სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    15.04.2019

     პოლონეთმა და ესტონეთმა უკრაინასთან სოლიდარობის ნიშნად საკუთარ ტერიტორიულ წყლებში რუსული გემი არ შეუშვეს, სადაც ანექსირებული ყირიმის საზღვაო აკადემიის კურსანტები იმყოფებოდნენ. პოლონური მხარე იუწყება, რომ გემ "სედოვზე" მყოფ კურსანტებს რუსული პასპორტი ჰქონდათ და სწორედ ამიტომ ეთქვათ უარი მიღებაზე. ესტონეთი და პოლონეთი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას გმობენ და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. ამ ფაქტს კი რუსულმა მხარემ „მტრული აქტი" უწოდა.

    ესტონეთისა და პოლონეთის მხრიდან ეს ქმედება განპირობებული იყო, როგორც 2014 წლის მარტში ყირიმის ანექსიის ფაქტით, ასევე გასული წლის ნოემბერში ქერჩის სრუტეში მომხადარი ინციდენტით, - რუსეთის მიერ უკრაინული სამხედრო ხომალდებისა და უკრაინელი მეზღვაურების გატაცემის ფაქტიდან გამომდინარე.

    ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთმა საპასუხოდ პოლონეთისა და ესტონეთის მიმართ შესაძლოა გარკვეული ეკონომიკური სანქციები დააწესოს. ხოლო, სამხედრო დაპირისპირებას იგი ამ ეტაპზე გამორიცხავს.

    მისი განცხადებით, რუსეთი ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ რეგიონში ნატო კიდევ უფრო გააქტიურდა და ნატო-ს სამხედრო პოტენციალი კი რუსეთის სამხედრო პოტენციალს აღემატება.

    „ნატო-ს ყოფნა პოლონეთსა და ესტონეთში გაიზარდა და გაძლიერდა. ნატოს წევრი ქვეყნების, მათ შორის აშშ-ის და კანადის, 4 500-მდე სამხედრო მოსამსახურე პოლონეთსა და ბალტიისპირეთში განთავსდნენ. გარდა ამისა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2018 წლის შემოდგომაზე ბალტიის რეგიონში სამხედრო წვრთნები ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა დაახლოებით 65 ათასამდე სამხედრო მოსამსახურემ მიიღო.

    „რუსეთი ანგარიშს უწევს რეგიონში ნატო-ს გააქტიურებას, თუმცა ცდილობს, რომ სამხედრო ქმედება თავადაც გააქტიუროს. რუსეთმა დასავლეთ საზღვართან, მათ შორის პოლონეთსა და ესტონეთის საზღვარზე, ფრთოსანი სარაკეტო სისტემები განათავსა. ასევე საუბარი კალინინგრადის ოლქში დამატებით „ისკანდერების" განთავსებაზე.

    „რუსეთი, ბუნებრივია, გაითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ნატო-ს სამხედრო დასწრება იზრდება, როგორც რეგიონში, ასევე პოლონეთში, თუმცა, განცხადება უნდა გააკეთოს, რომ იგი იძულებულია საპასუხო ნაბიჯები გადადგას, - კალინინგრადის ოლქში „ისკანდერების" დამატებითი ერთეული განათავსოს.

    „ამასთანავე, შესაძლებელია რუსეთმა პოლონურ და ესტონურ პროდუქციას რუსულ ბაზარზე გარკვეული სანქციები დაუწესოს. რაც შეეხება სამხედრო დაპირისპირებას, რუსეთი ეცდება ძალის დემონსტრირებას, მაგრამ იგი აცნობიერებს იმას, რომ მისი სამხედრო პოტენციალი ნატო-ს სამხედრო პოტენციალთან შედარებით სუსტია," - აღნიშნავს ჩიტაძე.

    მისი თქმით, საერთაშორისო ასპარეზზე ესა თუ ის ქვეყნები რუსეთის მიმართ სიფრთხილეს იჩენენ, რაც ბუნებრივია, რადგან რუსეთს დაახლოებით მილიონი სამხედრო მოსამსახურე და 3 ათასზე მეტი ერთეული ტანკი ჰყავს.

    ჩიტაძე მიიჩნევს, რომ არა სამხედრო დაპირისპირება, არამედ ეკონომიკური სანქციების გაზრდაა მოსალოდნელი.

    „რუსეთის მიმართ გარკვეული სიფრთხილე არსებობს. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რუსეთს მილიონი ოფიციალური სამხედრო ჰყავს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტანკების რაოდენობით იგი ამერიკას უსწრებს კიდევაც, - რუსეთს 3 ათასზე მეტი ერთეული ტანკი ჰყავს. რუსეთი გარკვეულწილად ანგარიშგასაწევი ძალაა, თუმცა, დასავლეთი ორიენტირებული იქნება, ერთის მხრივ სამხედრო დასწრების დაფიქსირებაზე, მათ შორის ბალტიის რეგიონსა და შავი შავი ზღვის რეგიონში, ეკონომიკური სანქციების განხორციელებაზე.

    „რაც შეეება აშშ-რუსეთის ურთიერთობებს, ამერიკა ორიენტაციას აიღებს იმაზე, რომ რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა განახორციელოს. რუსეთი, რომელიც ბირთვულ სახელმწიფოს წარმოადგენდა, იგი კვლავ ბირთვულ სახლემწიფოდ რჩება, თუმცა იძულებული იყო დიდ დათმობაზე წასულიყო ეკონომიკური პრობლემების გამო. მიუხედავად იმისა, რომ მას უზარმაზარი სამხედრო პოტენციალი დარჩა, ის ეკონომიკურად დამარცხდა. დაპირისპირება თავის თავში სამხედრო კომპონენტსაც მოიცავს.

    „ამ შემთხვევაში შესაძლებელია დაძაბულობა გაიზარდოს; ამერიკამ დამატებითი ფრთოსანი რაკეტები განათავსოს, მათ შორის პოლონეთსა და ბალტიისპირეთში. ძალის დემონსტრირება მოსალოდნელია, მაგრამ ეს დაპირისპირება უფრო ეკონომიკურ სიბრტყეში იქნება გადატანილი, ვიდრე სამხედროში.

    „დასავლეთმა უნდა გაითვალისწინოს ის, რომ რუსეთის დაჩოქება, როგორც საბჭოთა იმპერია თავის დროზე დამარცხდა და ცივი ომი დასრულდა, იქ ეკონომიკურმა და არა სამხედრო ფაქტორებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი. მეორე მსოფლიო ომისაგან განსხვავებით ცივი ომი სამხედრო დაპირისპირების გარეშე დასრულდა ორ დიდ სახელმწიფოს შორის.

    „დაპირისპირება ეკონომიურ სფეროში იყო, სადაც დასავლეთმა გაიმარჯვა და ანალოგიურად უნდა მოხდეს დღევანდელ ეტაპზეც. მართალია განსხვავებულ ვითარებასთან გვაქვს საქმე, თუმცა გასული საუკუნის 80-იან წლების ბევრი ანალოგი არსებობს," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×