სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    15.05.2019

     პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას მოსმენა დაიწყო, თუმცა შეხვედრას მმართველი პარტიის მხოლოდ ორი დეპუტატი - ზაზა ხუციშვილი და შოთა შალელაშვილი - ესწრება. ქობულია საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა მიიწვიეს. სხდომას ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობისა " და „ევროპული საქართველოს" წევრები, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დავით უსუფაშვილი.

    ღია ფორმატში შეხვედრის დაწყებამდე ყოფილმა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დღეს ბევრ კითხვას პასუხი გაეცემა. ქობულიას თქმით, მისი გადაყენების მიზეზი ის გახდა, რომ მთელ რიგ გადაწყვეტილებებში მმართველი გუნდის პოზიციას არ ეთანხმებოდა.

    „რა თქმა უნდა, ჩემი, როგორც ეკონომიკის მინისტრის გადაყენების პრეროგატივა აქვს პრემიერ-მინისტრს. მან დაწერა განცხადება. მე მგონია, რომ არაფერია იმაში გასაკვირი, რომ ეს გადაწყვეტილება მმართველი პარტიის ლიდერთან კონსულტაციის შედეგად იყო მიღებული.

    „ამას ჰქონდა მთელი რიგი მიზეზები, სადაც მე მხარს არ ვუჭერდი მთელ რიგ გადაწყვეტილებებს. მოისმინეთ ჩემი დღევანდელი მოხსენება და შეიძლება, ბევრ კითხვაზე გაიგოთ პასუხი," - განაცხადა ქობულიამ.

    პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა ეკონომიკის ყოფილი მინისტრისა და დეპუტატთა ჯგუფის შეხვედრასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კომენტარები უკვე გაკეთდა და შესაბამისად, დღეს აღნიშნულზე საუბარი აქტუალური არ არის.

    „არ ვფიქრობ, რომ დღეს ამ საკითხზე საუბარი კიდევ აქტუალური იყოს. გიორგი ქობულიაზე სამთავრობო გუნდიდან კონკრეტული განმარტებები გაკეთდა, ვისი უშუალო პრეროგატივაც არის კონკრეტული პირების დანიშვნა-გათავისუფლების საკითხი. პრემიერ-მინისტრის მხრიდან პოლიტიკური შეფასება გაკეთდა.

    „შესაბამისად, ეს სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ამ პროცესს მეტი დრამატიზება არ მივანიჭოთ. ეს ნორმალური პროცესია. შესაძლოა, კონკრეტული პირი მინისტრად დაინიშნოს ან გათავისუფლდეს, პროცესი ჩვეულებრივი მოვლენაა და არაფერი განსაკუთრებული. ამიტომ დამატებითი კომენტარი ამ საკითხზე ზედმეტია," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

    ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია არ ხდება, თუმცა მას უამრავი ჟურნალისტი ესწრება.

    „დარბაზში არის 25 კამერა და ერთი ამდენი მობილურით იღებს და გადასცემს. ამდენი არ ღირსებია არც პრეზიდენტს და არც - პრემიერ-მინისტრს. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ხვდება დეპუტატებს პარლამენტში. ვნახოთ რას იტყვის იმაზე მეტს, რაც თქვა," - წერს რომან გოცირიძე.

    პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დეპუტატებს ნებისმიერი პირის დაბარების შესაძლებლობა აქვთ, თუმცა დღევანდელი შეხვედრა ოფიციალურ შეხვედრად არ ითვლება.

    „ჩვენ არ მოგვიწვევია გიორგი ქობულია. ჩვენ, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მოქმედ მინისტრებს ვიწვევთ და მათ ვესაუბრებით მიმდინარე მოვლენებზე, იმაზე, რაც შეიძლება ჩვენთვის საინტერესო იყო. უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა დაპატიჟეს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და შესაბამისად ისინი ჩაატარებენ შეხვედრას.

    „ეს ოფიციალური შეხვედრა ვერ იქნება, მაგრამ ბუნებრივია, პარლამენტის წევრს აქვს უფლება ნებისმიერ პირს დაელაპარაკოს, თუ ფიქრობს, რომ მისგან რაღაც ინფორმაცია სჭირდება. ამაში ვერაფერს განსაკუთრებულს და პრობლემურს ვერ ვხედავთ. უმრავლესობაში თუ რაიმე კითხვები გვიჩნდება, უმრავლესობაშივე ვსვამთ ამ კითხვებს და პარტიის შიგნით. გვაქვს სხვადასხვა ფორმატები, რომ ამ საკითხებზე ვისაუბროთ," - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

    ცნობისათვის, გიორგი ქობულიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობა 18 აპრილს დატოვა.

    ამასთან, დღეს პარლამენტში დეპუტატთა ჯგუფის მიწვევით გიორგი ქობულია დეპუტატების ნაწილს, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ყოფილ წევრებს ხვდება. დეპუტატები ყოფილი მინისტრის საქმიანობის ანგარიშს მოისმენენ და გიორგი ქობულიას თანამდებობიდან წასვლის მიზეზებით დაინტერესდებიან.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×