სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    11.07.2019

    ე.წ. ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულ მიხეილ კალანდია კვლავ  პატიმრობაში რჩება. ეს გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 11 ივლის მიიღო. მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ ასევე არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის კიდევ ერთი შუამდგომლობა კალანდიაზე  სს დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით. 

    მიხეილ კალანდიას ადვოკატი ანა კოტეტიშვილი ამბობს, რომ  მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს.

    „დაცვის მხარეს ჰქონდა რამდენიმე შუამდგომლობა, მათ შორის ერთ-ერთი იყო აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის - შეცვლაზე, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევწყვეტთ ბრძოლას. 

    „ეს არ არის ძირითადი საქმის მოსამართლე, შესაბამისად, ყოველთვის ცდილობს წინასასამართლო სხდომის მოსამართლე, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით არ იმსჯელოს, რადგან არსებითი საქმე როდესაც გადაეცემა სასამართლოს, იმ სასამართლომ გადაწყვიტოს მისი ბედი... არსებითი საქმის განხილვის დროს აუცილებლად დადგება გამამართლებელი განაჩენი იმიტომ, რომ ისეთი მოცულობის მტკიცებულებებია საქმეში წარმოდგენილი და იმ რაოდენობის, რომ შეუძლებელია გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს,“ - განაცხადა ადვოკატმა.

    რაც შეეხება ბრალდების მხარეს, საქმის  პროკურორი ამბობს, რომ  საქმეში არსებობს რისკები, რის გამოც, მიხეილ კალანდია უნდა იყოს პატიმრობაში, მათ შორის მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების რისკი.

    პროკურორ მირიან მეგრელიშვილის მტკიცებით, საქმეში არსებობს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი იმაზე, რომ მიხეილ კალანდიამ დავით სარალიძის მკვლელობა ნამდვილად ჩაიდინა. 

    "არსებობს ვარაუდის მაღალი ხარისხი იმისა, რომ საქმეზე შესაძლოა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი, ამიტომ საქმეზე დაინიშნა არსებითი განხილვა. ასევე, აღკვეთის ღონისძიება სასამართლომ გადასინჯა, მიიჩნია ბრალდების მხარის არგუმენტები გასათვალისწინებლად და გაიზიარა ის მოცემულობა, რომ კვლავ არსებობდა რისკი ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის. შესაბამისად, გამოყენებულია აღკვეთის ღონისძიება ბრალდების მხარის პოზიციის გათვალისწინებით ასევე დარჩა ძალაში," - ამბობს მირიან მეგრელიშვილი.

    მიხეილ კალანდიას ძმა ლუკა კალანდია კი შს მინისტრის მოადგილისგან საჯარო ბოდიშს ითხოვს. კალანდიების ოჯახი ამტკიცებს, რომ ბრალდებული პოლიტიკური პატიმარია და მის  წინააღმდეგ პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არა აქვს. გარდა ამისა, ლუკა კალანდია თვლის, რომ მისი ძმის დაპატიმრების აუცილებლობა არ არსებობდა და ნათია მეზვრიშვილმა მოიტყუა როდესაც თქვა, რომ ბრალდებული ქალაქიდან გასვლას აპირებდა. სწორედ ამ მიზეზით კალანდიების ოჯახი მეზვრიშვილისგან ბოდიშს ითხოვს.

    „მე მინდა მივმართო ქალბატონ ნათია მეზვრიშვილს, მე მინდა მან საჯაროდ მოიხადოს ბოდიში იმ ცრუ განცხადებისთვის, რაც მან გააკეთა. მოადგილის რანგის მქონე ქალბატონი არ უნდა აკეთებდეს ასეთ არაკომპეტენტურ განცხადებას, რომელიც შემდგომში ჩემს ძმას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხში ხელს უშლის. რომ ქალაქიდან გარბოდა და სინამდვილეში სასამართლოზე მოვდიოდით. ამისი ცნობაც არსებობს და ყველანაირი მტკიცებულება,“ - განაცხადა ლუკა კალანდიამ.

    მორიგი განხილვა საქალაქო სასამართლოში 24 ივლისს გაიმართება. 

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved