ელზა პაპოშვილი
27.03.2020

საქართველო დაავადების გავრცელების კრიტიკულ ფაზაში შედის - სპეციალისტები ელიან, რომ კორონავირუსით დაავადებულთა  რიცხვის ზრდა დაიწყება. ამიტომაც ხელისუფლებას გარკვეული ზომების კიდევ უფრო გამკაცრებას ურჩევენ. 

რა შეიძლება ეპიდეემის აფეთქების თავიდან ასარიდებლად ხელისუფლებამ  მოიმოქმედოს. სპეციალისტების ნაწილი საყოველთაო კარანტინს ჯერჯერობით არ მიესალმება, თუმცა ამბობენ, რომ თუკი დაავადებულთა რიცხვი სწარაფად გაიზრდება, მაშინ ევროპული ქვეყნების  მსგავსი სცენარის თავიდან ასარიდებლად კარანტინის გამოცხადება გარდაუვალი იქნება. 

თუმცა, ყველა მათგანი იმაზე თანხმდება, რომ დაავადებულთა გამოვლენა და დიაგნოსტიკა კიდევ უფრო სწრაფად უნდა მოხდეს. ასევე,  სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება, რათა სახლში დავრჩეთ. 

სპეციალისტების სავარაუდო სცენარი კი შემდეგნაირია, რომ ეპიდაფეთქების მასშტაბები და სისწრაფე თითოეული მოქალაქის ქმედებებზე იქნება დამოკიდებული. ჩინეთისა და ევროპული ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, ეპიდსურათი პირველი შემთხვევის დადასტურებიდან დაახლოებით მეშვიდე კვირას მძიმდება, საქართველოში ეს პერიოდი აპრილის დასაწყისს ემთხვევა.

სპეციალისტები დაახლოებით ათ დღეში ქვეყანაში ფართო შიდა გავრცელებას ელოდებიან. მთავარი ამოცანა ახლა უკვე ეპიდაფეთქების ტემპების მაქსიმალური შეჩერებაა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც მზად არიან, თუმცა, თუკი შემთხვევები სწრაფად მოიმატებს, შესაძლოა არსებული კლინიკები არასაკმარისი აღმოჩნდეს. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მივალთ თუ არა სიტუაციის მკვეთრად გართულებამდე, ეს დამოკიდებული იქნება საზოგადოების მზაობაზე, დაიცვას სოციალური დისტანცირება და ასევე, დაიცავს თუ არა 8 000-მდე ადამიანი თვითიზოლაციისთვის დადგენილ წესებს.  მისივე თქმით, თუ კი დღის განმავლობაში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 10-15-მდე გაიზრდება, მაშინ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მას გაუმკლავდება. 

პაატა იმნაძე კი ამბობს, რომ მათი მხრიდან ჯერჯერობით საყოველთაო კარანტინის გამოცახდების რეკომენდაცია ხელისუფლებისთვის არ მიუციათ. მისი თქმით, პრემიერი და მთავრობა მათ ყველა რეკომენდაციას სწარაფად ითვალისწინებდა და ამისთვის მადლობას უხდის. იმნაძე ამბობს, რომ ჯერჯერობით ამის აუცილებლობა არ დგას. 

ქვეყანა უკვე ერთი კვირაა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ცხოვრობს. გამოცხადდება თუ არა მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინი, ეს ვირუსის გავრცელების სისწრაფეზე იქნება დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუკი ეპიდსიტუაცია გაუარესდება და დაავადების წყაროების იდენტიფიცირება შეუძლებელი გახდება, მარნეულისა და ბოლნისის მსგავსად, მომდევნო ნაბიჯი საყოველთაო იზოლაცია იქნება. 

სპეციალური ღონისძიებების გატარება და რეკომენდაციების გათვალისწინება სპეციალისტების შეფასებით, ეპიდემიის პიკს მნიშვნელოვნად გადაავადებს, თუნდაც სექტემბრამდე. სანამ ვაქცინა შეიქმნება ან დადგინდება, რა გავლენა აქვს მაღალ ტემპერატურასა და კლიმატური პირობების შეცვლას ვირუსზე. 

ექსპერტები ფიქრობენ, რომ პიკამდე სიტუაცია არ უნდა მივიდეს. მათი თქმით, ქვეყნების გამოცდილება ასეთია - კორონავირუსის დადასტურებული 100 შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ გავრცელება უფრო სწრაფი ტემპით იწყება.

დეპუტატი და საკორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ  ამ ვითარებიდან, საყოველთაო კარანტინიდან შორს არ ვართ.  მისივე თქმით, თუ მოქალაქეები გადაუდებელი საჭიროების გარდა სხვა შემთხვევაშიც აქტიურად გავლენ ქუჩაში, ისინი პროცესების სწორად მართვაში სახელმწიფოს ხელს შეუშლიან.

„მნიშვნელოვანია საზოგადოების ადეკვატური დამოკიდებულება, სახლში დარჩენით ჩვენ საზოგადოება ძალიან დაგვეხმარება, რომ პროცესები სწორად ვმართოთ და თუ ქუჩაში გადაუდებელი შემთხვევების მიღმა ისინი იმოძრავებენ აქტიურად, ძალიან შეგვიშლიან ხელს პროცესების მართვაში, რომ შევაჩეროთ, შევაფერხოთ ინფექციის მასიური გავრცელება. 

თუ საზოგადოების ადეკვატური ქცევა არ იქნა და ეპიდვითარება გართულდა, რა თქმა უნდა დადგება საკითხი საყოველთაო კარანტინის შემოღების. მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ამ ვითარებიდან, საყოველთაო კარანტინიდან შორს არ ვართ. როცა მისი შემოღების გადაუდებელი საჭიროება დადგება, ჩვენ აუცილებლად შემოვიღებთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენც და საზოგადოებამაც, რომ თავიდან ავიცილოთ მასიური გავრცელება,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.  

იმუნოლოგი ბიძინა კულომბეგოვი კი საგანგებო მდგომარეობის აღსრულების მექანიზმის კიდევ უფრო გამკაცრების მომხრეა. მისი თქმით, ძალიან დიდი რისკის ქვეშ ვართ, რომ ჩვენთანაც იგივე მოხდეს, რაც ევროპაში ახლა ხდება.  

„უხანში  ხელისუფლება არავის შეკითხებია, გინდათ თუ არა კარანტინის გამოცხადებაო. დილით გაღვიძებულ მოქალაქეებს კორპუსები და ქალაქი სამხედროების ალყაში მოხვედრილი დახვდათ. მოსახლეობას სახლის კარებთან კურიერები სახელმწიფოს მიერ მიტანილ საკვებს უტოვებდნენ. 

“60 დღე გარეთ ფეხი არავის გამოადგმევინეს. ამიტომაც მიაღწიეს შედეგს ასე სწრაფად. დღეს ამ ეტაპზე საქრთველოში მართალია საყოველთა კანატინის  საჭიროება არ არის, მაგრამ არსებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში აღსრულების მექანიზმი კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს.  

“მომხრე ვარ, როგორც გერმანიამ და ინგლისმა გააკეთა და  ორ ადამაინზე მეტის შეკრება აკრძალა, ჩვენც ასე გავაკეთოთ. საკმარისია მოსაღამოვდეს, რომ თბილისში უბანში 4-5 და უფროდ მეტი ადამიანი იკრიბება. ამიტომ, თუ ეს რეჟიმი არ გავამკაცრეთ და ადამიანებმა არ იგრძნეს, რომ  საგანგებო მდგომარეობაა, ძალიან დიდი რისკია, რომ ისეთივე მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ, როგორც ეს ევროპის სხვა ქვეყნებს დაემართათ“, - აცხადებს კულომბეგოვი.  

მისივე თქმით, ერთადერთი რაც ახლა მნიშვნელოვანია, მეოთხეული და მეხუთეული გადაცემის შემდეგ გაფართოვდეს იმ ადამიანების ნუსხა, რომლებსაც ტესტირება უნდა ჩაუტარდეთ.  იმუნოლოგი ამბობს, რომ პისიარ ტექნოლიგიით კვლევის მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ მთავარი ახლა მოგზაურობის და ასეთ ადამიანებთან კონტაქტის ისტორია აღარ იყოს აუცილებელი ტესტირების ჩასატარებლად. ექიმი ამბობს, რომ ახლა ყველა პნევმონიით დაავადებულ ადამიანს ტესტირება უნდა ჩაუტარდეს.  

ინფექციონისტი  და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მაია ბუწაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადდება შედეგს ვერ გამოიღებს და ადამიანები დისტანციას არ დაიცავენ, მაშინ ქვეყანას სხვა არაფერი აღარ დარჩება თუ არა ქვეყნის მასშტაბით კარანტინის გამოცხადების აუცილებლობა. 

თუმცა, ინფექციონისტი ამბობს, რომ  კარანტინის  გამოცხადება ქვეყანას საკმაოდ დააზიანებს და ეკონომიკის სრულ ჩამოშლას გამოიწვევს. ასევე,  ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი უბრალოდ იშიმშილებს და კიდევ უფრო მძიმე სიტუაციას მივიღებთ. 

„არავინ არავის უშლის, რომ ბავშვი ჰაერზე არ გაასეირნოს, მაგრამ ასე ჯგუფურად და მასობრივად სიარული, რა თქმა უნდა, დიდი რისკის შემცვლელია. ამიტომ ხელისუფლება იძულებული გახდება, რომ საერთოდ ასეთი ადგილები დაკეტოს. თუმცა მასობრივი კარანტინის გამოცხადება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. ამიტომ არის ჩვენი მხრიდანაც ამდენი მოწოდება, რომ მოსახლეობამ დაიცვას ის რეკომენდაციები, რომელიც გაცემულია. ყველაფრის ჩაკეტვა,მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის რთული გადასატანი იქნება. 

ბევრის სოციალური მდგომარეობა ძალიან დამძიმდება და შემდეგ მათი არსებობა, არ არსებობის საკითხი დადგება. ბევრი ადამიანი იმასაც მოუწოდებდა ხელისუფლებას, რომ იანვრიდან ყველაფერი ჩაეკეტა. ეს რომ გაეზიარებინა , 2 თვეში ყველაფერი ჩამოინგრეოდა. მერე მართლა კარანტინი რომ იქნებოდა საჭირო,  მისი დარღვევა მოსახლეობის მხრიდან მაშინ მოხდებოდა, როცა ყველაზე საშიში იქნებოდა. ამიტომ  ასე საყოველთაო ჩაკეტვა ჩვენნაირი ქვეყნისთვის მარტივი არ არის“,-აცხადებს ბუწაშვილი „რეზონანსთან“.    

მისივე თქმით, მთავარი მაინც ჩვენი მოსახლეობის თვითშეგნებაზე იქნება დამოკიდებული. ახლა ყველაზე მეტად სოციალური დისტანცია და თვითიზოლაცია გვიშველის. ბუწაშვილი ამბობს, რომ დაინფიცირებული ადამიანების რიცხვის მატება გარდაუვალია, მაგრამ შეიძლება ეს უეცარი სისწრაფით  არ მოხდეს.  ეს ყველაფერი ისევ და ისევ იმაზ იქნება  დამოკიდებული,   ჩვენი მოსახლეობა რეკომენდაციებს როგორ გაითვალისწინებს. 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×