სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    15.07.2019

     

     აფხაზური ოპოზიციური ძალების ლიდერმა ასლან ბჟანიამ, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოწამლეს და დღემდე მკურნალობს, უარი განაცხადა დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და მომხრეებს თხოვნით მიმართა, სხვა კანდიდატს, პარტია "ამცახარას" თავმჯდომარე ალხას კვიცინიას დაუჭირონ მხარი.

    ალხას კვიციანია ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატად პარტია „ამცახარამ" 10 ივლისს დაასახელა. მანამდე პარტიას გაცხადებული ჰქონდა, რომ საკუთარ კანდიდატს არ წარადგენდა და ოპოზიციური გაერთიანება ერთხმად დაუჭერდა მხარს ასლან ბჟანიას, თუმცა, რადგან ბჟანიას ჯანმრთელობა არ გაუმჯობესდა, ბოლოს გადაწყდა, რომ კანდიდატად კვიცინია დაესახელებინათ, რომელიც ბოლო 3 წელია „ამცახარას" თავმჯდომარეა.

    გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში რეაბილიტაციის მიზნით მყოფი ასლან ბჟანიას მიმართვა კი 14 ივლისს საღამოს, სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე წაიკითხა ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ ხიშბამ.

    განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე გერმანელი სპეციალისტები თავდაპირველად ვარაუდობდნენ.

    განცხადების თანახმად, ბჟანია დარწმუნებულია, რომ მასზე თავდასხმა განხორციელდა და გერმანიაში მკურნალობის პროცესი ამ დრომდე გრძელდება.

    „13 ივლისს ჩატარებული გამოკვლევის შემდეგ ცხადი გახდა, რომ სიტუაცია უფრო სერიოზულია, ვიდრე ადრე ვვარაუდობდით და აღდგენის ვადები შესაძლოა, გაიწელოს. შექმნილ ვითარებაში, ჩემი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება არ დავაყენო ჩემი კანდიდატურა" - ნათქვამია ბჟანიას მიმართვაში.

    მან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და მოუწოდა, არჩევნებში ხმა მისცენ ოპოზიციური პარტიის, „ამცახარა"-ს კანდიდატს, ალხას კვიცინიას.

    რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წევრის, ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაზაფხულზე გაუარესდა. დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ოპოზიციაში დარწმუნებულნი არიან, რომ ასლან ბჟანია მოწამლეს, რადგან არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა. მოწამვლის ვერსიას ის აძლიერებდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა ბჟანიას დაცვის ორ წევრსაც.

    ასლან ბჟანია ჯერ მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს, მოგვიანებით კი, გერმანიაში გადაიყვანეს. ხაჯიმბას ხელისუფლება ირწმუნება, რომ რუსმა ექიმებმა ბჟანიას მწვავე აუტოიმუნური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. თავის მხრივ, ოპოზიცია აცხადებს, რომ მოწამვლა დაადასტურა გერმანიის და პოლონეთის ლაბორატორიებში ჩატარებულმა გამოკვლევამ.

    ბჟანიას ავადმყოფობის გამო, ოპოზიციამ რაულ ხაჯიმბას დე ფაქტო არჩევნების 21 ივლისიდან 23 ნოემბრამდე გადატანა მოითხოვა და 20-21 მაისს მასშტაბური აქცია გამართა. საბოლოოდ, სოხუმში ორდღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, დე ფაქტო ხელისუფლება დათმობაზე წავიდა და არჩევნები 25 აგვისტოს დანიშნა.

    ოპოზიციას იმედი ჰქონდა, რომ ბჟანია „წინასაარჩევნო" პროცესში ჩართვას შეძლებდა, თუმცა ეს იმედი არ გამართლდა.

    „ექსპერტთა კლუბის" წევრი, კონფლიქტოლოგი ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, ის ელოდა, ბჟანიას ამ მარათონიდან გამოთიშვას, რადგან ოპოზიციის ლიდერი მძიმედაა მოწამლული და პროგნოზსაც აკეთებს, რომ აფხაზეთის ე.წ. არჩევნებში მოქმედ „პრეზიდენტს", რაულ ხაჯიმბას კონკურენტი აღარ ჰყავს და ის მეორედაც გახდება ფხაზეთის ფე ფაქტო მმართველი.

    „ბჟანიას მდგომარეობა სერიოზულია, ეს ჩანდა კიდეც იმ დიაგნოზებიდან, რაც გავრცელდა და კაციშვილმა არ იცის საერთოდ როდის შეძლებს ფეხზე წამოდგომას ის. როგორც ჩანს და კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ის მოწამლულია ძალიან მძიმედ.

    "სავარაუდოდ, ბჟანია სწორედ იმიტომ მოწამლეს, რომ ამ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიეღო, იმიტომ რომ, ის იყო ერთადერთი, ვისაც შეეძლო სერიოზული კონკურენცია გაეწია ხაჯიმბასთვის. დღეისათვის, ყველა კანდიდატი, ვინც დარეგისტრირდა, ვერც ერთი ვერ გაუწევს რაიმე სახის პატარა კონკურენციასაც კი. არც ერთ კანდიდატს არ აქვს შანსი.

    "ბჟანიას მოსკოვშიც, ძალოვანების ერთ ფრთაშიც ჰყავდა მფარველი და ასევე შეეძლო გაეერთიანებინა მინიმუმ მთელი აღმოსავლეთ აფხაზეთი - ოჩამჩირე, გალის რაიონი და ამ ხმებით სერიოზული კონკურენცია გაეწია ხაჯიმბასთვის. ხაჯიმბას კონკურენციას ვერც „ამცახარას" წევრი ალხაზ კვიცინია გაუწევს. კვიცინია წლებია ამ პარტიაშია, მაგრამ ამ წლების განმავლობაში არაფრით არ გამორჩეულა. თავად „ამცახარა" ანქვაბის ფრთაა და ხაჯიმბასთან დიდი დაპირისპირება აქვს, ამიტომ ამ კუთხით შეიძლება იყოს საინტერესო, მაგრამ კვიცინია დიდ არაფერს წარმოადგენს. მას არც მოსკოვში ჰაყვს მფარველი და აფხაზეთში მოსკოვიდან მფარველობის გარეშე გამარჯვება გამორიცხულია.

    "მართალია, ხაჯიმბას მიმართ აფხაზეთში კარგი დამოკიდებულება არ არის, ხალხი ძალიან უკმაყოფილოა, მაგრამ ხაჯიმბას საწინააღმდეგო ხმები სხვა კანდიდატებს შორის გაიფანტება. ჩემი ვარაუდით, ისევ ხაჯიმბა გაიმარჯვებს,"- ამბობს ცქიტიშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×