სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    15.04.2019

     ცუდების კარგებად გადაქცევა - ესაა ირაკლი კობახიძის ფორმულა, რომელიც მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის კანონპროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს. როგორ გავხადოთ სისტემის მსხვერპლი მოსამართლეები სამართლიანებად. პარლამენტში შესაძლოა ამ კვირაში მოსამართლეების ხმაურიანი კანონპროექტის განხილვა დასრულდეს, რომელიც მოსამართლეთა 10 კაციანი სიის წარდგენით დაიწყო.

    საკანონმდებლო ორგანო კენჭს უყრის კანონპროეტს, რომელიც 4 თანაგუნდელის დაკარგვის ფასად დაუჯდა. ხელისუფლება თავად კერავს მოსამართლეებისთვის უვადო მანტიას. ესაა შეფასება, რომელიც „ოცნების" გუნდის ყოფილი წევრებისგან კეთდება.

    როგორი იქნება იანვარში დაწყებული პროცესების დასასრული?! - ეს იქნება სისტემის ცვლილება, თუ გავლენიანი კლანის ბოლომდე გაძლიერება?! ყველაფერს ამას კი ბიძინა ივანიშვილის, უმრავლესობის წევრების და პოლიტიკაში შემოჭრილი მოსამართლეების ერთი და იგივე არგუმენტები ახლავს. მმართველი გუნდი ამ პროცესებში მთავარ და აღიარებულ არბიტრს - ვენეციის კომისიას არ დაელოდა და მისი განხილვა უკვე დაიწყო.

    ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები „რეზონანსთან" აცახდებენ, რომ კობახიძის კანონპროექტში ყველაზე თვალსაჩინო დარღვევა ინტერესთა კონფლიქტია, სადაც იუსტიციის საბჭოს წევრს შეუძლია ჟიურიც იყოს და კანდიდატიც. საბჭოს წევრს შეუძლია შეისწავლოს კანდიდატის დოკუმენტები და ხმა მის წინააღმდეგ მისცეს. პირველი კენჭისყრა კი გასაუბრების გარეშე ტარდება, სადაც არასასურველი კანდიდატების გაცხრილვა მოხდება.

    15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის კანონპროექტზე მსჯელობა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

    ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა ჩანაწერს შეეხება, რომლის მიხედვითაც, თუკი პირს სურს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობა, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ჩაბარებული მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა. ხელისუფლების ოპონენტები ამ მიდგომას არ ეთანხმებიან.

    ოპოზიციის მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა ტერმინი - სისტემის ჩინჩალიზაცია. ხელისუფლების ოპონენტებმა მმართველი გუნდი სასამართლო სისტემაში არსებული კლანის ლობირებაში დაადანაშაულეს.

    „გავიხსენოთ 90-იანი წლების საგამოცდო სისტემა. როდესაც სტუდენტებს, აბიტურიენტებს თავიანთი კომპეტენციის მიხედვით კი არ აფასებდნენ, ასე არ შეაფასებს ლევან მურუსიძე კანდიდატებს კომპეტენციის მიხედვით, როდესაც გადაწყვეტს ხელი მოაწეროს თუ არ მოაწეროს ამა თუ იმ კანდიდატის საგამოცდო ფურცელზე," - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ.

    ოპოზიცია „ქართულ ოცნებას" ასევე, ე.წ. ტესტების სკანდალს ახსენებს, როდესაც სასამართლომ ტესტების კონფიდენციალობის დაცვა ვერ შეძლო.

    ოპოზიციას ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა სასამართლო სისტემაში არსებულ კლანთან დაკავშირებით აქვს. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ კლანი მოსწონს.

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას მესამე სექტორი ესწრებოდა. მათ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ ხელისუფლება ფორსირებულად და დაჩქარებული წესით ცდილობს იმ სადავო კანონპროექტის განხილვას, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევას შეეხება.

    მესამე სექტორის წარმომადგენლებმა მმართველ გუნდს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ყოფილი ხელისუფლების შეცდომებს ახსენებენ და მიუთითებენ, რომ „ქართული ოცნება" ცდილობს, მისი პოლიტიკური ინტერესები გაატაროს.

    „კარგად მოიკითხონ, როგორ იღება დაკეტილი კაბინეტები მოსამართლეების და რა სურათებს ახვედრებენ მათ სამუშაო ოთახებში. მმართველმა პარტიამ კარგად მოიკითხოს, რომ ერთადერთი მხარდამჭერი, ვინც ამ პროცესში ახლა ჰყავთ და უზრუნველყოფთ, კლანია, რომელიც სასამართლოშია გაბატონებული," - აცხადებს საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე.

    ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი სხდომის გადადებას ითხოვდა იქამდე, ვიდრე ვენეციის კომისიის სხდომის დასკვნა არ გახდება ცნობილი. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ ოპონენტების მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

    პარლამენტის დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის კანონპროექტის განხილვის პროცესში ვენეციის კომისია ანტურაჟად და ფონად ჩართო.

    გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" ვენეციის კომისიის დასკვნა არ აინტერესებს და მათი ინტერესის სფეროს მხოლოდ ე.წ. კლანის შენარჩუნება წარმოადგენს.

    „დაკვეთა აქვთ მიღებული და მისი მაღალ დონეზე შესულებაა საჭირო. ამ ხალხის მთავარი ამოცანა სასამართლოში „კლანის" შენარჩუნებაა. ეს უნდა მოხდეს არამარტო პირველ და მეორე ინსტანციის დონეზე და იუსტიციის საბჭოს მმართველობის დონეზე, არამედ უზენაეს სასამართლოშიც.

    "ეს არის ხალხის ნებაზე პირდაპირი ძალადობა. ამას თან ერთვის ის ფარსი და ტყუილების კორიანტელი, რომელიც ორი მიმართულებით იყო. დაპირება გამჭვირალეობაზე, კრიტერიუმების მიღების პროცესის დროს, რომელიც არ შესრულდა. ხოლო მეორე ტყუილი, ვენეციის კომისიის ანტურაჟად, ფონად ჩართვა, თითქოს, აი ვენეციის კომისიაა. მთელი უხერხულობა არის ის, რომ ჯერ ჩამოიყვანეს ადამიანები და პირველი მოსმენით დაახვედრეს, ახლა დასკვნას არ ელოდებიან და მეორე მოსმენით იღებენ", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

    „ქართული ოცნების" უმრავლესობის წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე ოპონენტების გამოსვლაში ლოგიკას ვერ ხედავს. მისი აზრით, თუკი ოპონენტები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ ენდობიან, გამოცდების გაუქმების შემთხვევაში, ისევ ამ საბჭოს დარჩება უფრო ფართო უფლებები მოსამართლეთა შერჩევის პროცესში.

    „თუკი ჩვენ არ ვენდობით იუსტიციის საბჭოს, კონსტიტუციიდან გამომდინარე, მაინც ხომ არ გვაქვს საშუალება, რომ გამოცდის გარეშე სხვას გადავაწყვეტინოთ ეს საკითხი?!

    აი, პრაქტიკულად ვთქვათ - ისევ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს... ანუ ნდობის უფრო მაღალ ხარისხს ვიჩენთ იმ ხალხის მიმართ, რომლებსაც, ამბობს ოპოზიცია, რომ არ ვენდობით... ლევან მურუსიძეც რომ დაჯდეს იქ, რას იზამს?! თუკი კანდიდატს სწორი პასუხი ექნება გაცემული, რას იზამს, გადააკეთებს, გადახაზავს თუ რა უნდა ქნას?! ", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

    15 აპრილის სხდომაზე სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ დააკონკრეტა, რომ კანონპროექტის ავტორთა ოპონენტები ითხოვენ არა საკვალიფიკაციო გამოცდების უპირობოდ გაუქმებას, არამედ ამ გამოცდების ჩანაცვლებას რაიმე უფრო ეფექტიანი და სანდო მექანიზმით. ასეთ მექანიზმებს შორის სახელდება მაგალითად:

    გამოცდების ჩატარება ადვოკატთა ასოციაციის ეგიდით - მეტი სანდოობისთვის; მოსამართლეების კვალიფიკაციის შეფასება დამსახურებისა და გამოცდილების მიხედვით; მოსამართლეების კვალიფიკაციის შეფასება სამეცნიერო ხარისხის მიხედვით.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved