სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    04.10.2019

     „გირჩის" მიერ 3 სექტემბერს დაფუძნებული კომპანია „შმაქსი," რომელიც „საგანმანათლებლო" საქმიანობას ეწევა, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას; თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ განცხადა, რომ „შმაქსი" დაჯარიმებას ექვემდებარება, თუმცა ახლახანს დაფუძნებულ კომპანიას იმის გამო, რომ ავტომანქანა „შმაქსის" ტრაფარეტით გადაადგილდება, ამ დრომდე დაჯარიმების შემთხვევა არ ჰქონია.

    „გირჩში" ამბობენ, რომ კომპანიის საქმიანობა დედაქალაქის მერიის მიერ შემოღებულ რეგულაციას არ ეწინააღმდეგება და არავითარ წესს არ არღვევს.

    პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის" წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „რეზონანსს" განუცხადა, რომ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მიდის და „შმაქსის" არცეთი „პედაგოგი" ამ დრომდე არ დაჯარიმებულა.

    „პატრულს სინამდვილეში მიზნად არ ჰქონდა დაჯარიმება. უბრალოდ გაგვაჩერა და გადაამოწმა რამდენჯერმე. ჩვენი მეგობრებიც, რომლებიც „შმაქსით" დადიოდნენ, გააჩერეს, მაგრამ არცერთ შემთხვევაში იმის გამო რომ „შმაქსით" გადაადგლდებოდნენ, სანქციის არცერთი ქეისი არ გვქონია და დღესაც იგივე გრძელდება.

    „გვწერენ მეგობრები, ვინც ასეთი მანქანით დადის, თეთრ ტაქსებსაც ვხედავთ, რომლებიც პატრულს ჰყავს გაჩერებულიო. ჯერჯერობით იგივე სიტუაციაა, რაც გუშინ იყო; ყველაფერი ჩვეულებრივად და ნორმალურად მიდის," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

    თბილისის ვიცემერის განცხადებით, „შმაქსი" დაჯარიმებას ექვემდებარება. „პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩი" უბრალოდ ერთობა და თან კარგად," - აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

    მისი თქმით, კანონმდებლობის მიხედვით, ერთი წერტილიდან მეორეზე მსუბუქი მანქანით მგზავრის გადასაყვანად ნებართვაა საჭირო.

    ცნობისათვის, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის" წევრებმა 3 სექტემბერს კომპანია „შმაქსის" პრეზენტაცია გამართეს და უმუშევრად დარჩენილ მძღოლებს „შმაქსაობა" შესთავაზეს. ამ გზით „გირჩი" ტაქსების რეფორმას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც ტაქსი თეთრი ფერის, 4-კარიანი, მარცხენა საჭიანი ავტომობილი უნდა იყოს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×