თამარ შუკვანი
25.03.2020

ახალი კორონავირუსის ეპიდემიამ და ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ თუ როგორი გავლენა იქონია ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის რეიტინგზე? ამაზე ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს, სოციოლოგიური გამოკითხვების გარეშე, ცალსახა პასუხის გაცემა უჭირს, თუმცა როგორც მან „რეზონანსს" უთხრა, ხელისუფლების ოპერეტიულმა რეაგირებამ საზოგადოების ნაწილში დადებითი შეფასება ჰპოვა. რაც შეეხება ოპოზიციას, მათმა ლიდერებმა ჩვეული რიტორიკა შეიცვალეს, რითაც პოლიტიკური ქულების მოპოვებას ცდილობენ.

„ცალსახა პასუხი არ მაქვს, რადგან პარტიების რეიტინგს ვაფასებ სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, რომელიც ჯერ არ ჩატარებულა. ამიტომ, რთულია თქვა, რა გავლენა იქონია პარტიების რეიტინგზე.

„თუმცა, არ შეიძლება არ აღინიშნოს ის, რომ ხელისუფლება კორონავირუსის შემოტევას საკმაოდ ორგანიზებულად შეხვდა, იმ მწირი შესაძლებლობების გათვალისწინებით, რაც ჩვენ ქვეყანას გააჩნია, ამის არდანახვა შეუძლებელია.

„მენეჯმენტის დეტალები კი გამოჩნდება იმის მიხედვით, უახლოეს მომავალში რამდენად შევძლებთ კორონავირუსის პიკური ფაზის დაძლევას. რამდენად გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, რამდენად ეფექტური იქნება საკარანტინო ზონა და რამდენად მოხდება სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევა, რაც კორონავირუსის შემოტევამ გამოიწვია.

„ოპოზიციამ გაიაზრა ერთი ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომ ასეთ სიტუაციაში ცეცხლზე ნავთის დასხმა სიტუაციის ხელოვნურად გამწვავება, დაძაბვა და მათი ჩვეული სცენარებით მოქმედება, პოლიტიკურად, რეპუტაციულად და მორალურად უფრო დააზიანებდათ, ვიდრე ხელისუფლებას.

„ამიტომაც, აირჩიეს გზა, რომელიც ლოგიკური იყო. სხვა სცენარს მათი მხრიდან მოსახლეობა ძალიან ნეგატიურად შეხვდებოდა და ოპიზიცია უფრო მეტს დაკარგავდა, ვიდრე მიიღებდა," - აღნიშნა ანჯაფარიძემ.

ცნობისათვის, საქართველოში დაინფიცირებულთა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. კარანტინის რეჟიმში 4 055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252 პირია.

ამასთან, აქედან 10 უკვე გამოჯანმრთელებულია. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, მე-10 პაციენტმა ინფექციური საავადმყოფო უკვე დატოვა.

შეგახსენებთ, საქართველოში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×