სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    03.10.2019

     მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას მმართველი პარტიის მაჟორიტარები სავარაუდოდ მხარს დაუჭერენ. მიუხედავად იმისა, რომ მაჟორიტარ დეპუტატთა ნაწილი თავიდან ამის წინააღმდეგი იყო, დღეს პოზიცია შეიცვალეს. ერთ-ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ხუციშვილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მომხრეა და „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მაჟორიტარების გარკვეულმა ნაწილმა, რომელიც თავიდან ამ სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი იყო, დღეს პოზიცია შეცვალა.

    „როდესაც თავიდან მოხდა საკონსტიტუციო ცვლილებები, ძალიან ბევრმა მაჟორიტარმა ამ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა და კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ არჩევნები 2020 წელს ისევ შერეული სისტემით ჩატარდებოდა და 2024 წლიდან უკვე პროპორციული სისტემით. მაგრამ, გამომდინარე იმ პოლიტიკური რეალობიდან, რომელიც შეიქმნა, ძალიან ბევრმა მაჟორიტარმა საკუთარი პოზიცია შეცვალა.

    „მე თავიდანვე პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მომხრე ვიყავი. იქაც არის გარკვეული რისკები, მაგრამ ამ ეტაპზე, ეს ქვეყანამ აუცილებლად უნდა გაიაროს. მაჟორიტარების არსებობა ქმნის იმ რელობას, რომ, მაჟორიტარების ხარჯზე, ახლა როგორც მოხდა, ერთ-ერთი გუნდი ძალიან დიდ უპირატესობას იღებს. ახლა გადასვლა აუცილებელია, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე ხნის მერე, თუ პრობლემებს შექმნის, ეს საკითხი დღის წესრიგში ისევ დადგეს.

    „ასეთი რამ ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებშიც მომხდარა. თუნდაც ისრაელში საფრთხე არსებობს, რომ მესამედ მოხდეს რიგგარეშე არჩევნები. მთავარია, იმ ძალებმა, რომლებიც პარლამენტში მოხდებიან, იპოვონ ძალა თავის პარტიულ ინტერესებზე მაღლა დადგნენ და მთავრობის ფორმირება მოახერხონ; ყველა კუთხეს და ყველა ეთნიკურ ჯგუფს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ პარლამენტში ისინი წარმოდგენილი არიან," - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

    დღეს პარლამენტში საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით განხილვა იყო. ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განსხვავებელი მოსაზრებები მხოლოდ ბლოკებთან დაკავშირებით გამოითქვა, თუმცა, როგორც მდინარაძე ამბობს, ამ დათმობაზე მმართველი გუნდი სავარაუდოდ არ წავა.

    „ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს არგუმენტები, რის გამოც სავარაუდოდ, ბლოკების დაშვება არ იქნება. როცა ვსაუბრობთ პარტიების განვითარებაზე, დაფინანსების წესის შეცვლაზე, რეალურ პარტიებზე და არა ერთკაციან პარტიებზე, როგორიც ჩვენ გვახსოვს წარსულიდან საქართველოში, შეუძლებელია ეს დალაგდეს საზოგადოების ინტერესის შესაბამისად ბლოკების არსებობისას," - განაცხადა მდინარაძემ.

    კითხვაზე, რამდენად დაუჭერენ მხარს მაჟორიტარები საკონსტიტუციო ცვლილებებს, მდინარაძემ განაცხადა, რომ გუნდს ექნება ერთიანი გადაწყვეტილება და ამ ცვლილებების პოზიტიურობის გათვალისწინებით, მას მხარს ოპოზიციაც დაუჭერს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×