სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    16.07.2019

      

    20 ივნისის აქციის დარბევიდან 26 დღე გავიდა და პროკურატურამ უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით კიდევ ერთი პოლიციელი დააკავა. ეს უკვე მეორე პოლიციელია, ვისაც მომიტინგეებზე ფიზიკური ძალადობის გამო სს ბრალი წაუყენეს. 8 მომიტინგე და ერთი პოლიტიკოსი 2 პოლიციელის წინააღმდეგ - ასეთი ბალანსით მიმდინარეობს გამოძიება ე.წ. 20-21 ივნისის საქმეზე.

    გამოძიების მტკიცებით, 8 მომიტინგე პოლიციელებს ესხმოდა თავს, 2-მა პოლიციელმა კი მომიტინგეები სცემა. ამასთან, შესაძლოა ამბოხსა და ჯგუფურ ძალადობაზე ბრალდებები წაყენებული აქვს ნიკა მელიას, რომელსაც ელექტრონული სამაჯური უკეთია. 18 ივლისს გამოკითხვაზე დაბარებულია „ნაცმოძრაობის" კიდევ ერთი ლიდერი - გრიგოლ ვაშაძე.

    პროკურატურა ბოლო ორი დღეა 20-21 ივნისის საქმეზე ძალიან გააქტიურდა და საგანგებო ბრიფინგებს აწყობს. ორშაბათს დააკავეს ერთი პოლიციელი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დაკავებული მომიტინგის ცემის გამო. ახლა დააკავეს კიდევ ერთი.

    „გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად მიმართული ღონისძიებების განხორციელებისას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, იარაღის გამოყენებით, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, კერძოდ, დაარღვია სპეციალური საშუალების გამოყენების კანონით განსაზღვრული წესი და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა აქციის ორ მონაწილეს", - საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა პროკურორმა კოკა კაციტაძემ.

    შს სამინისტროს თანამშრომელი დაკავებულია იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, სს კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით. პროკურატურა სასამართლოს მიმართავს დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით და დიდი ალბათობით, ოთხშაბათს ამ პოლიციელსაც პირველის მსგავსად პატიმრობას შეუფარდებენ.

    გარდა ამ 2 პოლიციელისა ორშაბათს ღამით შს სამინისტრომ მომიტინგეების მხრიდან დააკავა 4 ადამიანი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით. გაავრცელა ვიდეოკადრიც და გამოძიება აცხადებს, რომ 4-ვე დაკავებული პოლიციელების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

    ერთ-ერთი მათგანი არის 26 წლის კახა ღავთაძე. საგამოძიებო უწყება ამბობს, რომ ღავთაძე პოლიციის მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. სამართალდამცველს წაართვა ფარი და ერთ-ერთი სპეცრაზმელი პოლიციის კორდონიდან ხალხის მასაში გაათრია.

    ღავთაძის ადვოკატის განცხადებით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მედიაში გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით დანაშაული არ იკვეთება.

    „ვიდეოზე ჩანს იგი რეალურად ეხმარება სპეცრაზმელს გადაადგილებას და ყველანაირად ცდილობს ხელი შეუწყოს, რომ არ შეეშალოს ხელი ამ ადამიანს გადაადგილებაში. მე ვფიქრობ დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ,"-ამბობს ადვოკატი ბექა წკრიალაშვილი.

    იმავეს ამბობს დაკავებულის დედაც.

    „ამბობდა, რამდენიმე პოლიციელი, რომელთათვისაც შეიძლებოდა ადამიანებს რამე დაეშავებინათ გამოვარიდე კორდონიდანო,"-ამბობს კახა ღავთაძის დედა, შორენა ბიწაძე.

    მეორე დაკავებული ვატო გელაშვილია, ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი. გამოძიება ამტკიცებს, რომ გელაშვილი და მასთან ერთად კიდევ 3 პირი ორგანიზებულად შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

    ვატო გელაშვილის შემთხვევაში დაკავების მოტივი მედიასაშუალებების კადრები არ ყოფილა. პოლიციამ „შეაჩერე კორუფციას" ხელმძღვანელი საკუთარი „ფეისბუქის" გვერდზე ატვირთული ვიდეოს გამო დააპატიმრა.

    გელაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ თავად დაკავებული 20 ივნისის ღამეს დაზიანდა. მას სნაიპერი დამიზნებით ესროდა.

    „გვაჩვენონ პოლიციელი, გვაჩვენონ ის ქონება, რომელიც მან დააზიანა. თვითონ ვატო კი დაზიანებული იყო. როდესაც სნაიპერი დამიზნებით ესროდა, თავი რომ არ გაეწია თვალი ექნებოდა გამოთხრილი, იმიტომ რომ შუბლში მოხვდა. ამოიღონ ვიდეო სადაც ჩანს, როგორ ჩამოდიოდა მას სისხლი შუბლზე. ვატო იყო მსხვერპლი ამ აქციის. მათ თავისუფლად შეეძლოთ დაკითხვაზე დაებარებინათ. მათთვის უფრო მნიშვნელოვანია ახლა ვიღაცა მსხვერპლის მოძებნა და ვიღაცაზე ხელის შეწმენდა,"- ამბობს ადვოკატი ქეთევან ენუქიძე.

    დაკავებულებს შორის არის 22 წლის მუხრან ფანგანიც. შს სამინისტროს ინფორმაციით, ფანგანი 20 ივნისის ღამეს პოლიციელებს ფიზიკურად უტევდა. მასთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი 23 წლის ახალგაზრდა კი რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სპეცდანიშნულების რაზმზე თავდასხმისკენ მოუწოდებდა.

    ამ დროისთვის ე.წ. გავრილოვის ღამის სამართლებრივი სურათი ასეთია - დარბევის დროს უფლებამოსილების გადამეტების გამო დაკავებულია 2 პოლიციელი, შს სამინისტროს 10 თანამშრომელს უფლებამოსილება აქვს შეჩერებული.

    მომიტინგეების მხრიდან კი სს საქმე აღძრულია 9 ადამიანზე, მათგან ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 8 პატიმრობაშია. 4 დაპატიმრეს 4 ივლისს, მეორე 4 მომიტინგე - 15 ივლისს. პლუს, „ნაცმოძრაობის" დეპუტატი ნიკა მელია პატიმრობას კი გადაურჩა, ზედმეტი ხმაური რომ არ გამოეწვია მის დაკავებას, თუმცა ის ელექტრონული სამაჯურით გადაადგილდება.

    გარდა ამისა, გამოძიებას კითხვები აქვს „ნაცმოძრაობის" კიდევ ერთ ლიდერთან - გრიგოლ ვაშაძესთან. შს სამინისტროს ცნობით, ვაშაძე 20 ივნისის მოვლენების გამო 18 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით გამოიკითხება.

    პოლიტიკოსებიდან უკვე გამოიკითხნენ: „ევროპული საქართველოს" წევრი გიგი უგულავა, „ნაცმოძრაობის" წევრები, ხატია დეკანოიძე და გიორგი ბარამიძე, ასევე ირაკლი ღლონტი, გუბაზ სანიკიძე და ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა. პოლიტიკოსებიდან ასევე დაბარებულია ირაკლი ოქრუაშვილიც, თუმცა ის საქართველოში არ იმყოფება.

    როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სს კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობას გულისხმობს და პოლიტიკოსებიც ამ საქმეზე გამოიკითხნენ. გამოძიება ასევე მიმდინარეობს 325-ე მუხლითაც, რაც ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობასა და ხელში ჩაგდებას გულისხმობს. სწორედ ამ საქმეებზე პროკურატურამ ბრალი უკვე წაუყენა ენმ-ის ლიდერს, ნიკა მელიას.

    ცნობისათვის, 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ანტისაოკუპაციო აქცია შს სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ჯერ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, შემდეგ კი წყლის ჭავლებით დაარბია.

    ჯამში დარბევისას 240-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 160-ზე მეტი მშვიდობიანი დემონსტრანტი იყო, 80 - სამართალდამცველი. რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად 2-მა ადამიანმა თვალი დაკარგა, მართვით სუნთქვაზე იყო 2 ადამიანი.

    20 ივნისიდან რუსთაველის გამზირზე პროტესტი „სირცხვილია" არ წყდება. პოლიციელების დაკავების მიუხედავად აქციის 27-დე დღეს მთავარი მოთხოვნა ისევ უცვლელია - გიორგი გახარიამ პასუხისმგებლობა აიღოს და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვოს. გახარია ჯერჯერობით თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

    რიგითი პოლიციელების წინააღმდეგ სს საქმის აღძვრას „ერთი ბარტყის გადმოგდებად" აფასებენ ოპოზიციაში და აცხადებენ, რომ მთავარი ამოცანა გიორგი გახარიას მიერ პასუხისმგებლობის აღებაა, რადგან სისხლიანი ღამის ავტორი სწორედ შს მინისტრია, ცალკეული სამართალდამცველების დაკავება კი მას ამ პასუხისმგებლობისგან ვერ გაათავისუფლებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×