თამარ შუკვანი
13.02.2020

ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის ყოველწლიური შეხვედრა საბოლოო სარეკომენდაციო დოკუმენტის შემუშავების გარეშე დასრულდა. ევროპარლამენტის მიერ „ქართული ოცნების" მომზადებული განცხადების პროექტის ჩაგდებას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უპრეცენდენტო შემთხვევა უწოდეს და აღნიშნეს, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების სრული კრახია. უმრავლესობის წარმომადგენლების თქმით კი, ეს არა ერთი კონკრეტული პარტიის, არამედ ქვეყნის წარუმატებლობას ნიშნავს.

მსგავსი პრეცდენტი 7 წლის წინ, 2013 წლის თებერვალშიც მოხდა. იმ დროს საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი თინათინ ხიდაშელი იყო. დღეს კი ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, როდესაც დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებები არ წყდება.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის ცნობით, „დოკუმენტი, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, „ქართულმა ოცნებამ" დაბლოკა." ამის შესახებ ინფორმაცია მან სოცილაურ ქსელში გაავრცელა. „ევროპული საქართველოს" წევრის, ოთარ კახიძის შეფასებით, „ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა და „ქართული ოცნების" სრული კრახი".

სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომ დასკვნითი დოკუმენტის ჩაგდება არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ ქვეყნის წარუმატებლობის ტოლფასია. მისივე თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა გიგი უგულავას პატიმრობას შეეხებოდა, რასთან დაკავშირებითაც მმართველმა პარტიამ ევროპარლამენტარებს საქართველოში ფაქტების შემსწავლელი მისიის გამოგზავნა შესთავაზა. სონღულაშვილის განცხადებას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ევროპარლამენტში, ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული განცხადების პროექტის ჩაგდებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიციას უნდა ესმოდეს, რომ ასეთი დოკუმენტები და მისი ჩავარდნა არა „ქართულ ოცნებას," არამედ ქვეყანას აზიანებს. მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვის და აღნიშნული ქვეყანას ბევრს ვერაფერს დააკლებს.

გავიხსენოთ ზუსტად 7 წლის წინანდელი მოვლენა; ამ დროს ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის ყოველწლიური შეხვედრების 15-წლიან ისტორიაში პირველად მოხდა, რომ სხდომა საბოლოო სარეკომენდაციო დოკუმენტის შემუშავების გარეშე დასრულდა, რამაც სერიოზული განხილვა და გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინა.

დასკვნითი დოკუმენტის ვერ მიღება გამოიწვია ევროპის სახალხო პარტიის უშედეგო მცდელობამ, რომ ტექსტში შესულიყო შესწორება 8 თებერვალს თბილისში, ევროვნული ბიბლიოთეკის წინა განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ევროპის სახალხო პარტია, რომლის წევრიც „ნაციონალური მოძრაობა" იყო, ტექსტში იმის ხაზგასმას ცდილობდა, რომ „პრეზიდენტის (მიხეილ სააკაშვილი) და მისი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ ეს თავდასხმები პოლიტიკურად მოტივირებული იყო". ამის შესახებ „რადიო თავისუფლების" მიერ 2013 წლის 27 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.

ამავე სტატიაში თინათინ ხიდაშელმა გამოცემასთან საუბრისას თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა", ევროპის სახალხო პარტიიდან მომხრეთა გარკვეული ჯგუფის ხელშეწყობით, ცდილობდა, რომ „ქართული ოცნება" საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებით პოტენციურ მხარდამჭერებზე ზეწოლაში დაედანაშაულებინა.

თუმცა, მისივე თქმით, მსგავსი მიდგომა, საქართველოს დელეგაციის დიდი ნაწილის გარდა, მიუღებელი აღმოჩნდა, მაგალითად, „მწვანეებისთვის," „სოციალ-დემოკრატებისა" და ლიბერალებისთვის. თინა ხიდაშელი კმაყოფილია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ძალისხმევა მაშინ უპრეცედენტო მარცხით დასრულდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×