სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    04.10.2019

     ბათუმში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის შეხვედრაზე სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და პოლიტიკოსებთან ერთად მიწვეული იყო „პატრიოტთა ალიანსიც", ირმა ინაშვილის განცხადებით, მისი სხდომაზე ჩასვლის მთავარი მიზანი იყო ის, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებისთვის ეჩვენებინა იმ გამოკითხვის შედეგები, რაც მან ბათუმის მასშტაბით ჩაატარა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ნატოს საწინააღმდეგო განწყობები მატულობს.

    „ევროპულმა საქართველომ" ინაშვილის განცხადებას პრორუსული და პუტინის პროპაგანდა უწოდა და განაცხადა, რომ ირმა ინაშვილი მმართველ გუნდთან ალიანსშია.

    „რეზონანსთან" „პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკური მდივანი გოჩა თევდორაძე ამბობს, რომ ინაშვილის განცხადება არა პრორუსული, არამედ პატრიოტული იყო.

    „ეს პრორუსული კი არა, ეს იყო ეროვნული და პატრიოტული განცხადება. ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნისთვის ერთადერთი გამოსავალია სამხედრო მიუმხრობლობა, რომელიც მნიშვნელოვანია დემოკრატიული განვითარებისათვის, მეტი თავდაცვისათვის, ტერიტორიული მთლიანობის კუთხით გადასადგმელი ნაბიჯებისთვის, ამიტომ სწორედ ის განცხადება, რაც ირმა ინაშვილმა გააკეთა დროული და საჭირო იყო. ეს კვლევა ჩვენ ჩავატარეთ და რეალურად ინაშვილმა წარმოაჩინა ის განწყობები, რაც მოსახლეობაში არსებობს," - განაცხადა თევდორაძემ.

    შეხვედრაზე „ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ინაშვილის ყოფნა შეხვედრაზე აუცილებელიც იყო, რადგან ნატოს წევრ ქვეყნების წარმომადგენლებს სიტუაცია საკუთარი თვალით ენახათ.

    „ირმა ინაშვილის ყოფნა იყო ძალიან სასარგებლო, რომ ლაივში ენახათ, რას ნიშნავს რუსული პროპაგანდა. რაც მან ისაუბრა ეს პუტინის პროპაგანდაა, რომ ჩვენ ნეიტრალიტეტი გვინდა. პარადოქსია, მაგრამ სასარგებლო იყო მისი აქ ყოფნა, რომ ენახათ რასთან გვაქვს საქმე," -აცხადებს ჟურნალიტებთან „ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია.

    „შეხვედრაზე „პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელმა ისაუბრა იმაზე, საქართველოში როგორ არ უჭერენ მხარს ნატოს. ეს არის მისი მოსაზრება, მაგრამ ის, რომ ფაქტები ამის საწინააღმდეგოა, ყველამ კარგად იცის. ჩვენმა პარტნიორებმა გაიგეს ჩვენი პასუხიც და თვითონაც კარგად ხედავენ, თუ როგორი დამოკიდებულება არის ნატოს მიმართ საზოგადოებაში, როგორი მაღალია ნატოს მხარდაჭერა და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მთავარი პროდასავლური ოპოზიციური ძალები სწორედ ამ განწყობის არიან", - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

    „რეზონანსთან" გოჩა თევდორაძემ იმ გამოკითხვის კონკრეტული ციფრები თქვა, რომელიც გამოკითხვაც მათი თქმით „პატრიოტთა ალიანსმა" ბათუმის მასშტაბით ჩაატარა.

    „გამოვიკითხეთ 77 ათასი ბათუმელი და მივიღეთის შედეგი, რისი დეკლარილებაც ირმა ინაშვილმა გააკეთა, ჩვენ რეალურად ვთქვით თუ რა სურს საქართველოს მოსახლეობას, კონკრეტულად ბათუმის მაგალითზე. ამ გამოკითხულების 69%, რაც ნიშნავს 53130 ბათუმელს, მხარს უჭერდა ჩვენი ქვეყნის სამხედრო მიუმხრობლობას, ხოლო საერთო რაოდენობის 75% რაც არის 57750 ბათუმელი, მხარს უჭერდა რუსეთთთან სიტუაციის ნორმალიზებას, პირდაპირ დიალოგს აფხაზეთთან, ოსებთან და მოსკოვთან.

    „გამოკითხვაში მესამე კითხვა იყო რეზოლუციის პროექტის მიღება, რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს „პატრიოტთა ალიანსმა" პარლამენტში შეიტანა. გამოკითხულთა 64%, რაც 49280 ბათუმელია, მხარს უჭერდა ამ რეზოლუციის პროექტის მიღებას, სწორედ ეს რეალობა წარმოაჩინა ინაშვილმა, რაც დღეს აჭარის სინამდვილეში არსებობს. თუ ეს განცხადება პრორუსულად ითვლება, მაშინ პრორუსულად განწყობილი ყოფილა მთელი საქაღთველო," -განაცხადა მან.

    ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტმიოლერმა ვიზიტის ფარგლებში საკმაოდ ოპტიმისტური განცხადებები გააკეთა, მან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისა და „ოქროს საწმისის" ორდენით დაჯილდოვების შემდეგ განაცხადა, რომ ერთ დღეს საქართველო ნატოს წევრი გახდება.

    „მე, ძალიან ვამაყობ იმ სამუშაოთი, რაც ნატო-მ და საქართველომ ერთად ჩაატარეს. განსაკუთრებით საქართველოს მისწრაფების მხარდასაჭერად, ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ერთ დღეს საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ველოდები ამ დღეს. კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო. ეს ჩემთვის დიდი პატივი გახლავთ და საქართველოსთან მუშაობის გაგრძელბას ველოდები", - განაცხადა გოტმიოლერმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (05.10.2019)
    სამხედრო მიუმხრობლობა რომ აქვთ გამოცხადებული- ქალბატონ ირმა ინაშვილის მიერ დასახელებულ ქვეყნებს-მ ე ზ ო ბ ლ ე ბი უნახეთ ვინ ჰყავთ! 1918-21 წლებში ჟორდანიასაგან გამოცხადებულმა ნეიტრალიტეტმა ხომ "კარგად"იმუშავა! მას შემდეგ--რ უ ს ე თ ი შეიცვალა, თუ სომხეთი და აზერბაიჯანი გახდნენ კეთილები?! მ გ ლ ე ბ ი ს ხროვაში ვართ ჩვენ ცხვრის ფარასავით და კავკასიური ნაგაზები აუცილებლად უნდა გვყარაულობდეს--ნ ა ტ ო არის ჩვენი სიმშვიდის ერთადერთი ს ა ყ რ დ ე ნ ი. ირმა გულუბრყვილოდ იჯერებს რუსი ჩინოვნიკების დაპირებას, ასე დაუჯერა მათ სააკაშვილმაც, რამდენჯერ გინდათ კისერი მ ო გ ვ ა ტ ე ხ ი ნ ო თ? რა დროს მიუმხრობლობაა, დაგვჯიჯგნიან მ ე ზ ო ბ ლ ე ბ ი . გაჩუმდით და ნატოში შესვლის მომენტი დ ა ა ჩ ქ ა რ ე თ, თუ სამშობლოსთვის კარგი გინდათ!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×