ელზა პაპოშვილი
27.03.2020

თუ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, მისი ოჯახის წევრებს დაკრძალვის სპეციალური წესების დაცვა მოუწევთ. ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა COVID 19-ის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის რეკომენდაციები შეიმუშავეს. რეკომენდაციები კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების გვამიდან ვირუსის გადადების რისკების შესამცირებლად შეიქმნა და როგორც სხვა ქვეყნები, ისევე საქართველოც ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებულ წესებს დაიცავს.   

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის 25 მარტის ბრძანებისა და #16 დანართის თანახმად კი მიცვალებულის დამარხვის შემდეგი წესები იმოქმედებს. 

კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანი თავსდება გვამის ჩანთაში და გარედან უკეთდება ინფექციური საფრთხის მიმანიშნებელი საერთაშორისო სიმბოლო; ხდება გვამის ჩანთის დეზინფიცირება; სამკურნალო დაწესებულებიდან გვამის გადასვენება ხდება სასახლით, რომელშიც გარდაცვლილი თავსდება გვამის ჩანთით და რომლის გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია. 

საჭიროა მიცვალებულის დროულად (არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში) დამარხვის ორგანიზება და ხალხმრავალი პანაშვიდებისგან თავის შეკავება.

გადადის თუ არა კორონავირუსი გვამთან შეხებით, ამ კითხვაზე დადასტურებული პასუხი, ამ ეტაპზე, არ არსებობს. თუმცა საქართველო სხვა ქვეყნების მსგავსად თავადცვის მიზნით სპეციალისტების რეკომენდაციებს ითვალისწინებენ. 

„COVID-19-ის დადასტურებულ, ან სავარაუდო შემთხვევაში, უნდა გამოირიცხოს გვამის ბალზამიერება და ნებისმიერი დამატებითი კონტაქტი, მათ შორის პათოლოგ-ანატომიური გაკვეთა; ამ უკანასკნელის აუცილებლობის შემთხვევაში, მკაცრად უნდა იქნეს დაცული უსაფრთხოების მოთხოვნები“, - ნათქვამია დოკუმენტში. აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის 25 მარტს ხელმოწერილი ბრძანებით ძალაში უკვე შევიდა. 

გარდაცვლილის დაკრძალვის სპეციალური წესები მოქმედებს ესპანეთში, ისრაელში, სადაც  ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გვამი უნდა დაიფაროს გაუმტარი პლასტმასით და მხოლოდ მას შემდეგ დაიკრძალოს.

ირლანდიის ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინი კი მოუწოდებს სარიტუალო მომსახურების თანამშრომლებს, მიცვალებულებთან კონტაქტის შემთხვევაში, გვამს გაუკეთონ პირბადე, რაკიღა გარდაცვალებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მიცვალებულის ფილტვებიდან გამოიფრქვევა მცირე წვეთები, რაც ინფიცირების რისკს ზრდის.

ახლობლებთან გამომშვიდობების საშუალება არ ეძლევათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, იტალიასა და ირანშიც. იქ აკრძალულია სამგლოვიარო რიტუალები და გარდაცვლილის ოჯახის წევრები ან საერთოდ ვერ ესწრებიან დაკრძალვის ცერემონიალს, ან შორიდან ადევნებენ მას თვალს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის შესახებ დადგენილი წესების შესრულება სავალდებულოა და ის მაქსიმალური სიზუსტით უნდა შესრულდეს.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა სრული პაკეტი იმ რეგულაციების და წესების, რაც ყველამ სახვადასხვა გარემოში უნდა გაითვალისწინოს. ამდენად, ჩვენც რა თქმა უნდა, სრულად შესაბამისობაში ვართ იმ საერთო პაკეტთან რეგულაციების, რაც მსგავს სიტუაციაში უნდა იყოს დაცული. 

“ეს წესები არის შესასრულებლად სავალდებულო, რადგან დაკავშირებულია განსაკუთრებულად მნიშვნელოვან საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემასთან. ამდენად ყველა ის წესი, რომელიც ამ კონკრეტულ წესთან ერთად გამოიცა მინისტრის ბრძანებით, უნდა შესრულდეს მაქსიმალური სიზუსტით,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დეკანოზ თეოდორე გიგნაძის განცხადებით კი  ქრისტიანული წესის თვალსაზრისით ვერანაირ წინააღმდეგობას და პრობლემას ვერ ხედავს იმ რეკომენდაციებში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ახალი კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანის დაკრძალვის შესახებ შეიმუშავა.

„შემუშავებულ რეკომენდაციებში ქრისტიანულ რელიგიასთან საწინააღმდეგო არაფერია იმიტომ, რომ წესის აგების დროს, სასულიერო პირი ღვთის წინაშე ლოცულობს და ცოცხალი ღმერთი ისმენს ვედრებას. მორწმუნე კაცი ასე თვლის, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ აუცილებლად მოვკვდებით, ეს იქნება ვირუსით თუ ვირუსის გარეშე. ადამიანი, რომელიც ფიქრობს გარდაცვალებაზე, ხდება მისი შინაგანი რესურსის გამოთავისუფლება მარადიულ ღირებულებებზე და ეს თავისთავად უკვე კარგია, ასე რომ პლუსიც აქვს და მინუსიც (შემუშავებული რეკომენდაციის გამოქვეყნებას). 

“შემუშავებულ რეკომენდაციაში რაიმე საწინააღმდეგოს ვერ ვხედავ, რადგან შეგვიძლია წესი ავუგოთ ადამიანს, რომლის საფლავიც კი არ ვიცით, სად არის და მისთვის ვილოცოთ. ამიტომ აქ პრობლემა არ არსებობს“, - განაცხადა მამა თეოდორე გიგნაძემ. 

 

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×