სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    10.09.2019

     ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მოსაზრება, თუ როგორ შეიძლება დაჩქარდეს საქართველოს გაწევრიანება ნატო-ში, დღის მთავარ თემად იქცა. ამ განცხადებას საქართველოს პოლიტიკური და ანალიტიკური წრეები იმდენად აქტიურად გამოეხმაურენ, რომ პრაქტიკულად ამ თემაზე ფართო დისკუსია უკვე დაწყბულად შეიძლება ჩაითვალოს.

    შეთავაზების არსი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ფორმალურად მოეხსნას ერთ-ერთი მთავარი ბარიერი - ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა. თუკი დღეს საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წესდებიდან გამომდინარე, ეს ფაქტი ნატო-ს წევრ ქვეყნებს ავტომატურად საომარ მდგომარეობაში ჩააყენებს რუსეთთან, რადგანაც დღეს საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი და სამაჩაბლო - რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ხოლო ნატო-ს წესდების მე-5 მუხლით, ორგანიზაციის ნებისმიერ ერთ წეცრზე თავდასხმა განიხილება, როგორც თავდასხმა ნატო-ს წევრ ყველა სახელმწიფოზე.

    რასმუსენის შეთავაზების არსი იმაშია, რომ ნატო-ს წესდების მე-5 მუხლი დროებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენამდე, გავრცელდეს მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ნატო-ს გენმდივანი საქართველოს ხელისუფლებას ამ იდეის ფართი წრეში განხილვასა და დადებითი გადაწყვეტის შემთხვევაში შესაბამისი წინადადებით ნატო-სათვის მიმართვას ურჩევს.

    ასეთ შემთხვევაში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ნატო-ს წევრი სახელმწიფოების რუსეთთან საომარ მგდომარეობაში ჩაყენებას არ გამოიწვევს. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს საქართველოს ხელისუფლების მიერ აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე უარის თქმას ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ. თუმცა, საკითხის ასე დაყენება არც ნატო-ში შესვლის გარანტიას იძლევა, რადგანაც ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოსთვის ამ გზაზე ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი კი არის, მაგრამ არა ერთადერთი.

    რასმუსენის განცხადებით, თუ საქართველო ამ საკითხს დღის წესრიგში დააყენებს, ამაზე უკვე ნატო-ს მოკავშირეები იმსჯელებენ. ნატო-ს ყოფილ გენერალურ მდივანს ამის მაგალითად გერმანიის პრეცედენტი მოჰყავს.

    უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან" საუბრიას აცხადებს, რომ საქართველოს მხრიდან ამ საკითხის დაყენება სარისკოა, თუმცა, რადგან ამაზე საუბარი დაიწყო, „შესაძლოა გარკვეული შეთავაზებები მოხდეს".

    „ამაზე განხილვები არ ყოფილა, თუმცა განსახილველი საკითხია. ეს ძალიან სარისკოა და ნიშნავს, თითქმის ხელის აღებას ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამიტომ ამაზე დათანხმება ძნელი და წარმოუდგენელი მეჩვენება. თუმცა, რადგან საუბარი დაიწყო, შეიძლება გარკვეული შეთავაზებები მოხდეს.

    „ნატო-ს არ სურს მდგომარეობა გამწვავდეს, თანაც ეს ტერიტორიები დიდი თავსატეხია მათთვის. ამ შემთხვევაში გარკვეული გზა უნდა მოვნახოთ. ნატო-ში გაწვერიანების გარანტიას გვაძლევენ რამდენიმე წელიწადში და არა ახლა. თუკი ამ ტერიტორიებზე უარის თქმა მოხდება, ამას ჩვენი საზოგადოება ვერ დაუშვებს. ასე რომ, სხვა გამოსავალია მოსაძებნი," - აღნიშნა მან.

    ქანთარიასთვის არ არის მისაღები საქართველოს შემთხვევის გერმანიასთან შედარება.

    „გერმანიის მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, მაგრამ იქ სხვა მოცემულობა იყო. ჩვენ აფხაზები და ოსები გვყავს დასაბრუნებელი, მხოლოდ ტერიტორია არა. ერთმანეთთან შედარება ამ შემთხვევაში ჩემთვის მიზანშეწონილი არ არის," - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

    ცნობისათვის, იგივე იდეა გასული წალის იანვარში ამურიკული კვლევითი ორგანიზაცია „ჰერიტეიჯ გაუნდეიშენის" მკვლევარმა ლუკ კოფიმაც გამოთქვა. როგორ იგი თავის ანალიტიკურ სტატიაში წერდა, „საქართველოს ოფიციალური პირები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მოხარულები იქნებიან, დათანხმდნენ ნატო-ს წევრობას კომპრომისის საფუძველზე".

    ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე „რეზონანსთან" საუბრისის ამბობს, რომ ამ საკითხზე საკმაოდ დიდი სამუშაო იქნება ჩასატარებელი, რაც მარტივი არ არის, რადგან ამ შემთხვევაში მუშაობა არა მარტო ქართველ მოსახლეობასთან მოუწევს ხელისუფლებას იმის ასახსნელად, რომ ეს ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას არ ნიშნავს, არამედ იმ ქვეყნების დაყოლიებაც, რომლებიც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან. შარაშენიძე მიიჩნევს, რომ არასწორია მიდგომა, რომ ეს ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვის ტოლფასი იქნება.

    „ეს იდეა გაჩნდა პირველად 2010 წლის სექტემბერს ჩვენ თავდაცვის სამინისტროში. რეალურად დიდი ხანია ეს მოსაზრება არსებობს, თუმცა რთული განსახორციელებელია. რასმუსენი ახლა რომ ალაპარაკდა, მას შემდეგ, რაც აღარ არის გენმდივანი, თითქოს უცნაურია.

    „ძალიან გართულდება ჩვენი მოსახლეობისთვის იმის ახსნა, რომ ეს ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვას არ გამოიწვევს და პროპაგანდა, ბუნებრივია, იმუშავებს იმაზე, რომ სწორედ ამაში დაარწმუნოს საზოგადოება - რომ ტერიტორიები დაიკარგება. თანაც არც ეს არის მისაღები გერმანიისა და საფრანგეთისთვის, რომლებიც საქართველოს ნატო-ში მიღების წინააღმდეგი არიან. ასე რომ, სამუშაო არის როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, რაც მარტივი არ არის.

    „ალბათ ეს არის ერთადერთი გამოსავალი ნატო-ში გაწევრიანებისთვის. ეს ასე მარტივი არ არის. ეს ვერ გაბედა წინა მთავრობამ და ვერც ეს მთავრობა გაბედავს," - განუცხადა „რეზონანსს" თორნიკე შარაშანეძემ.

    უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, მამუკა არეშიძის აზრით, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის ეს განცხადება ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან ნატო-ში მიგვიღონ, თუმცა, რუსეთთან კონფრონტაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების გამო, არ წავლენ.

    „ნატო-ს ყოფილი გენეალური მდივნის ეს განცხადება თავისთავად ძალიან საინტერესო განცხადებაა. დაფიქრება ნამდვილად ღირს. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი მსჯელობა უნდა გაიმართოს ამ თემაზე. ეს განცხადება რომ გაეკეთებინა ამ ორგანიზაციის წარმომადგენელს, უკეთესი იქნებოდა, ბუნებრივია, მაგრამ მაინც საინტერესოა. მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადება მისი ინიციატივა არ არის, ეს გაახმოვანებინეს, სთხოვეს, უკეთეს შემთხვევაში, ნატო-ს დღევანდელმა ხელმძღვანელობამ.

    „ეს ნიშნავს იმას, რომ „ჩვენ მიგიღებთ ნატო-ში, ოღონდ რუსეთთან კონფრონტაციაზე არ წვალთ, რუსეთთან სადაო არის ოკუპირებული ტერიტორიები და ის ჩვენთვის არის მაინც თქვენი სახელმწიფოს ნაწილი, მაგრამ ამ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესების გამო, რუსეთთან კონფრონტაციაში არ შევალთ," - განუცხადა არეშიძემ „ინტერპრესნიუსს."

    უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, „საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად გახდება - ეს არის გარდაუვალი საკითხი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ეჭვის ქვეშ არასდროს დადგება."

    დეპუტატის თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია ნატო-ს, ევროკავშირის და ყველა ცივილიზებული სუბიექტის მხრიდან.

    „რაც შეეხება რასმუსენის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, საუბარია ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლის გამოყენებაზე - ანუ, შეუძლია თუ არა საქართველო ნატო-ს წევრი თავისი ტერიტორიული მთლიანობით გახდეს, მაგრამ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებს არ შეეხოს, ისე როგორც ეს დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის შემთხვევაში მოხდა.

    „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აღიარებულია და საქართველო ნატოს წევრი გახდება აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად", - განუცხადა სესიაშვილმა ჟურნალისტებს.

    მან აქვე აღნიშნა, რომ ქვეყნის გაცხადებული ამოცანაა, ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია მშვიდობიანი, დიპლომატიური გზით მოხდეს.

    „ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკი განცხადებით, ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს მიღება იმ ტერიტორიითა და საზღვრებით უნდა მოხდეს, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის ნატო ცნობს.

    „არის საკითხები, რომლებზეც უნდა ვიმსჯელოთ. ეს საზოგადოების საერთო კონსენსუსი უნდა იყოს, რომელსაც სჭირდება დამატებითი კომენტარები და განმარტებები. ამ ტერიტორიებზე ვერც ჩვენ და ვერც ერთი პოლიტიკური ძალა უარს ვერ იტყვის, არ იტყვის, რადგან ისტორიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ სვლაა, რაც არავის გამოადგება.

    „დარწმუნებული ვარ, ემოციურად ყველა ასეა განწყობილი, რომელ პოლიტიკურ ფლანგზეც არ უნდა იდგეს. თუ ეს ამას უპირისპირდება, ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ ამ საკითხის მეორე მხარე არსებობს, როცა ვამბობთ, რომ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას მოლაპარაკებებით მოვაგვარებთ," - განაცხადა ვოლსკიმ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    Saertod   (10.09.2019)
    NATO ara mayvala. Gviyenebt roca gindat erayi avghaneti, da roca ruseti gvesxmis tavs mxolod sheshfotebas gamoxatavt. G7, G20. Dzagli dzaglis tyavs ar daxevs chveni gulistvis


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×