თამარ შუკვანი
04.12.2019

 საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემუშავებულ ე.წ. გერმანულ მოდელს ოპოზიცია პარლამენტში დღეს დაარეგისტრირებს, რაც ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის აზრით, შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან თავად „ქართულ ოცნებას" „გერმანულ მოდელზე" გადასვლა არ აწყობს და არც პარლამენტი მიიღებს ამ კანონპროექტს.

„ხელისუფლება არ შეცვლის თავის გადაწყვეტილებას. იმის გათვალისწინებით, რომ არ მიიღეს კონკრეტული გადაწყვეტილება იმ 6 საათიანი შეხვედრის დროს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დიპლომატების შუამავლობით გაიმართა, არც პარლამენტი მიიღებს ამ ინიციატივას, შეიძლება განიხილოს, მაგრამ არ მიიღებს, რადგან „ოცნებას" არ სურს „გერმანულ მოდელზე" გადასვლა," - ამბობს ჩიტაძე.

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტში დარეგისტრირების შემდეგ, კანონპროექტი ჯერ ბიუროს წარედგინება, მოგვიანებით კი მის განხილვას კომიტეტები დაიწყებს. ოპოზიციის ინიციატივის კანონპროექტად ჩამოყალიბების შემდეგ, წესით სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირისგან პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები უნდა გამოითხოვოს.

რა მოხდება პარლამენტის უარის შემთხვევაში? - ჩიტაძე სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას არ გამორიცხავს, რაც, მისი თქმით, „ქართული ოცნების" ინტერესშია.

„დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ მუხტმა აიწიოს, თუმცა, სიტუაცია განსაკუთრებით არჩევნების წინა პერიოდში დაიძაბება, როდესაც ოფიციალურად დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია. ხელისუფლება ცდილობს ვითარების დესტაბილიზაციას, რადგან თავად ხელისუფლებამ დაარღვია წინაპირობა, როდესაც მოსახლეობას დაპირდა, რომ საარჩევნო კანონს შეცვლიდა.

„თითქოს მაჟორიტარები წავიდნენ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, ასეთი იმიტაცია შეიქმნა, მაგრამ რეალობა გახლავთ ის, რომ პირველ რიგში ხელისუფლებამ დაარღვია თავისი სიტყვა. ამან გამოიწვია ეს ვნებათაღელვაც. ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს შეხლა-შემოხლას, რაც ბუნებრივია, შეშფოთების საფუძველს წარმოადგენს," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ცნობისათვის, 3 დეკემბერს ოპოზიციისა და ხელისუფლების მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი მცხეთაში, ქუთაისსა და ზუგდიდში. ბოლო დროს მსგავსი დაპირისპირებები ხშირია, რაც ანალიტიკოსთა გარკვეული წრეში აჩენს მოსაზრებას, რომ „ქართული ოცნების" აქტივისტების მობილიზება ხელისუფლების მხრიდან ძალის დემონსტრირებას ჰგავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×