სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    15.04.2019

     "ქართული ოცნებიდან" წასული პარლამენტარი ეკა ბესელია და მისი მომხრე დეპუტატები პოლიტიკური პარტიის შექმნას აანონსებენ და 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ. ბესელია აცხადებს, რომ პარტიის პრეზენტაცია რამდენიმე თვეში იქნება, ახალი ძალის სახელწოდებაზე კი თანამოაზრეები ერთად იფიქრებენ.

    ვისთან ითანამშრომლებენ ისინი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, კულუარული ინფორმაციით, ბესელია "შენების მოძრაობის" ლიდერ დავით უსუფაშვილთან გარკვეული სახის მოლაპარაკებას უკვე მართავს. იგი დავით მაღრაძის მოძრაობის - "დაიცავი საქართველო" შეკრებაზეც იმყოფებოდა და როგორც აღნიშნა, თუ ეს მოძრაობა პოლიტიკურ ორგანიზაციად გადაკეთდება, მათთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

    "შემდეგი პირველი პოლიტიკური განცხადება, რომელსაც მე კონსულტაციების შემდეგ გავაკეთებ, ჩემს მეგობრებთან ერთად, იქნება ჩვენი შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება იმ ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებას, რომელიც სჭირდება ცვლილებების სახით ამ ქვეყანას," - უთხრა მან მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" შეკრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს.

    ბესელია მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ საზოგადოების ხმა. დეტალებს კი საზოგადოებას კოლეგებთან და თანამოაზრეებთან კონსულტაციების დასრულების შემდეგ ამცნობს.

    "საზოგადოების ხმა პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ. დღეს ჩვენ საზოგადოებამ გვითხრა, რომ არ უნდათ მათ წარსულში მოძალადე მოსამართლეების უვადოდ არჩევა. პირველი ეს არის ის ინიციატივა, რომელიც კანონპროექტის სახით ახლა იხილება პარლამენტში და ჩვენ ეს მხარდაჭერა გვჭირდება.

    "მეორე - იწყება ხელმოწერების შეგროვება აქ, დღესვე. ეს არის ის ინიციატივა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოვაცხადე, რომ ვიწყებთ 200 ათასი ჩვენი მოქალაქის ხელმოწერის შეგროვებას, რომ უვადოდ მოსამართლეების არჩევა კონსტიტუციაში შეიცვალოს და ეს გავრცელდეს უკვე არჩეულ მოსამართლეებზეც.

    "დაიცავი საქართველო" დარჩება, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა. ამიტომაც დღეს მხოლოდ საზოგადოება ლაპარაკობდა აქ და არა პოლიტიკოსები," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

    "ოცნების" ყოფილი წევრი, დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი "მთელ კვირასთან" აცხადებს, რომ პარტიის ფორმირების პროცესში ითანამშრომლებენ მსგავსი ხედვის ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ქვეყნისთვის საერთო საქმეს მოემსახურებიან.

    იგი კონკრეტულ პარტიებს არ ასახელებს, თუმცა არც უარყოფს, რომ შესაძლოა, მათი და "შენების მოძრაობის" თანამშრომლობა შედგეს. დეპუტატი იმასაც აღნიშნავს, რომ მათი მომავალი პოლიტიკური პარტია პრინციპულად არ ითანამშრომლებს "ნაციონალურ მოძრაობასთან" და მისი წიაღიდან წამოსულ პარტიებთან, რომელთა წარსულიც ყოფილ სახელისუფლებო პარტიასთან არის დაკავშირებული.

    "ფილარმონიაში 13 აპრილს გამართული შეხვედრა ერთი რამით იყო მნიშვნელოვანი - გამოჩნდა, ბევრი ადამიანი იზიარებს მოსაზრებას, რომ 2020 წლისთვის ეს ქვეყანა გასათავისუფლებელია. ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს ერთი მიზნით, რომ ქვეყანა ამ ზნეობისგან დაცლილი ორი პოლიტიკური ძალისგან გათავისუფლდეს. ეს არის უშინაარსო ბრძოლა ერთმანეთთან, სადაც ქართველი ხალხის გარდა არავინ ზარალდება.

    "შესაბამისად, სამოქალაქო პლატფორმა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ საჭირო იქნება ადამიანების გაერთიანება, ძლიერი ფრონტის შექმნა და შესაბამისი პოზიციის გაძლიერება. ამაზე მუშაობას დავიწყებთ და ეს იქნება ჩვენი პოლიტიკური პარტიის მთავარი მიზანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორი უშინაარსო პარტია და აბსოლუტურად დამახინჯებული სუბიექტები ყველას და ყველაფერს ჩაყლაპავენ. ამიტომ აუცილებელია ადამიანებისა და პოლიტიკური პარტიების დიდი გაერთიანება, რომლებსაც ფასეულობები და ღირებულებები საერთო ექნებათ," - განაცხადა გოგიჩაიშვილმა "მთელ კვირასთან".

    ჩვენს კითხვაზე - რომ გავრცელებული ხმების მიხედვით, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება დავით უსუფაშვილთან და მის პარტია "შენების მოძრაობასთან" თანამშრომლობაზე, გოგიჩაიშვილმა გვიპასუხა:

    "პროცესი მიდის, ადამიანები ბევრ რამეზე ფიქრობენ. ფილარმონიაში შეხვედრა, სადაც ახალი მოძრაობა "დაიცავი საქართველო" ჩამოყალიბდა, იმით იყო საინტერესო, რომ იქ თავისით მოსული ხალხი შეიკრიბა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მომავალი სერიოზული პრობლემის წინაშე დგას. უკვე მთელი ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელშია მოქცეული, რამაც, შესაძლოა, ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანოს და ამ ადამიანის განეიტრალებაა საჭირო.

    "მართალია, ადამიანებმა ბევრ რამეში გული ვატკინეთ ერთმანეთს, მაგრამ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს უნდა დავივიწყოთ. ფიქრი მიდის კონსოლიდაციაზე, პოლიტიკური პლატფორმის შექმნაზე და რომ 2020 წლისთვის ყველა მზად ვიყოთ ქვეყნის ინტერესებისთვის გაერთიანებაზე.

    "პოლიტიკური პროცესი რომ იქნება თუნდაც უსუფაშვილთან დ მის პარტიასთან, ამას უარყოფა ან დადასტურება რად უნდა, ეს ხომ ისედაც ღიად ჩანს," - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

    მისივე თქმით, შეიძლება ის ერთი წლის წინ სრულიად სხვაგვარად ფიქრობდა, მგრამ აუცილებელია, საქართველოს მოსახლეობას სხვა პოლიტიკური არჩევანი შევუქმნათ. მისი აზრით, ყველასთან თანამშრომლობაა საჭირო, რათა 2020 წლისთვის ისევ ორ პარტიას შორის არჩევანი არ მოგვიწიოს. დემოკრატიას კოალიციური შეთანხმება უხდება და თავადაც ყველაფერს გააკეთებს, რომ დიდი ერთობა შედგეს.

    "პრინციპულად ვისთანაც არ ვითანამშრომლებთ, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა" და ყველა ის პარტია, რომლებიც მის წიაღში იზრდებოდა და იკვებებოდა. ბუნებრივია, მათ გარდა, ყველა პარტიასთან ვითანამშრომლებთ და ყველაფერი მოცემულობის საკითხია. დიდი გაერთიანებაა საჭირო და ამისთვის ყველა მზად უნდა ვიყოთ," - ამბობს გოგიჩაიშვილი.

    "შენების მოძრაობის" ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი "მთელ კვირასთან" აცხადებს, რომ ეკა ბესელიას მომავალ პარტიასთან თანამშრომლობაზე ჯერჯერობით ვერაფერს იტყვის. ჯობია, ჯერ პარტია შეიქმნას და სამომავლო თანამშრომლობაზე მერე ისაუბრებს.

    "მთელი კვირას" კითხვაზე - არის თუ არა ბესელია მისთვის მისაღები პოლიტიკური ფიგურა და შეძლებს თუ არა მასთან პოლიტიკურ თანამშრომლობას, უსუფაშვილი გვპასუხობს:

    "ახლა ისეთ დროში ვცხოვრობთ, კვირაში ერთი პარტია რომ არ შეიქმნას, ისე როგორ იქნება. რაც შეეხება თანამშრომლობას, ამაზე ჯერჯერობით ვერაფერს მოგახსენებთ. მოდით, ჯერ შექმნან და მომავალზე მერე ვისაუბროთ.

    "ყველა ასეთ განზრახულობაზე წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვით. ჩემთვის პოლიტიკურად მისაღები ხალხი "შენების მოძრაობაშია" თავმოყრილი, ხოლო სხვებთან თემატური ურთიერთობა მაქვს. ამიტომ დაველოდოთ, რა და როგორ იქნება," - აღნიშნა უსუფაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    სტატუს ქუო   (16.04.2019)
    ამ ნაგვებში რა უნდა უსუფაშვილს?


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×