სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    04.12.2019

    ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მეზობლების დაჭრასა და მკვლელობაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო. საქმე 2019 წლის 21 თებერვალს ჩადენილ დანაშაულს ეხება, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში მოხდა. 

    შუახნის მამაკაცმა მ.ს. 52 წლის გია ტუღუშს და 47  წლის აკაკი  მოქიას საკუთარ სახლებში მიაკითხა და სანადირო თოფიდან ჯერ ერთს ესროლა, ხოლო 10 წუთის შემდეგ მეორეს. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ იხსენებენ, მ.ს. სოფელში ხუთი წელია რაც აღარ ცხოვრობდა და მან სახლი გაყიდა. ის გია ტუღუშთან  სტუმრად იმყოფებოდა, სადაც სუფრაზე  აკაკი მოქიასთან შელაპარაკება მოუვიდა. სუფსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ აკაკი მოქიასთან ბრალდებულს კონფლიქტი და დაძაბული ურთიერთობა ადრეც ჰქონდა. სუფრაზე მომხდარი დაპირისპირება  მასპინძელმა განმუხტა და მეზობლები სახლებში მშვიდად გააცილა.

    თუმცა, გამოძიების ინფორმაციით,  ღამის 21:00 სათზე მ.ს-მ  სახლიდან სანადირო თოფი აიღო და ჯერ გია ტუღუშთან მივიდა, რომელსაც საწოლში მძინარეს მუცელში სამი ტყვია ესროლა. მისგან წამოვიდა და ახლა აკაკი მოქიას დაუძახა, რომელსაც სახლის ეზოში გამოსვლისთანავე ორი ტყვია ესროლა. 47 წლის მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. დაჭრილი ტუღუშის  გადარჩენა  მედიკოსებმა შეძლეს.  მეზობლების თავდასხმაში ბრალდებულმა მ.ს. შემთხვევის  ადგილიდან მიმალა და ტყეში გაიქცა.  მისი დაკავება სამართალდამცველებმა მეორე დღეს იმავე სოფელში ტყის პირას  მდებარე სახლში შეძლეს, სადაც ბრალდებული საჭმლისთვის და გასათბობად მივიდა. 

    „მკვლელობას და დაჭრას  წინ შელაპარაკება უძღოდა, რომელიც მოკლულ აკაკი მოქიას თანასოფლელთა სუფრაზე მოუვიდა. ბრალდებულს და მოქიას კონფლიქტი ადრეც ჰქონდათ. ეს პირი სოფელში  უკვე ხუთი წელი იყო რაც აღარ ცხოვრობდა. როგორც ჩანს მეზობელთან სტუმრად მისულ მოქიას მისი დანახვა არ ესიამოვნა და მათ დაპირისპირება მოუვიდათ. მოქიას ტუღუში გამოექომაგა და ეს ეტყობა ამ ბიჭმა გულში ჩაიდო. სახლში წასულა, სანადირო თოფი აუღია, ჯერ ტუღუშთან სახლში მივიდა საწოლში მძინარეს მუცელში სამი ტყვია ესროლა. 

    მთელი მუცელი დაფლერთილი ჰქონდა. მერე მოქიასთან წასულა, მისთვის დაუძახია და ეზოში გამოსვლისთანავე უსვრია. ერთი თავში ჰქონდა მორტყმული, რომელიც სასიკვდილო აღმოჩნდა. უკვე გარდაცვლილი მისმა ძმიშვილმა კიბის ქვეშ დაგდებული იპოვა. ეს ბრალდებული გაიქცა და თავი ტყეს შეაფარა. ერთი დღე ეძებდნენ.  როცა მოშივდა და შეცივდა ტყიდან  გამოვიდა და იქვე სოფლის ბოლოს მდებარე სახლში მივიდა. უთქვამს მშია და მაჭამეთო. 

    პოლიციაც იქვე ჩასაფრებული დახვდა და დააკავეს. ტუღუშსაც და მოქიასაც სოფელში ყველა დადებითად დაახასიათებს. მათგან რაიმე ზედმეტი სოფელში არავის ახსოვს.  ამ ამბის გახსენება დღემდე მძიმეა. 15 წუთის განმავლობაში ორი კაცის დაჭრა მოასწრო“,-აცახდებს სოფელ სუფსის მცხოვრები „რეზონანსთან“. 

    ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მ.ს. დამნაშავედ ცნო ხულიგნური ქვენაგრძნობით განზრახ მკვლელობაში და განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენებაში (სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 120-ე მუხლის პირველი ნაწილით) და  სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

    დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდგომ, პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას აპელაციის წესით გაასაჩივრებს. 

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ბუხუხი   (04.12.2019)
    ორი კაცის მკვლელობა და 15 წელი?


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×