სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ყველანაირად ეცადნენ, რომ აქიდან წავსულიყავით და ჩვენი ღვაწლი გაექარწყლებინათ"
    ეკატერინე ბასილაია
    14.03.2019

     „ბრძოლის გარდა არაფერი გვიკეთებია უკრაინისთვის, მაგრამ ეს მასობრივი ისტერია ქართველების წინააღმდეგ, რაც 2018 წელს აგორდა, ძალიან კარგად აიტაცეს, ყველანაირად ეცადნენ, რომ აქიდან წავსულიყავით და ის ღვაწლი, რაც ჩადებული გვაქვს, გაექარწყლებინათ. განუკითხაობაა და ეს მორალურად რთული გადასატანია. ამის გამო ბევრმა დატოვა აქაურობა, ახლა დარჩენილები ვართ დაახლოებით 50 კაცამდე,"- აცხადებს უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების ჯგუფის, „ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი.

    „რეზონანსი": უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 კვირა დარჩა. გენშტაბის უფროსმა ვიქტორ მუჟენკომ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში სამი მიმართულებიდან შეჭრისთვის ემზადება და ამისათვის უკრაინის საზღვრებთან დამრტყმელი შენაერთების განლაგებაც დაასრულა. რა ხდება დონბასში და არის მოლოდინი, რომ ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყოს?

    მამუკა მამულაშვილი: მთლიანობაში ახლა დიდი აქტივობა არ არის საბრძოლო მოქმედებებში, თუმცა ეს ინფორმაცია დადასტურებულია უკვე დასავლეთიდანაც. უკრაინის საზღვრებთან რამდენიმე მიმართულებით ტექნიკის და მძიმე შეიარაღების კონცენტრაცია ხდება და ეს რა თქმა უნდა, რაღაცის მაჩვენებელია. უკრაინის საზღვარზე 58-ე არმიის ნაწილებია მობილიზებული, იმ არმიის, რომელიც 2008 წელს საქართველოში იყო შემოსული. ამდენად გამორიცხულია არაფერია. აქ საუბრობენ, რომ რუსეთი ფართომასშტაბიანი ომისთვის ემზადება.

    „რ": ქვედანაყოფი „ქართული ლეგიონი" - ამ სახელწოდებით მოხალისეების ჯგუფი ახლაც არსებობს და რას აკეთებს დღეს?

    მ.მ: მოხალისეთა ჯგუფი არის, მაგრამ სამწუხაროდ რამდენიმე თვეა გამოთიშულები ვართ ფრონტის ხაზს. უბრალოდ, ფრონტის ხაზზე არიან ჩვენი უკრაინელი მეგობრები და მთელი ინფორმაცია მათგან გვაქვს.

    სამწუხაროდ, მოხალისეთა ყველა ბატალიონი, არა მარტო „ქართული ლეგიონი", არამედ უკრაინული მოხალისეთა ბატალიონებიც გამოყვანილია ფრონტის ხაზიდან. დისკრედიტაცია მოხდა აბსოლუტურად ყველასი. ჩვენ, ალბათ, ერთ-ერთი ბოლო ვიყავით, ვისი დისკრედიტაციაც მოახდინეს. დღეს მოხალისეთა მოძრაობა აღარ არსებობს. ყველა მოხალისეთა ბატალიონი, რომელიც გადაფორმატდა და გახდა ოფიციალური არმიის წარმომადგენელი, გამოიყვანეს ფრონტის ხაზიდან. ამ ბატალიონებმა უზრუნველყვეს უკრაინის დაცვა ომის პირველივე დღეებიდან, დღეს კი თითქმის ყველა დისკრედიტირებულია. ზოგი მებრძოლი ციხეში სუფთა პოლიტიკური თვალსაზრისით ჩასვეს, იმიტომ რომ უკონტროლო ძალად თვლიდნენ. ძალიან ბევრ გულანთებულ ადამიანს ასე მოექცნენ.

    ახლა არსებობს ოფიციალური გენერალური შტაბი, არსებობს არმიის დანაყოფები. სამწუხაროდ ისინი არ არიან მომზადებულები. მართალია, მიდის იმის პროპაგანდა, რომ უკრაინის არმია ნებისმიერი გამოწვევისთვის მზადაა, მაგრამ, ჩემი აზრით ასე არ არის. 4 წელიწადზე მეტი ვიყავი უკრაინულ არმიაში და ვიცი რეალური შესაძლებლობები და მომზადების დონე. ფართომასშტაბიანი ომი რომ დაიწყოს, რეგულარი არმია ვერ შეძლებს გაუმკლავდეს რუსეთის ამხელა საომარ მანქანას. ეს ყველაფერი სუფთა პოლიტიკური მიზნების გამო ხდება. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საარჩევნო კამპანიაში სწორედ იმით აპელირებს, რომ ამ დროის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო არმია შექმნა. რეალურად კი საქმე ცოტა უფრო რთულად არის არმიასთან და იმ კორუფციასთან დაკავშირებით, რაც არმიაში ხდება.

    „რ": „ქართული ლეგიონის" წევრებს ხომ არ ემუქრებათ პატიმრობა, ან რამეს ხომ არ გედავებიან?

    მ.მ: ჩვენ ვერაფერს შემოგვედავებიან, იმიტომ რომ ბრძოლის გარდა არაფერი გვიკეთებია ამ ქვეყნისთვის, მაგრამ ეს მასობრივი ისტერია ქართველების წინააღმდეგ, რაც 2018 წელს აგორდა, ძალიან კარგად აიტაცეს, ყველანაირად ეცადნენ, რომ აქიდან წავსულიყავით და ის ღვაწლი, რაც ჩადებული გვაქვს, გაექარწყლებინათ. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც „ქართულ ლეგიონში" იყო, მათ შორის ამერიკელები და ბრიტანელები დემორალიზებულები იყვნენ და წავიდნენ.

    „რ": ქართველ მოხალისეებს ეჭვის თვალით უყურებენ დღესაც?

    მ.მ: ეჭვის თვალით არა, ეს იყო მიზანმიმართული, კარგად გათვლილი დისკრედიტაცია. ჩვენ სამიზნედ აგვირჩიეს იმის გამო, რომ სააკაშვილი-პოროშენკოს დაპირისპირება დაიწყო. ივარაუდეს, რომ ჩვენ შეიძლება ვყოფილიყავით სააკაშვილის მხარე, როგორც ქართველები და ამიტომ მოგვიშორეს. 54-ე ბრიგადიდან წამოსვლის შემდეგ ვცადეთ და შევედით 59-ე ბრიგადაში, მაგრამ გენშტაბის უფროსის, მუჟენკოს ზეპირი ზარით ადგენენ და ბიჭები გამოყარეს. კონტრაქტის შეჩერებას სჭირდება სავარაუდოდ 5-6 თვე და ჩვენ გაგვათავისუფლეს დაახლოებით 3 საათში, ისე, რომ კონტრაქტიც არ გაუუქმებიათ. ასეთი განუკითხაობაა და ეს მორალურად რთული გადასატანია. ამის გამო ბევრმა დატოვა აქაურობა, ახლა დარჩენილები ვართ დაახლოებით 50 კაცამდე.

    „რ": რა მოლოდინი გაქვთ, დართავენ „ქართულ ლეგიონს" ფრონტის ხაზზე შესვლის ნებას?

    მ.მ: შეგვპირდნენ, რომ არჩევნების მერე შეგვიყვანენ ფრონტის ხაზზე და ველოდებით ამ პოლიტიკური ბატალიების დამთავრებას. საარჩევნო ბატალიები ნორმალურ პოლიტიკურ პროცესსაც არ ჰგავს.

    „რ": რა ხდება უკრაინის წინასაარჩევნო კამპანიაში და პროგნოზი როგორია, ვის აქვს გამარჯვების შანსი?

    მ.მ: ფაქტობრივად, კანდიდატების აქტიური ანტიპროპაგანდა მიმდინარეობს და არა რომელიმე კანდიდატის პროპაგანდა. გაურკვეველი პროცესია და საყურებლადაც მძიმეა. ძალიან ბევრ გამოკითხვაში ლიდერობს ორი და პროგნოზებით, მეორე ტურშიც ეს ორი გავა - ვლადიმირ ზელენსკი და პეტრო პოროშენკო. ზელენსკი კომიკოსია და პოლიტიკაში ახლა შემოვიდა, ის ერთ-ერთი ცნობილი უკრაინელი ოლიგარქი და დნეპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორი იგორ კოლომოისკის წარმომადგენელია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved