თამთა ჩაჩანიძე
25.03.2020

ბოლნისში კარანტინი განსაკუთრებით მატერიალურად და ფიზიკურად მოწყვლად კარეგორიას გაუჭირდა, რომლებიც ან ყოველდღიურ შემსავალზე იყვნენ დამოკიდებულნი, ანაც სხვადასხვა დაავადების გამო გადაადგილება უჭირთ. ამბობენ, რომ საკვების ის მწირი მარაგი, რაც ჰქონდათ, ამ ორიოდე დღეში ამეწურათ და ახალ ახლობლების დახმარების იმედად არიან. თუმცა ეს მხოლოდ ამ კატეგორიის ხალხის პრობლემა არ არის. ქალაქში და მიმდებარე სოფლებში სხვადასხვა პროდუქტის ნაკლებობა უკვე იგრძნობა და მომარაგების პრობლემას მთელი მოსახლეობა აწყდება.

ქალაქ ბოლნისში მცხოვრები 30 წლის გია მაისურაძე (რესპონდენტების სახელი და გვარი შეცვლილია) მოსახლეობის იმ კატეგორიას ეკუთვნის, რომელიც ყოველდღიურ შემოსავალზეა დამოკიდებული.

„როდესაც პრემიერმა ბოლნისისა და მარნეულში კარანტინის შესახებ გამოაცხადა, პირველი სტრესი მაშინ მივიღე, მოულოდნელად გამოგვიცხადეს და ოჯახი მოუმზადებელი შევხვდით, იმ საღამოს, როდესაც ამ განცხადებას ვუსმენდი ჩემი პირველი რეაქცია ის იყო, ამ კარანტინის პერიოდში როგორ უნდა მერჩინა ოჯახი. ყოველდღიურ შემოსავალზე ვართ დამოკიდებული და თან ოჯახში მხოლოდ ორი დღის პროდუქტი მქონდა.

„პროდუქტი რომ გამომელია, გუშინ ნათესავმა თბილისიდან ოცი ლარი ჩამირიცხა, ერთი დღის სამყოფი პროდუქტიც ვერ ვიყიდე, ყველაფერი გაძვირდა, თან მხოლოდ იმას ვჯერდებით, რასაც მაღაზია გვთავაზობს,ოჯახში შვიდი სული ვართ და ყველა ჩემს შემოსავალზე იყო დამოკიდებული, ჩემნაირი კი ამ რაიონში 70-80%-ია.

„ამ გაჭირვების მიუხედავად სახელმწიფოს ხელს მაქსიმალურად ვუწყობთ და მდგომარეობაში შევდივართ, მაგრამ ანალოგიურად სახელმწიფოც უნდა შევიდეს ჩვენს მდგომარეობაში, სამი დღეა კარანტინის ზონაში ვართ და ჩემს სახლთან ვინმე ჩამოვლილი და მომკითხავი არავინ მინახავს.

„არაა პრობლემა, ჩვენც გვაქვს მოქალაქეობრივი თვითშეგნება და სახელმწიფოს მაქსიმალურად მოქალაქეობრივად დავეხმარებით, კორონავირუსთან ბრძოლაში ხელს შევუწყობთ, უბრალოდ ფიზიკურად ფაქტია, რომ საკვები პროდუქტები გვიჭირს," -აცხადებს მაისურაძე.

ბოლნისში მცხოვრები 48 წლის ზაზა მერკვილაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ორი კვირაა თვითიზოლაციაშია, რადგან რისკ ჯგუფს მიეკუთვნება, ქრონიკული დაავადების მქონე პირია, იგი სახელმწიფოსგან მოხალისეების ჯგუფის გამოყოფას ითხოვს, რათა უმწეოებს დახმარება გაუწიონ.

„როდესაც კარანტინის შესახებ გამოაცხადეს, რეაქცია მქონდა შიშის, შეგვეშინდა იმიტომ, რომ უჩვეულო რამ მოხდა, ეს ხომ ყოველდღე არ ხდება, ავფორიაქდით, ჩვენ თავს რა ხდებოდა არ ვიცოდით, შემდეგ ჟურნალისტებმა გამოაცხადეს და გაირკვა, რომ ეს ყველაფერი მარნეულელი ქალის დაინფიცირების გამო მოხდა, მაგრამ თვიდან კარანტინის ცოტა შეგვეშინდა.

„პროდუქტები თითქმის არ გვაქვს, მაღაზიაში არ გავსულვარ იმიტომ, რომ ორ კვირაზე მეტია ვწევარ და გარეთ ვერ გავდივარ. იზოლაციის წესები არ დამირღვევია... არა, ერთხელ დავარღვიე, ისიც ტაქსის მძღოლს ვთხოვე გამაყუჩებელი ეყიდა.

„ადგილობრივი ხელისუფლება ჯერჯერობით არ გამოგვხმაურებია, ტელევიზორში აცხადებენ, რომ დადიანო, მაგრამ მე პირადად არავინ არ მინახავს.

„ჩემი ოჯახის გასაჭირი ისაა, რომ ზეთი, შაქარი და პროდუქტი გაგვითავდა,70 წელს გადაცილებული დედა მყავს და არ მინდა, რომ ქუჩაში იაროს, მეც და დედასაც ქრონიკული დაავადებები გვაქვს და რისკ-ფაქტორები ვართ.

„ადგილობრივ ხელისუფლებას ვეტყვით, რომ, როგორც აჭარის რეგიონში მოხალისეების ჯგუფი ჩამოყალიბდა და უმწეოებს ეხმარებიან, ასეთივე ჯგუფები უნდა ჩამოყალიბდეს ბოლნისისა და მარნეულის რაიონებში, რადგან ან საჭირო ნივთები მოგვიტანონ ან რაღაცით დაგვეხმარონ ისეთნაირად, რომ რისკჯგუფები ქუჩაში არ გავიდეთ," - აცხადებს მერკვილაძე.

თამთა ჩაჩანიძე ბოლნისიდან

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×