სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რატომ დანიშნეს კანონპროექტის განხილვა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე 4 დღით ადრე
    ეკატერინე ბასილაია
    15.04.2019

     მომდევნო კვირიდან ახალი სიმძაფრით განახლდება მსჯელობა-ბრალდებები იმ კანონპროექტის ირგვლივ, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უ"ვადოდ არჩევის კრიტერიუმებს ეხება და "ოცნებამ" პირველი მოსმენით უკვე მიიღო.

    19 აპრილს ვენეციის კომისიის დასკვნა უნდა დაიდოს, თუმცა მანამდე იურიდიულ კომიტეტში კანონპროექტის მეორედ მოსმენა მაინც ჩაინიშნა, რამაც ოპონენტების უკმაყოფილება გამოიწვია.

    როგორც საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე ამბობს, "ოცნების" ლიდერებმა პირობა დადეს, რომ ვენეციიდან დასკვნის მიღებამდე კანონპროექტს აღარ განიხილავდნენ, მაგრამ ორშაბათს, 15 აპრილს, კომიტეტზე კანონპროექტის განხილვა მაინც ჩაინიშნა, რაც ნიშნავს, რომ მმართველი პარტია საკუთარ პირობას არღვევს.

    ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, დაელოდება თუ არა "ოცნება" ვენეციიდან დასკვნას, რადგან მაინც ისეთ კანონს მიიღებს, რაც თავად აძლევს ხელს. მისივე თქმით, დაახლოებით ასე მოხდა ახალი კონსტიტუციის მიღებისას, როდესაც "ოცნება" ვენეციიდან საბოლოო დასკვნას არ დაელოდა, მეტიც, არც შუალედურ დასკვნაში მოცემული მთავარი რეკომენდაცია გაითვალისწინა, რაც მაჟორიტარული სისტემის 2020 წლისთვის გაუქმებას ეხებოდა.

    კრიტიკის საპასუხოდ "ოცნების" დეპუტატი რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ ორშაბათს მხოლოდ საკომიტეტო მოსმენაა, სადაც ზოგიერთი მუხლი დაიხვეწება, პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღება კი მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც ცნობილი გახდება ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელსაც 19 აპრილს ელოდებიან.

    ცნობისათვის, ირაკლი კობახიძისა და "ოცნების" კიდევ რამდენიმე დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტი "საერთო სასამართლოების შესახებ" არ მოსწონს არავის - არც არასამთავრობოებს, არც ოპოზიციას, არც ექსპერტების უდიდეს ნაწილს და "ოცნებიდან" ბესელიას ჯგუფის წამოსვლის მიზეზიც სწორედ ეს საკითხი გახდა. ისინი აცხადებენ, რომ ირაკლი კობახიძის მიერ დაწერილი კანონპროექტი სასამართლოში ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანური მმართველობის უვადოდ დარჩენის საფრთხეს ქმნის.

    მიუხედავად წინააღმდეგობისა, "ოცნებამ" კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო, თუმცა დიდი პროტესტის გამო იგი ვენეციის კომისიასაც გაუგზავნა შესაფასებლად. ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ კომისიის დასკვნამდე მეორე მოსმენით კანონპროექტს არ მიღებდნენ, თუმცა იმის მოლოდინიც გააჩინეს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნიდან მხოლოდ ნაწილს გაითვალისწინებენ და რომ მსოფლიოში არსად არ ხდება ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციის გაზიარება.

    ვენეციიდან დასკვნას 19 აპრილს ელოდებიან. პარასკევს კი "ოცნების" დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა თქვა, რომ კანონპროექტის განხილვა ორშაბათს იურიდიულ კომიტეტზე გაგრძელდება, სადაც იგი უფრო დაიხვეწება და სწორედ ამან გამოიწვია უკმაყოფილება.

    საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძემ განაცხადა, რომ გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში წინა ხელისუფლებისდროინდელი მოსამართლე, რომელიც უსამართლო სასამართლო სისტემის რეალური შემოქმედი იყო, მსხვერპლად გამოიყვანა. ეს ფაქტიც და ვენეციიდან დასკვნის გამოგზავნამდე კანონპროექტის კომიტეტზე განხილვაც აფიქრებინებს, რომ "ოცნებას" საზოგადოების მოთხოვნების გათვალისწინებისა და სასამართლოს გაჯანსაღების რეალური სურვილი არა აქვს.

    "ჩვენ ყველას გვახსოვს მმართველი პარტიის წარმომადგენლების საუბარი, რომ მხოლოდ პირველი მოსმენით გაივლიდნენ ამ საკითხს და მეორე მოსმენამდე დაელოდებოდნენ ვენეციის კომისიის დასკვნას. ახლა გავიგეთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ორშაბათ დილითაა ჩანიშნული, რაც, ცხადია, ძალიან ცუდია. ორშაბათს სხდომა რომც არ ჩატარდეს, იმის გაცხადებაც კი, რომ სხდომა ორშაბათსაა ჩანიშნული, ნიშნავს, რომ მათთვის, შესაძლოა, ფორმალური პროცესი იყოს, რას იტყვის ვენეციის კომისია; ან შესაძლოა, ჰქონდეთ ისეთი განცდა, რომ ვენეციის კომისია იტყვის იმას, რაც მათთვის მისაღები იქნება," - განაცხადა სალაძემ.

    ანალიტიკოს ვახტან ძაბირაძის პროგნოზით, "ოცნება" იმ კანონპროექტს, რომელიც დააანონსა და პირველი მოსმენით მიიღო, რა თქმა უნდა, მიიღებს საბოლოოდაც.

    "უდავოა, "ოცნება" კომპრომისზე არ წავა. ივანიშვილის ინტერვიუდან ვნახეთ, რომ ამის სურვილი "ოცნებას" არა აქვს. ზუსტად ასე იყო კონსტიტუციის მიღებისას, არც მაშინ დაელოდნენ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას. რაც მთავარია, შუალედურ დასკვნაში საარჩევნო სისტემაზე იყო ლაპარაკი და ისიც არ გაითვალისწინეს," - აღნიშნა ძაბირაძემ.

    "მთელ კვირასთან" საუბრისას დეპუტატი რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ ისინი პირობას არ არღვევენ, რადგან მეორე მოსმენით კანონპროექტს მიიღებენ მხოლოდ 19-ის შემდეგ, "კომიტეტზე კი კანონი კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება."

    "ჩვენ აქტიური კონსულტაციები გვქონდა ვენეციის კომისიასთან და მათგან გვაქვს პირობა და მოლოდინი, რომ 19 აპრილამდე იქნება ცნობილი მათი დასკვნა. ეს ნიშნავს, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე გატანა მოხდება 19-ის შემდეგ. ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება საჯარო და მისი გათვალისწინებით მოხდება ამ პროცესის უზრუნველყოფა," - განაცხადა იონათამიშვილმა.

    შეკითხვაზე - თუკი ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იქნება, რომ მმართველმა ძალამ გაითვალისწინოს არასამთავრობოებისა და ოპოზიციის მოთხოვნები, რას იზამს "ოცნება", იგი პასუხობს:

    "მოდით, ასე ვთქვათ. ჰიპოთეტურად შეიძლება დაუსრულებლად გავყვეთ. მაგალითისთვის რომ ავიღოთ, როდესაც ვენეციის კომისიასთან კონსულტაციები იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციასა და მისი დამოუკიდებლობის უმაღლეს ხარისხზე, ჩვენ მაშინ გამოვთქვით სკეპტიციზმი. ცხადია, ეს ინსტიტუტი უნდა იყოს დამოუკიდებელი, მაგრამ ჩვენი პოზიცია იყო, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საპარლამენტო მონიტორინგი უნდა იყოს ძალიან მაღალი.

    "მაშინ ვენეციის კომისიამ განსხვავებული რეკომენდაცია წარმოგვიდგინა - რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დამოუკიდებლად უნდა მიეღო გადაწყვეტილება ყველა ეტაპზე. ამიტომ ვერავინ დაგვდებს ბრალს, რომ მაშინ გადაწყვეტილება სუბიექტური ნიშნით მივიღეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ."

    მისი თქმით, წინასწარ კითხვები იმაზე, კომისიის დასკვნას სრულად გაიზიარებს თუ არა მმართველი პარტია, მიზანშეუწონელია.

    "ჯერ ხელთ არ გვაქვს ვენეციის კომისიის დასკვნა. მე მიმაჩნია, რომ თეორემებზე საუბარი პოლიტიკაში მიზანშეწონილი არ არის. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მთავარი პრინციპია, რომ კანონი კონსტიტუციის ტექსტს უნდა შეესაბამებოდეს, რაც ნამდვილად ასეა და, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ჰარმონიზაციაში იყოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. ჩვენ გვაქვს შესაბამისი მოლოდინი და ამის შემდეგ, ვიმედოვნებ, რომ ამ თემაზე პოლემიკასაც დაესმევა წერტილი," - აღნიშნა იონათამიშვილმა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved