სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    07.10.2019

     განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა - ადამიანი, რომელსაც რუსთავში 6 დღეა ეძებდნენ, მტკვარმა გამორიყა. 36 წლის დავით მუმლაძეს 30 ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

    ცხედრის აღმოჩენის შემდეგ სამართალდამცავებმა, დაღუპულის მეგობარი გიორგი გეთაშვილი დააკავეს, რომელმაც მუმლაძე უკანასკნელად ნახა. სწორედ მისი ტელეფონის ნომერი აღმომჩნდა ბოლო, რომელსაც გარდაცვლილი ესაუბრა და სავარაუდოდ ის იყო, ბოლო, ვისაც დავით მუმლაძე შეხვდა. პირველად პოლიციამ გიორგი გეთაშვილი ცხედრის ამოსაცნობად დაიბარა, თუმცა, 18-საათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავა.

    გამოძიების მიხედვით კი სწორედ გიორგი გეთაშვილია, რომელმაც მეგობარი სახლიდან მოტყუებით გამოიყვანა. ხოლო 4 პირმა, რომლებიც ამ ეტაპზე უკვე დაკავებულები არიან, ის მეგობრის ავტომობილიდან ძალის გამოყენებით გაიტაცეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

    გიორგი გეთიაშვილმა კი ამის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა და პირველი დაკითხვის დროს, როდესაც გარდაცვლილს ეძებდნენ, იცრუა. ხოლო გვამის პოვნის შემდეგ, მეორე ჩვენების დროს მან სიმართლე აღიარა და სავარაუდოდ, გამოძიება დანარჩენ 4 დამნაშავეზეც ასე გავიდა. მკვლელობის მოტივად კი შურისძიება სახელდება. დაკავებულებს შორის 2 პოლიციის თანამშრომელია.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, რუსთავში 35 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.

    შს სამინისტროს ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ა. გარდა ამისა, ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები - 1992 წელს დაბადებული მ.ღ. და 1981 წელს დაბადებული დ.მ. ამავე ბრალდებით, ასევე, დაკავებულია ყოფილი სამართალდამცველი - 1989 წელს დაბადებული დ.დ., ხოლო ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულია 1989 წელს დაბადებული გ.გ.

    „გამოძიებით დგინდება, რომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულმა გ.ა.-მ და მისმა თანამზრახველმა - 1983 წელს დაბადებულმა ზ.ჯ.-მ, წარსულში არსებული დაპირისპირებისა და შურისძიების მოტივით, 35 წლის მამაკაცის მკვლელობა დაგეგმეს. მსხვერპლის ქალაქიდან მოტყუებით გაყვანის მიზნით, მათ დახმარებისთვის მიმართეს ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულ გ.გ.-ს, ორ პოლიციელს და ყოფილ სამართალდამცველს. მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, გ.გ.-მ გლდანში, თავის კუთვნილ ავტომობილში ჩაისვა 35 წლის მამაკაცი - დ.მ. გლდანში ავტომობილით მოძრაობის დროს, ისინი ვითომ შემთხვევით შეხვდნენ პოლიციის ფორმაში მყოფ სამ პირს. მათ ავტომობილიდან გადმოიყვანეს დ.მ., უკანონოდ აღუკვეთეს მას თავისუფლება, ჩაიყვანეს რუსთავში და გადასცეს ზ.ჯ-ს და გ.ა.-ს. აღნიშნულმა პირებმა დ.მ. ჩაიყვანეს მტკვრის ნაპირზე და ცივი იარაღით მიაყენეს მრავლობითი დაზიანება. კვალის დამალვის მიზნით, გარდაცვლილის ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდეს. დ.მ.-ს ცხედარი 5 ოქტომბერს, რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვარმა გამორიყა.

    მომხდართან დაკავშირებით ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკვე დაკავებულია 5 პირი, ხოლო განზრახ მკვლელობაში მონაწილე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1983 წელს დაბადებული ზ.ჯ.-ს დაკავების მიზნით ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

    დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 109-ე, 143-ე და 370-ე მუხლებით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.

    გიორგი გეთაშვილის ადვოკატ ალექსანდრე კობაიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე, რომლის ცხედარიც მტკვარმა გამორიყა, 4 პირია დაკავებული, მათ შორის 2 პოლიციელი.

    კობაიძის თქმით, ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი გეთაშვილის ინტერესებს თავად იცავს. ადვოკატის განმარტებით, გეთაშვილს, რომელიც მოკლულის მეგობარია, გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემას ედავება.

    ალექსანდრე კობაიძე წუხელ გეთაშვილს ქვემო ქართლის პოლიციაში შეხვდა. პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა პროცედურული ნორმების დარღვევებზეც ისაუბრა.

    მისი განცხადებით, მაქს აქვს დაკავების ოქმი, რომელშიც წერია, რომ გეთიაშვილი 2019 წლის 6 ოქტომბერს, 23:09 საათზე დააკავეს. ადვოკატის განცხადებით ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთელი 24 საათზე მეტი ის დაკავებული არ ყოფილა და მოხალისე იყო. ეს კი აბსურდია და ის ამაზე პროცესუალურად იდავებს. რეალურად კი 5 ოქტომბერს, დაახლოებით 8-9 საათზე დააპატიმრეს.

    „დაკავების ოქმით ჩვენ გვედავებიან, რომ თურმე ცრუ ჩვენება მივეცით. სსკ-ის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით გვედავებიან, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე.

    "ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ ყოველივეს ვერ დაამტკიცებენ. აღნიშნულ საქმეზე უამრავი პროცესუალური დარღვევებია. სამჯერ მაქვს განცხადება დაწერილი, სამჯერ მოვითხოვე მასთან შეხვედრა და საქმის მასალების გადმოცემა და დღემდე არ მაქვს გადმოცემული. მოკლული დავით მუმლაძე და გიორგი გეთაშვილი მეგობრები იყვნენ, ხოლო ბოლოს გეთაშვილმა მუმლაძე 1-ელ ოქტომბერს ნახა.

    "მანქანით ერთად იყვნენ, როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციამ გააჩერა. მანქანიდან გადმოიყვანეს მუმლაძე, დაადეს ხელბორკილი, ჩაისვეს პოლიციის მანქანაში და წაიყვანეს, გეთაშვილს კიდევ თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და გათიშეს. როცა მუმლაძე დაიკარგა და ოჯახმა პოლიციას მიმართა, დაკითხეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელთანაც ფიქსირდებოდა მუმლაძის მიერ განხორციელებული ბოლო სატელეფონო ზარი. მაშინ გეთაშვილს შეეშინდა და არ უხსენებია ის, რაც პოლიციასთან დაკავშირებით მოხდა. გამოძიება სწორედ ამის გამო ედავება ცრუ ჩვენების მიცემას", - განაცხადა კობაიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×