სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    02.10.2019

     უკრაინაში სპეცოპერაციისას მოკლული პანკისის ხეობის კრიმინალური ავტორიტეტი შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილი, რომელიც სხვადასხვა გახმაურებულ საქმებში ფიგურირებდა, მათ შორის დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეშიც, „მაქსიმალურად ერიდებოდა საქათველოს ტერიტორიაზე ყოველგვარ აქტივობას," აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე.

    უკრაინაში 2 სექტემბერს სპეცოპერაციისას საქართველოს მოქალაქე, პანკისის ხეობის კრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილი მოკლეს. პოლიციამ მას ხოტიანოვკის დასახლებაში მიაკვლია. მოკლული ჭიჭიაშვილის სახელი ფიგურირებს ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობისა და დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეებში. თარგამაძის მტკიცებით, მისი მანქანის აფეთქების უკან სწორედ ჭიჭიაშვილი დგას.

    ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჭიჭიაშვილმა 10 დღის წინ ორ უკრაინელ სპეცრაზმელს ესროლა და დაჭრა. 2018 წლის 18 თებერვალს, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ არხს „ნომერ პირველ ტერორისტად ცნობილი შოთა ჭიჭიაშვილის ბანდის ყოფილი წევრი, კონსტანტინე ციხისთავი დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად ციხეშია". ტელეკომპანიის ინფორმაციით, ციხისთავი ამტკიცებდა, რომ გიორგი სანაია შოთა ჭაჭიაშვილმა მოკლა და რომ ეს პოლიტიკური მკვლელობა შევარდნაძის მთავრობაში დაიგეგმა.

    რაც შეეხება დეპუტატის საქმეს, თარგამაძის მანქანა 2016 წლის 4 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების წინ თბილისში, ათონელის ქუჩაზე ააფეთქეს. ამ საქმეში ბრალდებული დავით (დრაჩო) ხეჩუაშვილია, რომელმაც მომხდარის შემდეგ ქვეყანა დატოვა. საქმეში ასევე ფიგურირებენ ხეჩუაშვილის სიძე და დიმიტრი აბრამიშვილი, რომელიც არსებული ინფორმაციით შოთა ჭიჭიაშვილის ახლობელია. თავად ჭაჭიაშვილმა თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან კავშირი უარყო.

    მამუკა არეშიძემ 1999 წელს პანკისში წითელი ჯვრის თანამშრომლების გატაცების ფაქტი გაიხსენა, სადაც ასევე ჭიჭიაშვილის სახელი ფიგურირებდა. ასევე განაცხადა, რომ ჭიჭიაშვილის სახელს დეპუტატ თარგამაძის მანქანის აფეთებასთან კავშირი არ აქვს.

    „1999 წელს პანკისში, როდესაც წითელი ჯვრის თანამშომლები გაიტაცეს, ესენი იყვნენ ფრანგი, იტალიელი და ადგილობრივი მოქალაქე, რომელიც ამ ჯგუფის მძღოლი იყო, მათი გათავისუფლება ჭიჭიაშვილის მეშვეობით მოხდა. ჭიჭიაშვილი პანკისის ხეობის ძალიან დიდი ავტორიტეტი იყო. ის არ არის ქისტი, მაგრამ იქ გაზრდილია და დედა ჰყავდა ქისტი.

    „ამ საქმეში ვიყავი ჩართული და მას ვთხოვეთ დაგვხმარებოდა; გარკვეული გარიგება შედგა. შეიქმნა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ რამდენიმე პიროვნება იქნა შეწყალებული და ამის სანაცვლოდ წითელი ჯვრის თანამშრომლების დახსნა მოხდა. ჭიჭიაშვილი ამ საქმეში ფიგურირებდა. თვითონ არ იყო გამტაცებელი, მაგრამ ამ გამტაცებლებთან ჰქონდა ურთიერთობა.

    „როგორც ვიცი, ძალიან დიდ ხანს იჯდა ციხეში. გამოსვლის შემდეგ საქართველოში მისი ცხოვრება ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან არ იყო რეკომენდირებული. ჯერ ბაქოში გადავიდა და შემდეგ თურქეთში წავიდა, თუმცა უკრაინაში როგორ მოხდა, ვერ გეტყვით," - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

    კითხვაზე, ფიგურირებდა თუ არა დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეში ჭიჭიაშვილი, აღნიშნა:

    „არამგონია ასე ყოფილიყო, რადგან ჭიჭიაშვილი მაქსიმალურად ერიდებოდა საქათველოს ტერიტორიაზე ყოველგვარ აქტივობას," - დასძინა მან.

    პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წარმომადგენელმა ზაურ გუმაშვილმა „რეზონანსთან" არ ისურვა შოთა ჭიჭიაშვილის შესახებ საუბარი:

    „ძალიან რთულ საკითხზე მესაუბრებით; ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. თავს შევიკავებდი ამ პიროვნებაზე საუბრისაგან გარკვეული გარემოებათა გამო. არის საკითხები, რომლებსაც ტაბუ აქვს დადებული და ჩემი მხრიდან უხერხულია ამაზე ლაპარაკი. ის საკმაოდ დიდი ავტორიტეტი იყო," - განაცხადა ზაურ გუმაშვილმა.

    პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს კიდევ ერთმა წარმომადგენელი ხასო ხანგოშვილი ამბობს, რომ ამ პიროვნების შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს:

    „მას დედა ჰყავდა აქაური; როგორც ვიცი, დაჭერილი იყო და სხვა ინფორმაცია არა მაქვს," - განაცხადა ხასო ხანგოშვილმა.

    შოთა ჭიჭიაშვილი 2013 წელს ამნისტიის საფუძველზე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მას 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

    მანამდე მოსკოვში 2003 წლის 24 ივნისს დააკავეს. რუსეთის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა. 2004 წლის 21 იანვარს კი საქართველოში მისი ექსტრადირება განხორციელდა.

    ჭიჭიაშვილს შეიარაღებულ ბანდიტურ დაჯგუფებებში მონაწილეობისათვის ქართველი სამართალდამცავები 1997 წლიდან ეძებდნენ. 2000 წლიდან იგი უკვე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. მას ადამიანების გატაცებებსა და მკვლელობებში ედებოდა ბრალი.

    გამოძიების მტკიცებით, სწორედ მისი ორგანიზებულია ისეთი ცნობილი და გახმაურებული საქმეები, როგორიცაა: ბრიტანელი ბანკირის პიტერ შოუს, ესპანელი ბიზნესმენების, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წევრებისა და პარლამენტარ პეტრე ცისკარიშვილის გატაცება და პანკისის ხეობაში დატყვევება, ასევე გივი თარგამაძის აფეთქება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლინდა   (03.10.2019)
    ვირთხა მამუკა! როგორ ყველა კრიმინალს, ავტორიტეტს, ქურდსა და მამაძაღლს ყველგან და ყოველთვის "აპრავებ"! საქართველოს გადამგდებო, მარტო მიშასი და ნაციონალების ლანძღვაში ხარ, ხან რას უგონებ და ხან რას. წესით შენისთანა ადამიანი "კუხნაში" უნდა იყვეს გამოკეტილი. ძალიან კარგად მახსოვს შენი შუაღამის გადაცემები, როგორ უთხრიდი ზვიადს ძირს, სამაგიეროდ ედუარდს დაუჩოქე, მიშას ლანძღავ, ბორიას ლოკავ, სალომეს თავდებში უდგები!!! აი ესა ხარ თავიდან ფეხამდე, "დიდო ექსპერტო"!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×