ელზა პაპოშვილი
04.12.2019

 დაპირისპირება 116-ე  საჯარო სკოლაში. შესვენების დროს შელაპარაკების შედეგად მეცხრე და მერვე კლასელ მოსწავლეებს შორის კონფლიქტი მოხდა. უფროსკლასელმა უმცროსს საწერი კალმით ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა.  მოსწავლეები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ იყო საუბრი თითქოს ჩხუბის დროს ცივი იარაღის გამოყენებაც მოხდა, თუმცა სკოლის ადმინისტრაცია ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. სკოლაში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იყო გამოძახებული. მომხდართან დაკავშირებით კი გამოძიება 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.  

სკოლის მოსწავლეები ამბობენ, რომ მოსწავლეებს შორის შეკამათება თამაშის დროს  მოხდა. რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზრადა. ითქვა ისიც, რომ დაჭრა არა ფეხის, არამედ  ზურგში ფილტვის მხარეს მოხდა, რის გამოც მოსწავლეს სუნთქვა გაუჭირდა და ის საავადმყოფოში  გადაიყვანეს. 

„შესვენების დროს იჩხუბეს. თამაშობდნენ და ამ თამაშის დროს ხელი მოხვდა იმ უფროსკლასელს თუ რაღაც ასეთი და ამაზე შეკამათდნენ. ჯერ ითქვა, რომ დანა დაუსვა ფეხზე და ზურგში ფილტვის მხარეს ჩაარტყაო, მაგრამ მერე თქვეს, რომ არა დანა არამედ კალმის პირი იყოვო. სკოლაში გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და მოსულები იყვნენ. დაშავებული  საავადმყოფოშიც წაიყვანეს. ნუ, სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება და რომელია მართალი ზუსტად არ ვიცით“, - აცხადებს „რეზონანსთან“ 116-ე სკოლის მოსწავლე. 

დანის გამოყენების ფაქტს სკოლის ადამინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს. „რეზონანსს“  სკოლის დირექციაში განუცხადეს, რომ მოსწავლეებს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა და მერვეკლასელ  მოსწავლეს პასტის  თავით ფეხზე მსუბუქი დაზიანება აქვს. მათი ინფორმაციით, კონფლიქტში მანდატურის სამსახური ოპერატიულად ჩაერია და  სიტუაცია მალევე  განიმუხტა.  

„თამაშის დროს ძიძგილაობდნენ და ბოლოს ხუმრობა ჩხუბში გადაიზარდა. მანდატურის სამსახურმა კი მათი დაპირისპირება კამერების მეშვეობით დააფიქსირა. მაშინვე მეორე მანდატურს  დაუკავშირდა. ადგილზე მისულებს კი მერვეკლასელი მსუბუქად დაზიანებული დახვდათ. მაშინვე სკოლის ექიმთან მიიყვანეს და აღმოჩნდა, რომ თამაშის დროს კალმის პირი ფეხთან გაესვა. დიდად არც არაფერი ეტყობა. სრულიად გამორიცხულია, რომ  დანის გამოყენება მომხდარიყო“,-განუცხადეს „რეზონანს“ სკოლის ადმინისტრაციაში. 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×