სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    10.07.2019

     „ვლადიმერ ვლადიმიროვიჩი ან მის მრჩეველებს ჰყავთ შეყვანილი შეცდომაში ან სპეციალურად აყალბებენ ამ ისტორიას, იმიტომ, რომ ახლა ასე აწყობთ მათ" - ასე აფასებს ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური „რეზონანსთან" საუბარში რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას.

    ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში შესვლის საკუთარი ვერსია მოყვა, მისი ვერსიით - „პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ სცადა აფხაზეთის გადაყლაპვა, შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და გერმანიის ჯარების დახმარებით 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია". რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, პუტინის განმარტებით, 1919-1920 წლებში საქართველომ სამხრეთ ოსეთში გენოციდი მოაწყო."

    გიორგი ოთხმეზური ამბობს, რომ პუტინის ეს განცხადება შესაძლოა უვიცობით იყოს გაკეთებული, რადგან ადრეც გააკეთა მსგავსი განცხადება იმის შსახებ, რომ თითქოსდა სტალინმა შიდა ქართლი საქართველოს აჩუქა, რაც არასწორია.

    „პუტინის ეს განცხადება ან ტენდენციურია, ან უვიცობით არის გაკეთებული, თავის დროზე ვლადიმირ პუტინმა გააკეთა ასეთი განცხადება, რომ „შიდა ქართლი სტალინმა აჩუქა საქართველოს"-ო, შიდა ქართლი ყოველთვის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი.

    „ტერმინი „სამხრეთ ოსეთი" პირველად 1830 წელს გაჩნდა, მაშინაც ეს იყო ტერმინი და არა ადმინისტრაციული ერთეული, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი 1922 წელს შექმნა საბჭოთა ხელისუფლებამ, მიუხედავად ადგილობრივი მოსახლეობის ძალიან დიდი წინააღმდეგობისა. იქ მცხოვრები ქართველები და სხვა ეროვნების ხალხი ოსებზე მეტნი იყვნენ, მაგრამ მაინც „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი" დაარქვეს და ამის მერე იქ გეგმაზომიერად ხალხის ჩაასახლეს.

    „მე-17-ე საუკუნიდან მოყოლებული, ევროპელების და ქართველების გაკეთებულ რუკებზე და ასევე რუსებისვე შექმნილ რუკებზე, რომელიც მე-18-ე საუკუნის დასაწყისში „გეორგეევსკის ტრაქტატის" შემდეგ გააკეთეს, ამ ტერიტორიებს ყველგან აწერია, რომ აფხაზეთი არის ქართლი.

    „ასევე, აფხაზეთიც ყოველთვის იყო საქართველოს ნაწილი, ქართველ მეფეთა ტიტულატურაში პირველი ეწერა მეფე აფხაზთა, იმიტომ, რომ ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის პირველი მეფე ბაგრატი, სწორედ დასავლურ-ქართული სახელმწიფო აფხაზთა სამეფოს მეფედ ეკურთხა პირველად და ამიტომაც მის ტიტულატურაში იყო პირველი „მეფე აფხაზთა" მერეა ქართველთა, რანთა კახთა და ა.შ.

    „მაშინ ტერმინი აფხაზეთი ნიშნავდა მთლიანად დასავლეთ საქართველოს, ჯერ გარკვეული პერიოდი ეს ტერმინი აფხაზთა საეროსთავოს მოიცავდა, რომელიც შედიოდა ეგრისის სამეფოში და მერე ტერმინი აფხაზეთი გაფართოვდა და დასავლეთ საქართველოს კი არა ზოგადად ქართველს აღნიშნავდა.მაგალითად დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, გიორგი პირველი, გიორგი მეორე, მარტო, როგორც აფხაზთა მეფე, ისეც არიან მოხსენიებულნი,

    „როდესაც საქართველო სამეფო სამთავროებად დაიშალა მე-16-ე საუკუნის ბოლოს და მე-17-ე საუკუნის დასაწყისში, აფხაზეთიც ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სამთავროდ, ისევე როგორც სამეგრელო, ოდიში, გურია და სვანეთი.

    „მაშინ აფხაზეთში განსაკუთრებული რთული მდგომარეობა შეიქმნა, რადგან აქ ხდებოდა მოწოლა ჩრდილოელ კავკასიელი მთიელების, რასაც თავის დროზე ჯერ ოსმალები უწყობდნენ ხელს და მერე რუსებმაც გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ გაუცხოვება მომხდარიყო ქართველსა და ე.წ. აფხაზებს შორის. (აფხაზი ისტორიულად არის ისეთივე ქართველი, როგორიც არის კახელი და ქართლელი და აფხაზეთი ისეთივე საქართველოს კუთხეა როგორიც არის ქართლი და კახეთი)."- ამბობს ოთხმეზური.

    ისტორიკოსის თქმით, ორივე ოლქში რუსების ძალისხმევით ქართველთა გვარების აფხაზურად და ოსურ გვარებად გადაკეთება მოხდა, რაც მათ მეტ პრივილეგიას ნიშნავდა.

    „რუსების ძალისხმევით მე-19-ე საუკუნის ბოლოს და მე-20-ე საუკუნეში უკვე მოხდა ქართული გვარების გააფხაზება (მათი გვარების 60%-ზე მეტი ქართულია) იმიტომ, რომ ამით მათ პრივილეგიები ჰქონდათ, იგივე პროცესი იყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, 80-იან წლებში ნამყოფი ვარ მანდ ექსპედიციაში და ადგილობრივ მოსახლეს, რომ ვკითხე გვარი, მითხრა გიგაევი ვარო და სასაფლაოზე, რომ ავედით ვნახეთ რომ იმ სოფელში გიგაურები იყვნენ დაკრძალულები, (მე-20-ე საუკუნის დასაწყისის საფლავებზე). გვარის მხრივ მათ პრივილეგიები ჰქონდათ იმითი, რომ როგორც მცირერიცხოვანი ერი ჯარში არ მიჰყავდათ.

    "საბჭოთა ხელისუფლების დროს რაიკომის მდივანი, აღმასკომის თავმჯდომარე, მთავარი მოსამართლე ან მილიციის უფროსი, რომ გამხდარიყავი აუცილებლად უნდა ყოფილიყავი ან აფხაზი აფხაზეთში, ან ოსი ე.წ. სამხრეთ ოსეთში.

    „საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკაში ბოლშევიკ აფხაზებთან მოხერხდა მოლაპარაკება და ისინი ავტონომიის სახით იყვნენ საქართველოს შემადგენლობაში, რაც შეეხება ოსებს, მაშინ შეიქმნა ოსეთის რევოლუციური კომიტეტი იქ მოლაპარაკება ვერ მოხერხდა, ამიტომ მათ საქართველოს წინააღმდეგ 1918-20 წლებში სამი აჯანყება მოაწყეს. ჩვენი მთავარსარდალი იყო ვალიკო ჯუღელი, რომელმაც ეს აჯანყება ჩაახშო." - თქვა მან.

    ისტორიკოსისვე თქმით, საქართველოს მხრიდან აფხაზებისა და ოსების ჩაგვრა არ მომხდარა, მათ თავიანთი ანბანები და ნაციონალური ინსტიტუტიც ჰქონდათ.

    „რუსები ოსების და აფხაზების ჩაგვრაზე ბევრს რომ საუბრობენ, როდესაც აფხაზეთიდან 300 ათასი ქართველი გამოყარეს (იქ 80 ათასი აფხაზი დარჩა და დღეს ისინი 40 ათასიც აღარ არიან), რა ჩაგვრა იყო, თავისი აფხაზური და ოსური ანბანი ჰქონდათ, მათი წიგნები ჟურნალები და გაზეთები გამოდიოდა, საკუთარი თეატრი ჰქონდათ ერთსაც და მეორესაც,აფხაზეთს თავისი ტელევიზია ჰქონდა.

    „ჩრდილოეთ კავკასიაში 70-80-იან წლებში არცერთი ნაციონალური სკოლა არ იყო, ყველგან იყო სწავლება რუსულად, ჩვენთან, ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტი იყო და იქ და თბილისის უნივერსიტეტშიც ოსურს ასწავლიდნენ და ოსების ისტორიას იკვლევდნენ.

    "ასე რომ არავითარი ჩაგვრა არ ყოფილა, ამიტომაც შეინარჩუნეს თავისი ეროვნული თვითმყოფადობა და ეროვნული სახე აფხაზებმაც და ოსებმაც, რომ ასეთი დამოკიდებულება იყო საქართველოს ხელისუფლებისაგან და ქართველებისაგან მათ მიმართ.

    „პუტინის ეს გამოსვლები არის დამყარებული საბჭოურ ისტორიოგრაფიაზე და საბჭოური ისტორიოგრაფიაში იწერებოდა, რომ რევოლუციონერების აჯანყება იყო და მენშევიკურმა მთავრობამ ჩაახშო, ეს დამყარებულია არასწორ ინტერპრეტაციაზე, ფაქტების გადაყირავებაზე და ისტორიის გაყალბებაზეა.

    "ვლადიმერ ვლადიმიროვიჩი ან მის მრჩეველებს ჰყავთ შეყვანილი შეცდომაში, ან სპეციალურად აყალბებენ ამ ისტორიას, იმიტომ, რომ ახლა ასე აწყობთ მათ."- ამობს გიორგი ოთხმეზური „რეზონანსთან" საუბარში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved