სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    14.03.2019

     ოკუპირებულ გალის რაიონში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი თბილისიდან სენაკში გადაასვენეს. გარდაცვლილი სენაკის ყოფილი პროფსასწავლებლის შენობაში დაასვენეს, სადაც ირაკლი კვარაცხელია ცხოვრობდა გალის რაიონის სოფელ აჩიგვარიდან დევნილობის შემდეგ. 

    ცხედრის ექსპერტიზა თბილისში სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გამთენიისას დასრულდა. საბოლოო დასკვნამდე უნდა ჩატარდეს ცხედრიდან აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევაც.

    რა მოხდა გალში და რამდენად გაყვება ქართული მხარე იმ ინფორმაციას, რომ ის შესაძლოა ცემის შედეგად გარდაიცვალა. ცენტრ „ემპათიის“ დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი კვარაცხელიას ექსპერტიზაში აქტიურად არის ჩართული. 

    მისი თქმით, კვარაცხელიას გვამის ექსპერტიზის წინასწარი მონაცემებით, მას ყელის მიდამოში აღენიშნება სტრანგულაციური ღარი, ასევე რამდენიმე სისხლნაჟღენთი, კიდევ სხვა, შეიძლება ძველი დროის, დაზიანებები. ჯიშკარიანი ამბობს, რომ აღებულია დამატებით ქსოვილოვანი მასალა კვლევებისთვის და შემდგომში უკვე „ემპათია“ ვარაუდობს კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზის ჩატარებას სხვადასხვა სპეციალობის ექსპერტების მონაწილეობით.

    „რაც, ვფიქრობთ, რომ  მიგვიყვანს სწორ დასკვნამდე. ექსპერტიზისთვის მასალა აღებულია ყველა შესაძლო დაზიანებული უბნიდან და ასევე ორგანოებიდან. "ჩვენი მონაცემებით ეს ადამიანი იქნა ნაცემი და ნაწამები და გვაქვს დიდი ეჭვი რომ ეს ადამიანი იქნა მოკლული, პრაქტიკულად ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როგორც ტატუნაშვილის შემთხვევა. ხელისუფლება არ წევს ამ საკითხს წინა პლანზე რომ საერთაშორისო ორგანზიაციებისთვის, მათ შორის დონორი ორგანიზაციებისთვის, ეს იყოს პრიორიტეტული,"-აცხადებს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ”ემპათიას” დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი.

    მისი თქმით, ჯერჯერობით არ არის გადმოცემული სოხუმის ექსპერტიზის დასკვნა და სხვა რაიმე სახის დოკუმენტაცია. რაც არ უნდა მომხდარიყო, ჯიშკარიანი ამბობს, რომ კვარაცხელიას თვითმკვლელობამდე მიყავნის ფაქტზე მაინც რუსეთია პასუხისმგებელი, რადგანაც ის სწორედ რუსულ სამხედრო ბაზაზე გარდაიცვალა. 

    ვინ იყო ირაკლი კვარაცხელია და რა ვითარბაში მოხდა მისი დაკავება. როგორც „რეზონანსს“ გარდაცვლილის ახლობლები უყვებიან, კვარაცხელია წლების წინ, ბებიასთან ერთად ცხოვრობდა სენაკში, მშვიდობის ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში.  კვარაცხელიას ბებია რამდენიმე  წლის წინ გარდაიცვალა. ამის შემდეგ კი ის მეზობლებს სენაკში აღარ უნახავთ.  გარდაცვლილი ცოლთან გაცილებული იყო და 8 წლის ბიჭი ჰყავს. ნათესავებს აფხაზური მხარის მტკიცების არ სჯერა, რომ მან თავი მოიკლა, რადგანაც ის ბოლო დროს მონასტერში ცხოვრობდა და მორწმუნე იყო. მათთვის უცნობია რატომ და რისთვის გადადიოდა ის ენგურზე. მათი თქმით, სოფელ აჩიგვარში მდებარე კვარაცხელიას მშობლების სახლი დამწვარია და ის იქ ცხოვრებას ვერ შეძლებდა. 

    შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი  სახელმწიფო მინისტრი  და ექსპერტი  კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლების  მიერ გავრცელებული ინფორმაცია დამაჯერებელი არ არის, რადგანაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის ცემის დროს შემოაკვდათ.  მისი აზრით, ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილს აქვს აშკარად პოლიტიკური ხასიათი  და  ის გაყინული სამშვიდობო პროცესის ნაწილია. 

    დავითაია ამბობს, რომ მესამე ძალები ყოველთვის დაინტერესებულნი  არიან, რათა კონფლიქტი არ მოგვარდეს, არ დარეგულირდეს.  ყოველთვის ცდილობენ რაღაც მოაწყონ.  გააკეთონ ნებისმიერი რამ, რასაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ვითარებაზე.  ამიტომაც ყოფილი მინისტრი ფიქრობს, რომ კვარაცხელია მოკლულიც რომ არ იყოს, ამას მაინც პოლიტიკური კონტექსტი აქვს და არსებული სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. 

    „ძნელად წარმოსადგენია, რომ ის აფხაზეთის ტერიტორიაზე თვითმკვლელობისთვის გადასულიყო. ეჭვი მაქვს, რომ აქ მაინც პოლიტიკური ამბავია, როგორც ეს ტატუნაშვილის და ოთხოზორიას მკვლელობის დროს იყო. აქ პოლიტიკოსებს აქვთ არჩევანი კიდევ უფრო გაართულონ ოთხოზორიას, ტატუნაშვილისა და კვარაცხელიასნაირების ბედი თუ პირიქით შეეცადონ ეს საკითხი აქციონ შემდეგი ურთიერთობების საშუალებად. 

    გალის შეხვედრები რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე უფრო სწრაფი რეაგირება იქნებოდა, მისი დაკავების შესახებ ოპერატიულად გავრცელდებოდა ინფორმაცია და თავიდან ავიცილებდით ამ უბედურებას. ადამიანი  ჰყავდათ დაკავებული და კაცმა არ იცის სცემდნენ თუ აწამებდნენ. ხელისუფლებამ ვერაფერი გაიგო სანამ არ მოკვდა და მის გადასარჩენად ვერაფერი ვიღონეთ“, - აცხადებს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“. 

    ინფორმაცია ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ, პირველად 12 მარტს, ღამით გავრცელდა. ოკუპირებული აფხაზეთიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა.

    13 მარტს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ირაკლი კვარაცხელია „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“ დააკავეს და შესაბამისი დოკუმენტების გასაფორმებლად გადაიყვანეს აფხაზეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს შენობაში, სადაც მან თავი ჩამოიხრჩო.

    ე.წ. უშიშროების სამსახურის განცხადებითვე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიურომ დაადასტურა ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილის არაძალადობრივი ხასიათი. ცხედარი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე 13 მარტს, საღამოს გადმოასვენეს.   

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved