სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    “მსოფლიო დაიღალა, რომ შენ წამოწოლილი ხარ და ელოდები მსოფლიო როგორ მოაგვარებს შენი აფხაზეთის და შენი სამხრეთ ოსეთის საქმეებს”
    ეკატერინე ბასილაია
    15.04.2019

     „კომპანია Airbnb-მა რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახლები დაუშვა თავის საიტზე, ეს მოვლენა დამაფიქრებელია და რაც უფრო მეტი დრო გავა ასეთი მოვლენები იქნება მეტი, ეს ცალსახაა...

    "მსოფლიო დაიღალა იმით, რომ შენ წამოწოლილი ხარ და ელოდები მსოფლიო როგორ მოაგვარებს შენი აფხაზეთის და შენი სამხრეთ ოსეთის საქმეებს. ჩვენ მათ ვაიძულებთ, რომ ანგარიში გაუწიონ ჩვენს უმოქმედობას. ეს არ გამოვა,"- აცხადებს შერიგების საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც ხელისუფლებას, რომლის მინისტრიც თავად იყო, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით უმოქმედობასა და „წამოწოლაში" ადანაშალებს.

    საქმე იმაშია, რომ ბინების გაქირავების ონლაინკომპანია Airbnb-ზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მდებარე ბინები და სახლები კვლავ ხელმისაწვდომი იქნება და ეს გადაწყვეტილება ოფიციალურ ვებგვერდზე10 აპრილს გამოქვეყნდა.

    კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომ აღარ წაშლის მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს თავისი პლატფორმიდან, თუმცა აცნობიერებს საკითხის კომპლექსურობას და არ მიიღებს სარგებელს ამ რეგიონში სახლების გაქირავებიდან. კერძოდ, ამ სახლების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი არასამთავრობო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს გადაერიცხებათ.

    ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ იგივე მიდგომა გავრცელდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთში განთავსებული ობიექტებთან მიმართებაში.

    არადა, იანვარში Airbnb-მა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მდებარე სახლები ვებგვერდიდან წაშალა და განცხადებაც გაავრცელა.

    „სადაო ტერიტორიებთან მიმართებით კომპანიის გლობალური ჩარჩოს გათვალისწინებით, Airbnb-ი წუხილს გამოთქვამს, რადგან უძრავი ქონება, ანუ სახლები, არის დავის მთავარი საგანი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ხოლო ჩვენს ვებგვერდზე მათი განთავსებით, შესაძლოა, დაძაბულობის ესკალაცია მოხდეს, - ნათქვამი იყო 19 იანვარს კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    ეს გადაწყვეტილებაც მაშინ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ისრაელის ახალშენებსაც ეხებოდა.

    Airbnb 191 ქვეყანისა და რეგიონის 81 ათასზე მეტ ქალაქში ოპერირებს. სამი თვის შემდეგ კომპანიამ გადაწყვეტილება შეცვალა, რასაც საშიშ პრეცენდენტად მიიჩნევენ ოპოზიციაში და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ადანაშაულებენ იმაში, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქტიურად არ საუბრობს და ამ მიმართულებით ინტერესი მსოფლიოში ქრება.

    „ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკის თქმით, ამერიკული კორპორაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განდევნილი ქართველების უძრავი ქონების გაქირავება რუსეთის მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ერთგვარი ლეგიტიმაციაა.

    „სწორედ ამას ვგულისხმობდით, როცა პრემიერ-მინისტრი ბახტაძე სტრასბურგში ევროსაბჭოს ტრიბუნის არგამოყენებისთვის გავაკრიტიკეთ. პრემიერს არ მოუთხოვია ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ რუსეთზე დაწესებულ სანქციებში საქართველოს ოკუპაციის თემატიკის შეტანა, მათ შორის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობის სანქცირება", - აღნიშნა კანდელაკმა ორშაბათს ბრიფინგზე.

    კანდელაკმა მაგალითად ყირიმი მოიყვანა, სადაც Airbnb და მსგავსი კომპანიები ვერ ოპერირებენ, საერთაშორისო სანქციების გამო.

    კანდელაკის განცხადებით, „ევროპული საქართველო" პარლამენტში რეზოლუციის პროექტს დაარეგისტრირებს, რომლის თანახმადაც პარლამენტი მთავრობას რუსეთის ფედერაციაზე დაწესებულ საერთაშორისო სანქციებში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, მათ შორის ამ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობის და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანას დაავალდებულებს.

    ხელისუფლებას უმოქმედობაში ამჯერად არა მარტო ოპოზიცია, არამედ საკუთარი ყოფილი მინისტრიც აკრიტიკებს.

    პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ „ეს მოვლენა თავისთავად დამაფიქრებელია, იმიტომ რომ, საქართველომ უნდა იაქტიუროს, რაღაცები გააკეთოს."

    მისი თქმით, მისი მინისტრობის დროს სხვა ევროპული ფირმები იყვნენ შესულები აფხაზეთში და ხდებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირება, რის შემდეგ უკან მიჰქონდათ განზრახვა, მაგრამ ასე მცირე რეაგირებებით შედეგს ვერ მივიღებთ.

    „ოკუპირებულ ტერიტორიებზე უცხოური ფირმების შესვლა თითქმის გარდაუვალია. დიდ ხანს ვერ დაელოდებიან. მოსკოვში აქვთ ოფისები და იქიდან შედიან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, როგორც რუსეთში რეგისტრირებული ფირმები.

    "ჩვენ კეთილი უნდა ვინებოთ, კარგად გავთვალოთ რა გვიჯდება საქართველოს არაფრის კეთება. რამდენი ხანი შეიძლება იყოს ასე გაყინული ვითარება, როცა არაფერი არ ხდება? როცა არაფერი ხდება, მთელი მსოფლიო ინტერესს კარგავს ჩვენი, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მიმართ. მთელი ჩვენი ყურადღება გადატანილია, რომ თითქოს საერთაშორისო სამართალი დაგვიცავს ჩვენ. ასე არ იქნება ყოველთვის,"- ამბობს ზაქარეიშვილი.

    მისივე თქმით, რაც უფრო მეტი დრო გავა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საერთაშორისო კომპანიების გააქტიურება იქნება უფრო მეტი.

    „შეიძლება ეს იყოს დასაწყისი. უცხოური ორგანიზაციები დაიღალნენ იმით, რომ რამდენ ხანს შეიძლება ასე არაფრის კეთებით საქართველომ რაღაცას მიაღწიოს. საჭიროა საქართველოს ხელისუფლება ამაზე დაფიქრდეს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები კონფლიქტის მოგვარების, კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიმართულებით.

    "მე მაშფოთებს ის, რომ ამ მიმართულებით საერთოდ არაფერი კეთდება... მსოფლიო დაიღალა იმით, რომ მხოლოდ რუსეთია დამნაშავე და შენ არაფერს აკეთებ. შენ წამოწოლილი ხარ და ელოდები მსოფლიო როგორ მოაგვარებს შენი აფხაზეთის და შენი სამხრეთ ოსეთის საქმეებს. მსოფლიოს სხვა მილიონი საქმე აქვს და საქართველო ხელს არ ანძრევს, რომ რაიმე საერთო იპოვოს აფხაზურ და ოსურ მხარეებთან,"- ამბობს ზაქარეიშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved