თამარ შუკვანი
04.12.2019

 „დღეს სამწუხაროდ ისეთი სურათი იქმნება, თითქოს ამ 7 წლის განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნების" გარდა სხვა არავინ არსებობს. ერთმანეთისთვის თავპირის დალეწვა ამ ორი პარტიის დღის წესრიგია. ეს არის კიდევ ერთი ინდიკატორი იმისა, რომ არც წასული უნდა გვინდოდეს და არც აწმყო, რადგან აწმყო ძალიან დაემსგავსა წარსულს," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ საუბრისას.

გია ხუხაშვილი: ერთ ძალად ჩამოყალიბდნენ („ოცნება" და „ნაცმოძრაობა"), თვლიან, რომ სამყაროში მხოლოდ ისინი არიან და ყველამ მათ თავპირის მტვრევას უნდა უყუროს. ეს ძალიან კარგი ინდიკატორია. საზოგადოება ხედავს, რომ არც ერთსა და არც მეორეს სხვა ენაზე საუბარი არ შეუძლიათ, ამიტომაც უნდა გააკეთოს ალტერნატიული არჩევანი. ასე რომ, პოზიტიურადაც შევხედავდი ამას.

„რეზონანსი": ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს აბრალებენ ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობას. რეალურად, რომელი მხარე ახდენს სიტუაციის ესკალაციას?

გ.ხ: აბა, რას იზამენ, თავისით ხომ არ დაიბრალებენ? - ესენი ყოველთვის ერთმანეთს აბრალებენ ყველაფერს. ამ კრიზისში ვინ გადაგვჩეხა? - რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ, რომელმაც თავისი დანაპირები უკან წაიღო, რითაც სიტუაციის აფეთქება მოახდინა, მაგიდა ააყირავა.

ამ პროტესტს ნუ წარმოვიდგენთ ისე, თითქოს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობას" აქვს, ეს პროტესტი აქვს ყველას, ყველა სამოქალააქო ჯგუფსა და პარტიას, რომლებიც არ მონაწილეობენ ამ თავპირის მტვრევაში.

ხელისუფლება ცდილობს, რომ ეს პროტესტი დაიყვანოს „ნაციონალური მოძრაობის" დონეზე, თითქოს მხოლოდ ისინი აპროტესტებენ, სინამდვილეში ასე არ არის. ხელისუფლება მოიქცა ძალიან მძიმედ. დღევანდელ კრიზისზე მთლიანად ის არის პასუხისმხგებელი. ამ დაპირისპირების პროვოცირება მან დაიწყო იმით, რომ უკან წაიღო თავისი დანაპირები.

„რ": საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემუშავებული ე.წ. გერმანული მოდელი ოპოზიციამ პარლამენტში დაარეგისტრირა. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება შეცვლის თავის გადაწყვეტილებას?

გ.ხ: ამას სკეპტიკურად ვუყურებ. ხელისუფლება ლაპარაკობს, რომ ამ პროექტს პერსპექტივა არ აქვს, რადგან ეს ანტიკონსტიტუციურია. ამაზე ლაპარაკობს გია ვოლსკი, ძალიან კომპეტენტური კონსტიტუციონალისტი, ვახტანგ ხმალაძის საპირწონედ.

ხელისუფლება პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა არის კონსტიტუციური და რა არა. მათ უნდათ ძალაუფლების შენარჩუნება და ამის ერთადერთ ინსტუმენტად მაჟორიტაური არჩევნების დატოვებას განხილავენ.

„რ": რა მოხდება „ქართული ოცნების" კიდევ ერთი უარის შემთხვევაში?

გ.ხ: ვითარება ისედაც დაძაბულია. ეს დაძაბული ვითარება გამოვა თუ არა კონტროლიდან, ეს სხვა საკითხია. არ მგონია, რომ კონტროლიდან გამოვიდეს, მაგრამ გვექნება მცოცავი არასტაბილურობა არჩევნების დღემდე. ამას მიაღწია ხელისუფლებამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×