თამარ შუკვანი
31.03.2020

რამდენად არის მოსალოდნელი, რომ ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ჰაერის ტემპერატურის მატება ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების ტემპს შეაჩერებს, ამ დროისთვის უცნობია. ჰონკონგში ჩატარებული კვლევით გაირკვა, რომ კოვიდ-19-ის ვირუსისათვის კრიტიკული ტემპერატურა +56 გრადუსია. აქედან გამომდინარე, როგორც ქართველი ინფექციონისტები აცხადებენ, იმის მოლოდინი, რომ ამ კუთხით ზაფხული ვითარებას უკეთეობისკენ წარმართავს, ნაკლებად არსებობს.

„მტკიცებულება, რომ ეს ასე მოხდება, სამწუხაროდ არ არსებობს. ამიტომ, ამაზე პასუხი ამ ეტაპზე უცნობია შეიძლება მოხდეს და შეიძლება არა. ყოველ შემთხვევაში ამ ვირუსს სჭირდება +56 გრადუსი, რომ ნახევარ საათში დაიღუპოს.

„ასე რომ, ტემპერატურა, რომელიც ჩვეულებრივ ზაფხულშია, საკმარისი არ არის (კორონავირუსის) განადგურებისთვის. მაგრამ ზოგადად არ ვიცით სეზონურობასთან დაკავშირებით შეიცვლება თუ არა რაიმე ტენდენცია," - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა.

ვარაუდი, რომ ჰაერის ტემპერტურის მატემასთან ერთად კორონავირუსის გავრცელების ტემპი შენელდება, რუსმა სპეციალისტებმა გამოთქვეს. როგორც ცნობილია, ვირუსი კოვიდ-19 ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად კი უფრო სწრაფად მოხდება დახველებისა და დაცემინების შედეგად გაფრქვეული წვეთების აორთქლება, რითაც ვირუსი გაუვნებელყოფა მოხდება. ეს კი, თავის მხრივ დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობას ავტომატურად შეამცირებს.

ამის შესხებ რუსულ „რია ნოვოსტის" ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ანჩა ბარანოვამ განაცხადა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×