თამარ შუკვანი
27.03.2020

„ნაციონალურმა მოძრაობამ" 26 მარტს ზუგდიდში ჩატარებული აქციის გამო თავისი ყოფილი თანაგუნდელებისგან, „ევროპული საქართველოს" წევრებისაგან კრიტიკა დაიმსახურა, რაც ანალიტიკოს ზაალ ანაჯაფარიძის თქმით, მოჩვენებითია და რეალურად, ეს ორი ოპოზიციური პარტია ერთმანეთის მოკავშირეები არიან. რაც შეეხება უშუალოდ „ნაცმოძრაობის" მიერ პირბადეების დარიგების ფაქტს, ეს წინასაწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

როგორც „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ აღნიშნა, „ნაცმოძრაობის" მიერ ქალაქში პირბადეების დარიგების გამო, მათ მიმართ გამოთქმული კრიტიკა დამსახურებული იყო. მეტიც, ბოკერიამ წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შეთქმულებასა და პროვოკაციაზე დაიწყო საუბარი, რისი დროც, მისი თქმით, ახლა არ არის.

აქვე შეგახსენებთ, რომ „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკამ" 26 მარტს ზუგდიდში პირბადეები დაარიგა, რამაც ხალხის თავყრილობა გამოიწვია. უმრავლესობაში აღნიშნულს მავნებლობა უწოდეს.

საქართველოში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება. შესაბამისად, შსს-ს საპატრულო პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო, ორგანიზაცია „ახალი ლიდერების ინიციატივა" 15 ათასი ლარით დააჯარიმა.

ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ოპოზიციური პარტიის მიზანი იყო ეჩვენებინა, რომ თითქოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს ხალხისთვის, თუმცა, გუშინდელმა მოვლენებმა აჩვენა, რომ, მისი თქმით, სიტუაცია მათ საწინააღმდეგოდ წარიმართა.

„ზუგდიდში მომხდარი ინციდენტი, ეს იყო ჰუმანური მიზნებით შეფუთული პარტიული აქცია. როგორც ჩანს, „ნაცმოძრაობას" სურდა ეჩვენებინა, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობა უყურადღებოდ მიატოვა, - არ აწვდის კორონავირუსთან გამკლავების საშუალებებს დროულად. ამის ფონზე, როგორი ორგანიზებული და მოსახლეობაზე ზრუნვით გამსჭვალულია „ნაციონალური მოძრაობა".

„ეს ღონისძიება, „ნაციონალურ მოძრაობაში," რა თქმა უნდა, იცოდნენ, რომ წინააღმდეგობაში მოდიოდა საგანგებო მდგომარეობის რეგულაციებთან, შესაძლოა ამაზეც იყო გათვლა, რომ მომხდარიყო ექსცესები და ისევ ხელისუფლება დაედანაშაულებინათ, რომელმაც მოქალაქეების მიმართ თითქოს გადამეტებული ძალა გამოიყენა.

„გასაგებია, რომ ამაში აუცილებლად ჩაერეოდნენ სამართალდამცავი სტრუქტურების წარმადგენლები, რომელთა პირდაპირი მოვალეობაა საგანგებო მდგომარეობის წესების დაცვა. აქედან ჩანს, რომ ამ ყველაფერმა მათ საწინააღმდეგოდ იმუშავა და ახლა ალბათ ზიან და ფიქრობენ, როგორ გამოვიდნენ ამ საჩოთირო მდგონარეობიდან.

„რაც შეეხება „ევროპული საქართველოს" განცხადებას, ასეთი პატარა კრიტიკული ისრები მათი ყოფილი თანაპარტიელების მიმართ არაერთხელ მოგვისმენია. ამას მაინცდამაინც დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, რადგან ზოგადად, ისინი პოლიტიკური მოკავშირეები არიან და ცალკეულ შემთხვევებს არ მგონია, რამე ზეგავლენა ჰქონდეთ მათ პოლიტიკურ პარტნიორობაზე," - აღნიშნა ანჯაფარიძემ „რეზონანსთან."

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×