სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რას ნიშნავდა ვიცე-პრემიერებად წულუკიანისა და ცქიტიშვილის დანიშვნა და იკვრება თუ არა პრემიერ გახარიას გარშემო ივანიშვილის ყველაზე სანდო მინისტრების წრე
    ელზა პაპოშვილი
    15.09.2019

     ახალმა პრემიერმა გიორგი გახარიამ საზოგადოებას ახალი ვიცე-პრემიერები - თეა წულუკიანი და მაია ცქიტიშვილი წარუდგინა. ამან ანალიტიკოსებს და პოლიტიკოსებს გარკვეული დასკვნების საშუალება უკვე მისცა, თუ რაზე იქნება პრემიერის მხრიდან მთავარი აქცენტები გაკეთებული. 

    ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ ივანიშვილი მის მიმართ კრიტიკულ ადამიანებს, თუნდაც ეს რიცხვი დიდი იყოს, „თავის ხალხად“ არ განიხილავს და ემზადება მათთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისთვის, რომლის კულმინაციაც მას  2020 წლის არჩევნებზე წარმოუდგენია. ამიტომაც, მათი აზრით, ის გახარიას ბოლომდე არ ენდობა, თუმცა ძალიან სჭირდება. ამიტომაც მის გარშემო თავისთვის სანდო ადამიანების წრეს კრავს. ამის ნათელი მაგალითი კი ღარიბაშვილი, გომელაური,  წულუკიანი და ცქიტიშვილი არიან. 

    პოლიტოლოგები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნების ხისტ გეგმაზე გადავიდა. ივანიშვილი გახარიას პრემიერობით საზოგადოებას ეუბნება, რომ „ოცნება“ უნიათო აღარ არის და მკაცრი ხელის პოლიტიკაზე გადადის. 

    „ჩვენი ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული, ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და რაც მთავარია, დისციპლინა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ  13 სექტემბერს მთავრობის პირველ  სხდომაზე განაცხადა.

    „ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, პირველ რიგში, ჩვენს ახალგაზრდებზე, ბავშვებზე და ღვაწლმოსილ მოხუცებზე. ასევე მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენი ღიაობის პრინციპის გათვალისწინებით, თითოეულმა თქვენგანმა მთავრობის სხდომის შემდგომ არა მხოლოდ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე გააცნოს ინფორმაცია მედიას, რომელსაც წარმოადგენენ მთავრობის სხდომაზე, არამედ საზოგადოებისა და ჩვენი მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე, თუნდაც ეს თემები მთავრობის სხდომის დროს განხილვის საგანი არ ყოფილიყოს“, - მიმართა პრემიერმა მთავრობის წევრებს. 

    მთავრობის მეთაურმა  რეგიონების ხელმძღვანელებს პრობლემების მოკლე ვადებში მოგვარება დაავალა და გუბერნატორებს დროში გაწერილი კონკრეტული სამოქმედო გეგმის უახლოეს პერიოდში წარმოდგენა მოსთხოვა. 

    „აუცილებელია ვიმოქმედოთ სწრაფად, ეფექტიანად და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამყარებული კეთილსინდისიერი ქმედებით. არავის აქვს იმის რესურსი, რომ კიდევ დიდხანს გველოდოს“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებს.

    პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში გიორგი გახარიას მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი სამთავრობო პროგრამის თანახმად, 2019-2020 წლებში მთავრობის სამოქმედო გეგმა ძირითადად ორიენტირებული იქნება სწრაფი და თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევაზე. ოთხ საკვანძო მიმართულებად დასახელებულია უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები, ეკონომიკის განვითარება, განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა.

    ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ახალი მთავრობის მთავარი ფოკუსირება 2020 წლის არჩევნებზე იქნება. უკვე გამოჩნდა, რომ „ოცნების“ მთავარი მიზანია ამომრჩეველს აჩვენოს, რომ ის მკაცრი ხელის პოლიტიკაზეა გადასული. ძაბირაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას მეტი დრო არც აქვს და რეალურად გახარია მთავრობაში რაიმე რადიკალური ცვლილებებით ვერც ვერაფერს შეცვლის. 

    ანლიტიკოსი ამბობს, რომ თეა წულუკიანის და მაია ცქიტიშვილის ვიცე-პრემიერებად დანიშვნასაც თავისი გარკვეული მიზნები აქვს. წულუკიანი გახარიას სჭრიდება, როგორც პრინციპული და მკაცრი ხასიათის მინისტრი. რაც შეეხება ცქიტიშვლს, ძაბირაძე ამბობს, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამინისტროს ხელმძღვანელია, რომლის მეშვებოთაც წინასაარჩევნოდ ბევრი რამ იქნება გასაკეთებლი. 

    „ახლა გახარიას და „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი 2020 წლის არჩევნებია. გახარიამ რეალურად რადიკალური ცვლილებები რომც დაიწყოს მთავრობაში, ერთ წელში მაინც ვერაფერს მოასწრებს. ამიტომაც მისი მთავრი ფოკუსი ახლა მკაცრი ხელის პოლიტიკა იქნება. ის ამომრჩეველს და საზოგადოებას დაანახებს, რომ რიგ საკითხებთან მიმართებაში  ხისტი პოლიტიკის გატარებას აპირებს.

    „თანაც „ოცნებას“ ახლა შესაძლოა კოალიციური მთავრობაც კი დასჭირდეს. ამიტომაც გახარიას რამე სერიოზული გეგმა რომც ჰქონდეს, რადიკალური ცვლილებებით ვერც ვერაფერს მოასწრებს. თეა წულუკიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა, ღარიბაშვილის მსგავსად, იმის ნიშანია, რომ ის გახარიას ხისტი პოლიტიკის გატარებაში სჭირდება. მაია ცქიტიშვილი კი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამინისტროს ხელმძღვანელია და მისი მხარდაჭერა წინასაარჩევნოდ ძალიან მნიშვნელოვანია“, - აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან“.   

    ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას დაბალანსებას მისი ერთგული მინისტრების ვიცე-პრემიერებად დანიშვნით ცდილობს. მისი აზრით, ივანიშვილს გარკვეული შიში აქვს, რომ ვიღაცას მეტის სურვილი არ გაუჩნდეს, ამიტომაც გახარიას გარშემო კრებს ისეთ ადამაინებს, რომლებიც მისი ერთგულებით გამოირჩევიან და არა გახარიასი. ამის ნათელი მაგალითი ღარიბაშვილისა და გომელაურის დანიშვნა იყო, ახლა კი გახარიასთვის  ვიცე-პრემიერებად თეა წულუკიანის და მაია ცქიტიშვილის გვერდით დაყენებაა . 

    „ივანიშვილი 2020 წლისთვის ეცდება, რომ ძალოვანი მინისტრების დახმარებით ხელისუფლება კვლავ შეინარჩუნოს. მას გახარია სჭირდება, როგორც საკუთარ თავზე ყველაფრის ამღები პირი და მან ეს 20-21-ივნისის ღამით განვითარებული მოვლენებით აჩვენა. 

    „თუმცა, აქ საქმე ისაა, რომ მას მაინც ბოლომდე არ ენდობა. ივანიშვილი, კვირიკაშვილის მაგალითიდან გამომდინარე, შეშინებულია და ახლა ცდილობს პრემიერის გარშემო ისეთი ხალხი შემოკრიბოს, რომლებსაც თავად უფრო ენდობა და არა გახარია. ამის ნათელი მაგალითი ღარიბაშვილი და გომელაურია, რომლებიც გახარიას არასდროს დაემორჩილებიან. ასევე ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი, რომელმაც ამდენი წელია ივანიშვილს დაუმტკიცა, რომ მისი ერთგულია. 2012 წლიდან მოყოლებული მინისტრებიდან მხოლოდ ის არ შეცვლილა. ასევე მაია ცქიტიშვილი, რომელიც ივანიშვილის დიდი ნდობით და სიმპათიით სარგებლობს. 

    „შესაბამისად, გახარიას გარშემო წრე კეთდება, არა მისი ერთგულებით განმსჭვალული ადამიანების, არამედ ივანიშვილის ნდობით მოსარგებლე ხალხით. ლოგიკურია, რომ ივანიშვილი 2020 წლის არჩევნების მოგებას შეეცდება და ამისთვის ხისტი პოლიტიკის გატარება სჭირდება. ესაა ოპოზიციისთვის იმის ნიშანი, რომ მათ ქმედებებს ასე მარტივად არავინ აღარ გაატარებს. ასევე ივანიშვილს „ოცნების“ შიგნით იმედი არ აქვს, რომ კიდევ არავინ წავა. შესაბამისად, მთავრობაში ყველაზე სანდო ხალხი სჭირდება“, -აცხადებს „რეზონანსთან“ კაკაჩია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×