში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა.

    იურისტი ლევან ალაფიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში გასატარებელი რეფორმების ხედვა უფრო გრძელვადიანი უნდა იყოს. მისი აზრით, ცაკლეული ნაწილებზე მსჯელობა არ უნდა მოხდეს, რადგანაც სასმართლო სისტემაში მიმდინარე პრობლემების მიმართ მეტი სერიოზულობა გვმართებს. იურისტი ფიქრობს, რომ სასამართლოში პოლიტიკური გადაწყვეტილებების დასაცავად საზოგადოების მაქსიმალურად ჩართულობა უნდა მოხდეს.

    "კობახიძის განცხადება, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნამ შესაძლოა სასამართლოს მუშაობა შეაფერხოს უსუსური არგუმენტია. ჩვენ შეგვიძლია კონტრკითხვა დავუსვათ, დღემდე რამდენი მოსამართლეა უვადოდ გამწესებული და რა უშლიდათ ხელს იმაში, რომ საქმეების განხილვა დაეწყოთ. საკმაოდ დრო იყო იმისთვის, რომ მოსამართლეთა კორპუსი არამარტო გაზრდილიყო, არამედ მათი სამართლებლივი დაცვის გარანტიები უფრო მყარი ყოფილიყო. ეს რომ გაეკეთებინათ, მერწმუნეთ, რომ ეს კლანი ამდენი ხანი სასამართლო სისტემაში ვერ გაძლებდა",- აცხადებს ლევან ალაფიშვილი „რეზონანსთან".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×