სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    15.03.2019

     ჯარში ძალადობისა და ფულის გამოძალვის საქმეზე დაკავებული სამხედროები ბრალის წარდგენას ელოდებიან. ორი ჯარისკაცი სამხედრო პოლიციამ დააკავა. ისინი სამხედრო ნაწილიდან პირდაპირ პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

    საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ დაკავებულებმა წვევამდელი ქაზიმ გახრამანოვს სცემეს და ფული გამოსძალეს. უცნობია, ვინ მისცეს პასუხისგებაში კიდევ ერთი ჯარისკაცის ცემისა და მისთვის ფულის გამოძალვის საქმეზე. ქაზიმ გახრამანოვი ვაზიანში სამხედრო პოლიციაში იმყოფება. მას დაზარალებულად ოფიციალურად ცნობენ.

    ფაქტი კი რამდენიმე დღის წინ მოხდა, კრწანისის სამხედრო ბაზაზე ფიზიკური ზეწოლისა და ფულის გამოძალვის შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა. წვევამდელ ქაზიმ გახრამანოვს ფულს სძალავდნენ, უარის შემდეგ კი მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. წვევამდელი ამბობს, რომ ცემა სერჟანტის თანდასწრებით ხდებოდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კრწანისის ეროვნული ცენტრიდან შვიდი მეთაურია გათავისუფლებული.

    თავდაცვის სფეროს ექსპერტები ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში არსებული სისტემურ პრობლემაზე საუბრობენ. ანალიტიკოსები თავდაცვის სამინისტროს სკანდალზე საუბრობენ, სადაც წვევამდელთა ცემისა და ფულის გამოძალვის ფაქტებმა იმატა და აცხადებენ, რომ განვითარების ნაცვლად უკან, უკვე დავიწყებული "დედოვშინის"დაბრუნება სწორედ უსაფრთხოების სექტორში კრიზისის მაჩვენებელია.

    „ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ სისტემა მოშლილია პრაქტიკულად. დიდი ხანია უკვე ეტყობა, რომ ჯარი ქვეყნისთვის პრიორიტეტი არ არის," - აცხადებს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ გამოსავალი არსებული პრობლემიდან, ალბათ სტრუქტურის სრული წმენდაა. საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია ამბობს, რომ უსაფრთხოების სისტემა საბჭოთა ტიპის ძალოვანი სტრუქტურების მოდელს ემსგავსება.

    „ასეთი ტიპის პრობლემის არარსებობა თანამედროვე დასავლურ დემოკრატიულ ნატო-ს სტანდარტების ჯარში წარმოუდგენელია. ეს მიანიშნებს, რომ სისტემური პრობლემების შედეგად ისევ ბრუნდება და მიექანება საბჭოთა ტიპის ტოტალიტარული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელ ძალოვან სტრუქტურებში, სადაც ძალადობაზე და ჩაგვრაზე იქნება ურთიერთობა აგებული,"-აცხადებს ქუთელია.

    თავდაცვის ექსმინისტრი თინა ხიდაშელი კი აცხადებს, რომ როდესაც თავდაცვის მინისტრის ირგვლივ უამრავი კითხვები არსებობს და მის მიმართ მუდმივი ბრალდებები ისმის, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჯარში არსებულ სიტუაციაზეც გავლენას ახდენს.

    „როდესაც შენი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი მუდმივად ეჭვმიტანილია სხვადასხვა კორუფციაში, ის კი არ ცდილობს, რომ ეს პრობლემები ახსნას, პირიქით, აგდებით ელაპარაკება ყველას. რა თქმა უნდა, ეს ჯარის რეპუტაციაზე ძალიან ცუდად მოქმედებს. არ მინდა ჯარში არსებულ რამე „დედოვშინაზე" და ასეთ რაღაცეებზე ვისაუბრო, თუმცა პრობლემები რომ არსებობს ეს ხომ ახალი არ არის. არანაირიად არ მინდა, რომ ჩვენს ჯარს რამე ფორმით მივაყენო დარტყმა და არმიაზე საუბარი ძალიან საფრთხილო რამ არის. თუმცა თავდაცვის მინისტრის ირგვლივ რომ არ წყდება სკანდალები ეს ცხადია და ჯარში დისციპლინის პრობლემაც უკვე ღიად ჩნდება",-აცხადებს თინა ხიდაშელი.

    ასევე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი კრწანისის სამხედრო ბაზაზე მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თავდაცვის უწყება მიზანმიმართულად ანგრევს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ინსტიტუტს. მისი თქმით ე.წ. „დედოვშინას" გარდა ჯარში ბევრი სხვა პრობლემაც არსებობს, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ვეღარ მალავს - ესენია კვება და ფორმა, რომელიც ჯარისკაცებს არ აქვთ.

    „უკვე მიზანმიმართულად ანგრევენ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ინსტიტუტს, რომლის მშენებლობასაც პირადად მე ბევრი დრო შევალიე. ყველაზე მთავარი რასაც ჯარში კლავენ, ეს არის სულისკვეთება. ჯარი გადააქციეს ტურისტულ სააგენტოდ, როდესაც დიდი ჩალიჩი გჭირდება იმისთვის, რომ ავღანეთში წახვიდე. ეს ხდება იმ პირობებში როდესაც მათი მეხოტბეები, მათი პროპაგანდისტები ამბობენ, რომ რუსებმა თუ 500 მეტრი გადმოიწიეს, ეს არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს.

    პრობლემებია კვებასთან დაკავშირებით, პრობლემებია ფორმასთან დაკავშირებით და სულისკვეთებაზე უკვე აღარაფერს აღარ ვიძახი. ეს პრობლემები, რომელიც გამოდის და რომელიც ეხება „დედოვშინას" და ე.წ. გავლენიანი ადამიანების თავისი სტილით მმართველობას, რომელიც არ არის დაფუძნებული არანაირი კანონზე, არანაირი წესზე, არანაირი წესდებაზე, ყოველდღიური გახდება. იმიტომ რომ ვეღარ დაიმალება,"-განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×