სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    15.03.2019

     გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, ადგილობრივი მოსახლეობის ბაღებში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები შევიდნენ. „რეზონანსთან“ ადგილობრივები ყვებიან, რომ ოკუპანტები მავთულხართებიდან კარგად მოშორებით სოფლის თავში სამხედრო მანქანებით განთავსდნენ. ისინი კბილებამდე არიან შეიარაღებული და ადგილობრივების ხუთი ბაღი დაიკავეს. თავის მხრივ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ადმინისტრაციის განცხადებით კი „ძალა ერთობაშიას“ წევრები პროვოკაციის მოწყობას აპირებდნენ და ამიტომაც საჭირო გახდა, რომ სოფლის ირგვლივ დამატებით ძალები განელაგებინათ. 

    საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში  „რეზონანსს“  უთხრეს, რომ ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება, რომ  საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან  საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. 

    „კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება  ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან.საოკუპაციო ძალების მხრიდან განხირციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“,-უთხრეს „რეზონანსს“   სუს-ში

    ხურვალეთის მკვიდრი ლუდა საირია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ  რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სოფელში არიან. საკმაოდ კარგად  შეიარაღებულები და  პოზიციებს იცავენ.  მისი თქმით, უკვე შეუძლებელია იმ ადგილთან მიახლოება, სადაც საოკუპაციო ძალებმა საგუშაგო კოშკი განათავსეს. თვითმხილველის ინფორმაციით,  ასევე ადგილზე მობილიზებულია საქართველოს პოლიცია.

    „ ძალიან ცუდი სიტუაციაა, სოფლის ბოლო დაიკავეს. ადგილობრივების ხუთ ბაღში არიან შესულები.  კბილიებამდე არიან შეიარაღებულები.  ზოგან ათნი არიან ზოგან  კი  ხუთნი, ჯგუფ-ჯგუფად დგებიან და პოზიციებს იკავებენ. სოფელში ხალხი შეშინებულია. სოფლის ტრაფარეტთან სამი მაქნანა დგას. ბაღებში დგანან და იყურებიან აქეთ-იქით. მოსახლეობასთან არიან უკვე, სახლების წინ დგანან. მავთულხლართიდან ბევრად აქეთ წამოვიდნენ, სოფლის ბოლო უბანი დაკავებული აქვთ. უკვე სოფელშიც დაიწყებენ შემოსვლას და გვაიძულებენ, რომ სოფელი დავტოვოთ. ერთი თვეა ამას ვამბობთ და არავინ გვისმენს. ყურადღება არავინ მოგაქვცია. ფაქტობრივად სოფელ ალყაში აქცევენ“ , - აცხადებს ლუდა სარია „რეზონანსთან“.  

    „რუსი სამხედროები იმ ნაკვეთებთან დგანან, სადაც მოძრობა ,,ძალა ერთობაშიას" წევრები მუშაობას აპირებდნენ“, - ამის შესახებ ხურვალეთის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი ირინა მაყიშვილი აცხადებს. მისი თქმით, სამხედროები, სავარაუდოდ, ნაკვეთს აკონტროლებენ.

    ,,მავთულხლართები გადის ქუჯოშვილისა და ბატონისაშვილის ნაკვეთებში. რუსები სწორედ იქ გაჩერდნენ. ჩემი ინფორმაციით, სწორედ, ეს ნაკვეთები უნდა დაემუშავებინათ ქაცარავას და ამ ორგანიზაციის სხვა წევრებს. სხვა მხრივ სოფელში სიმშვიდეა. პოლიცია მოძრაობს" - აცხადებს ირინა მაყიშვილი. 

    „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი და ჟურნალისტი ლაშა ბერულავა კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მათ უკავშირდებიან ხურვალეთის ადგილობრივი მცხოვრები, რომლებიც ეუბნებიან, რომ ზუსტად ის ადგილები, სადაც ქართული პოლიცია და ადგილობრივები დადიოდნენ, უკვე რუსებმა დაიკავეს. 

    ბერულავა ამბობს, რომ სადაც ახლა რუსები გადმოვიდნენ იქ არანაირი მავთულხლართი ან ბანერი არ ყოფილა, აქედან გამომდინარე ეს ტერიტორია ყველანაირი რუკის მიხედვით ქართული მხარის კონტროლირებადი ტერიტორიაა და ის არასდროს ავტონომიური ოლქის ფარგლებში არ ყოფილა. 

    „ეს არის მცოცავი ანექსიის აშკარა გაგრძელება. ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავს და ხურვალეთისკენ წამოსვლას აპირებენ. პოლიცია კი აქ დგას და არავის გვიშვებენ. ეს უკვე ოკუპაციის ოფიციალური ჩაპრავება გამოდის. შევეცდებით, რომ გამოვიყენოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება და სოფელში მშვიდობიანად შევიდეთ. არანაირ სხვა უფლებას ჩვენ არ ვითხოვთ, ჩვენ გვინდა ჩვენს ტერიტორიაზე თავისუფლად გადავაადგილდებოდეთ. ამიტომ ყველაფერს მშვიდობიან ფარგლებში გავაკეთებთ. არანაირი პროვოკაციას არ მივმართავთ, ამდენი ხანია ოკუპირებულ ტერიტორიაზე ერთი ნაბიჯითაც არ გადავსულვართ. ამას ვაკეთებთ არა იმიტომ, რომ ვაღიარებთ ოკუპაციას, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ არ ვაძლევთ საშუალებას პროვოკაცია მოაწყონ. ხურვალეთშიც ასე მშვიდობიან მეთოდებით შევალთ. 

    დღევანდელი აქცია რამდენიმე დღით სწორედ იმიტომ გადავდეთ, რომ მთელი ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახური  ჩვენს წინააღმდეგ დაირაზმა. ასევე,  ე.წ. კაკებემ ცალკე განცხადებები გააკეთეს. ამიტომაც ჩვენ მოვერიდეთ დღეს იქ შესვლას, რადგანაც რაიმე პროვოკაციას ადგილი არ ჰქონოდა. სავარაუდოდ, ამ კვირას ჩავატარებთ აქციას. დღეს პოლიციასაც მოვუწოდეთ, რომ ხურვალეთში პატრულირება გაეძლიერებინათ და მოსახლეობის ადგილები მიტაცებისგან დაეცვათ. ახლა მანდ რომ ჩვენი სამართალდამცველები მდგარიყვნენ, ოკუპანტები მათ ვერ შეეწინააღმდეგებოდნენ, რადგანაც ეს არის ხელისუფლების ორგანო, რომელიც წესრიგს იცავენ“,-აცახდებს ბერულავა „რეზონანსთან“.   

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×