სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    15.03.2019

     "ოცნების" ხელისუფლებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან 47-გვერდიანი კრიტიკა მიიღო იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატია, სამართლიანობა, რეფორმები და ადამიანის უფლებების მდგომარება არც ისე სახარბიელოა.

    ვაშინგტონიდან ამ კრიტიკულ დოკუმენტს თბილისში დიდი გამოხმაურებებიც მოჰყვა. ოპოზიცია და ექსპერტების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ეს არის ყვითელი ბარათი და სილის გაწვნა ხელისუფლებისთვის. თავად ხელისუფლებაში ნაწილი ამბობს, რომ ანგარიშში ქებაცაა და ოპონენტებმა ესეც უნდა დაინახონ. მეორე ნაწილი ამტკიცებს, რომ დოკუმენტი არასამთავრობოების არასანდო ინფორმაციებზე, ჭორებზე დაყრდნობითაა შექმნილი და ყველაფერი ისე არ არის, როგორც ამას სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა გვეუბნება.

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოს ეძღვნება და საქართველოსთვის მიძღვნილი 47 გვერდი უმეტესად კრიტიკულია.

    მწვავეა შეფასება ყველაზე მწვავე პოლიტიკურ თემაზე - საეჭვო რეპუტაციის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაზე.

    დეპარტამენტის ანგარიშშიც მოხვდა ტერმინი "მოსამართლეთა კლანი" და წერია, რომ ამ სიტყვებს გავლენიანი ჯგუფების აღსაწერად იყენებენ. სახელმწიფო დეპარტამენტი ეყრდნობა "კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" და წერს, რომ წლის განმავლობაში ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ პრობლემებზე, მათ შორის მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფების გაძლიერებაზე, რომლებმაც დაიკავეს თანამდებობები იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სასამართლოებში, რამაც კრიტიკული აზრი განდევნა სასამართლო სისტემიდან.

    "10 კონტროვერსიული მოსამართლე" - ასე აფასებს სახელმწიფო დეპარტამენტი უვადოდ წარსადგენთა სიას. დოკუმენტში ნახსენებია ლევან მურუსიძე. ანგარიშის მიხედვით, მას ადანაშაულებდნენ კორუფციაში.

    დეპარტამენტი ანგარიშში საუბრობს სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებულ თვალთვალსა და სახელწიფო რესურსების გამოყენებაზეც.

    "მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონი კრძალავს წამებას და სხვა სახის სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს, იყო ინფორმაცია სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან მათი გამოყენების შესახებ," - ნათქვამია დოკუმენტში.

    ანგარიშში მოხვდა პოლიტიკური ანგარიშსწორების უმძიმესი ფაქტი, მარნეულის მერ თეიმურაზ აბაზოვის დაკავება, რომელმაც შარდის წასმა აიძულა ოპენენტს.

    ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძისა და პანკისში თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციის საქმეები სათანადოდ არ არის გამოძიებული. გამოუძიებელია თბილისიდან აზერბაიჯანში გატაცებული ჟურნალისტის - აფგან მუხთარლის საქმეც.

    არჩევნების შეფასების ნაწილში ნახსენებია ეუთო-ს დასკვნა და ნათქვამია, რომ ერთი მხარე სარგებლობდა შეუფერებელი უპირატესობით და პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა ორივე მხრიდან წარმართული კამპანიის ნეგატიურმა ხასიათმა.

    საუბარია მედიაპლურალიზმის შემცირებაზე, ნახსენებია, რომ "იბერიამ" მაუწყებლობა შეაჩერა და, არხის მფლობელის თქმით, ფინანსური პრობლემები ხელისუფლების მხრიდან წნეხს უკავშირდება.

    ვაშინგტონიდან საქართველოს დემოკრატიის შეფასებას გამოხმაურებებიც მალევე მოჰყვა.

    ანგარიშის გამო ყველაზე დიდი უკმაყოფილებაც სწორედ ადრესატებისგან - "კონტროვერსიული მოსამართლეებისგან" წამოვიდა.

    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები აწვდიან ჭორებს.

    "ჭორებს აგროვებს გიგაური და ასეთ ჭორებს უგზავნის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ძალიან პოლიტიზებულია. სახელმწიფო დეპარტამენტს რაც მიაწოდა გიგაურმა, ის დაწერა სახელმწიფო დეპარტამენტმა. ეს არის ჭორების შეგროვება, ეს არის ფეიკ ანგარიშები, რასაც გიგაური, სალაძე და სხვები შვრებიან," - თქვა მეთოფიშვილმა.

    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძეც მიიჩნევს, რომ წყარო არის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სასამართლოს მიმართ ერთსა და იმავე პრეტენზიებს გამოთქვამენ და "მათი მხრიდან სისტემატურად ხდება აპელირება ამ ცრუ ინფორმაციაზე."

    საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმაც "კრიტიკული შენიშვნები" არასამთავრობოებისა და ოპოზიციის არასწორ ინფორმაციებს გადააბრალა. უფრო მეტიც, თქვა, რომ ყველა ეს რეკომენდაცია და ის შეფასება, რაც ანგარიშშია, აშშ-ის შეფასებები არ არის.

    "ეს არის ის შეფასებები, რომელიც მათ საქართველოში მყოფმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა მიაწოდეს," - განაცხადა ზალკალიანმა.

    პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის თქმით კი, სახელმწიფი დეპარტამენტის შეფასება ღირებულია და ხელისუფლება მუშაობს იმაზე, რომ სხვადასხვა მიმართულება გააუმჯობესონ, თუმცა ოპონენტები კითხულობენ მათთვის სასურველ ადგილებს და დადებითი შეფასებებიც წაიკითხონ, რომელიც ეთმობა მედიაპლურალიზმს, კანონის უზენაესობის დაცვას.

    ხელისუფლებისგან განსხვავებით, ეს ანგარიში ოპოზიციამ და ანალიტიკოსების დიდმა ნაწილმა შეაფასა, როგორც ყვითელი ბარათი.

    ა/ო "დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას "საკმაოდ ძლიერად მოხვდა ყბაში", მმართველი გუნდის შეფასებები კი ანგარიშთან დაკავშირებით "სრული კატასტროფაა".

    "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელ დირექტორ მიხეილ ბენიძის თქმით, სასამართლოს წარმომადგენელთა და სახელისუფლებო გუნდის წევრების განცხადება, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი არასამთავრობოებმა შეიყვანეს შეცდომაში, სასაცილოა.

    "მოვისმინეთ, რომ თითქოს ამ კვლევას არ უნდა მივანიჭოთ დიდი ყურადღება, რადგან თურმე ეყრდნობა მესამე სექტორის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. მსგავსი განცხადებები და ბრალდებები შეურაცხმყოფელია, მათ ან ჰგონიათ, რომ აშშ-ის მთავრობა ვერ აცნობიერებს და ვერ იაზრებს, რა ინფორმაცია უნდა ასახოს ანგარიშში, ან კიდევ უარესი - სახელმწიფო დეპარტამენტი მიზანმიმართულად პოლიტიზებულ ანგარიშებს აქვეყნებს. იმის გარდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილო განცხადებები, ის აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და აშშ-სთან ურთიერთობას. აშშ-ის დეპარტამენტი მსგავსი ანგარიშებით მიანიშნებს ხელისუფლებებს, რომ რიგი მიმართულებებით პრობლემებია. ამიტომ ხელისუფლების ადგილზე დავფიქრდებოდი და სასაცილო მდგომარეობაში არ ჩავიგდებდი თავს," - ამბობს ბენიძე.

    საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ ანგარიში მწვავეა, ხელისუფლების კომენტარები კი "ტრაგიკომიკური".

    "საქართველოს განცხადებები ტრაგიკომიკურია. ერთი გასაგებია, შეურაცხყოფას აყენებენ არასამთავრობოებს, რომ თითქოს ისინი იტყუებიან და უსინდისოები არიან, პლუს ამას შეურაცხყოფას აყენებენ ამერიკის მთავრობას, სადაც თურმე არიან იდიოტები და რომლებსაც თურმე მატყუარა არასამთავრობოების სჯერათ. სხვა თუ არაფერი, საქართველოს ხელისუფლებამ ის მაინც უნდა იცოდეს, რომ ამერიკის მთავრობა ეყრდნობა, ასევე, აშშ-ის საელჩოს მიერ მოგროვებულ ინფორმაციას. როგორც ვუყურებთ, ამერიკის მხარდაჭერა ძალიან შემცირებულია, სავარაუდოდ, კიდევ უფრო შემცირდება და, ჩემი აზრით, ეს მთავრობა ამას საბოლოოდ გადაჰყვება," - განაცხადა "ნიუპოსტთან" შარაშენიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved