სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    15.07.2019

      

    ე.წ. გავრილოვს ღამიდან, 20 ივნისის აქციის დაშლიდან, 25 დღის გასვლის შემდეგ პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და გამოაცხადა, რომ მოქალაქეზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დაკავებულია შს სამინისტროს ერთი თანამშრომელი. დაზარალებული მოქალაქე იურისტი დავით ნიორაძეა, პოლიციელის ვინაობა არ საჯაროვდება. პროკურატურას 25 დღე დაჭირდა იმისთვის, რომ საჯაროდ არსებული კადრებიდან, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაა ასახული, მხოლოდ ერთი პოლიციელის დანაშაული დაედგინა.

    პროკურატურის ბრიფინგს შს სამინისტროს გამოხმაურებაც დაემატა. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უმოკლეს დროში ჩაატარა სამსახურებრივი შესწავლა და უფლებამოსილება შეუჩერდა 10-მდე პირს, მათ შორის, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს.

    საგულისხმოა ის, რომ აქციის დაშლიდან 25-ე დღეს პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგზე გაავრცელა კადრიც, სადაც ჩანს პოლიციელი ფიზიკური ძალადობით როგორ სვამს იურისტ დავით ნიორაძეს მანქანაში და ნიორაძეზე ძალადობის ამსახველი ეს კადრები პროკურატურამდე ერთი კვირით ადრე ჰქონდა გავრცელებული „რუსთავი 2"-ს. მაშინ ნიორაძემ „კურიერს" უთხრა, რომ პოლიციელემა ჯერ აგინა და პანღური ამოარტყა დამცირების მიზნით, შემდეგ ცემით ჩასვეს მანქანაში და მასზე ძალადობა დაკავების შემდეგაც გაგრძელდა.

    მისი თქმით, სპეცრაზმელები მხოლოდ იმიტომ დაესხნენ თავს, რომ აქციის დარბევას ტელეფონით იღებდა, რის გამოც ტელეფონი დაუმტვრიეს, თუმცა ეკრანის გათიშვის შემდეგ ტელეფონმა ჩაიწერა ხმები, როგორ არაადამიანურად ეპყრობოდნენ და როგორ ითხოვდა ის ექიმს.

    „რომ დამაკავა, შემიყვანეს თავის ალყაში, დამაწვინეს ძირს და მაგრად დამიმუშავეს ფერდები, ჩამიტეხეს მარჯვენა მხარეს მეთერთმეტე ნეკნი," - იხსენებს დავით ნიორაძე.

    მიუხედავად იმისა, რომ დავით ნიორაძემ პოლიციელების მხრიდან მის ცემის ფაქტების გადაღება მობილური ტელეფონით მოახერხა, შს სამინისტრო მისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

    20-21 ივნისის აქციის სამართლებრივი შედეგი ასეთია: აქციის მონაწილეების მხრიდან, დაკავებულია 4 მოქალაქე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, იკითხებიან პოლიტიკოსები და ბრალდებულია დეპუტატი ნიკა მელია. სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებით შსს-მ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს გიორგი ყაყიჩაშვილს უფლებამოსილება შეუჩერა დროებით, 20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე. ასევე 10 სამართალდამცველს შეუწყდა უფლებამოსილება და ბოლოს, პროკურატურამ დააკავა პოლიციელი.

    საგანგებო ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, რომ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დააკავეს პოლიციელი, რომელმაც 21 ივნისს გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე გადაამეტა თავის სამსახურეობრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე.

    „შსს-ს თანამშრომელი დაკავებული იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე საქართველოს სს კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილი „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით," - განაცხადეს პროკურატურაში.

    გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს, სხვა შესაძლო დამნაშავეების გამოვლენის მიზნით. ამ მიზნით გამოკითხულია რამდენიმე ასეული პირი და მიმდინარეობს მასალების შესწავლა.

    პროკურატურის ბრიფინგამდე დილით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა.

    მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ აქციის დაშლისას პოლიციამ გამოიყენა ლეგიტიმური ძალა, თუმცა სამწუხაროდ იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთმა სამართალდამცველმა გადააჭარბა უფლებამოსილებას და გამოიყენა ზედმეტი ძალა, რაც გამოძიებამ უნდა დაადგინოს და დაუსჯელი არავინ დარჩება.

    „სამწუხაროდ, გვყავს დაზარებული ადამიანები, ახალგაზრდები და პოლიციელები. არავინ დარჩება დაუსჯელი და ეს პროცესი, რომელიც მიმდინარეობს 21 ივნისიდან, არის ამის მკაფიო დემონსტრირება. ისევე, როგორც ე.წ. პოლიტიკოსები, უპასუხისმგებლო ადამიანები არ აცდებიან პასუხისმგებლობას, რომ გამოიყენეს ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი თავისი პროვოკაციული მიზნებისთვის", - განაცხადა ბახტაძემ.

    კითხვაზე, რატომ არ არის დაკავებული მაგალითად სპეცრაზმელი ზაზა ფანცქალაშვილი, რომელიც ცდილობდა დამიზნებით ესროლა ოპერატორისთვის, ბახტაძე აცხადებს, რომ ყველა დაისჯება, ვის მიმართაც ძალის გადამეტება დადგინდება.

    „გვარი, რომელიც თქვენ ახსენეთ ან ნებისმიერი სხვა გვარი, რომელიც შეიძლება, მონაწილეობდა იმ პროცესებში, რასაც ჰქვია ძალის გადამეტება, გეუბნებით და პროცესი ამას აჩვენებს, რომ ყველა კანონის ფარგლებში იქნება დასჯილი. გამოძიება უნდა დასრულდეს", - აღნიშნა პრემიერმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×