თამთა ჩაჩანიძე
31.03.2020

„გარკვეული პანიკა რუსულ მხარესაც აქვს იმიტომ, რომ ქალბატონი ადლერის აეროპორტში ჩამოფრინდა, სადაც ამოწმებენ და შეშფოთებულები არიან, ეს შემთხვევა როგორ გამოეპარათ", - ასე აფასებს „რეზონანსთან" კონფლიქტოლოგი, შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გალში შექმნილ სიტუაციას, სადაც 50 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა და იგი ამჟამად ზუგდიდის საავადმყოფოში მკურნალობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალბატონი გალის რაიონის სოფელ საბერიოში რუსეთიდან ჩავიდა.

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ პანიკაშია არა მხოლოდ გალის რაიონის მოსახლეობა, არამედ მთლიანად აფხაზეთი, რადგან ქალბატონმა დიდი გზა ადლერის აეროპორტიდან გალის რაიონამდე შეუფერხებლად და თავისუფლად გამოიარა.

„ქალის დაინფიცირების შემთხვევის შემდეგ მოსახლეობაშიცაა პანიკა და ამის გამო აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ოჩამჩირესა და გალს შორის მიმოსვლა ჩაკეტა. გალი მთლიანად კარანტინში მოაქცია, ანუ გალიდან ვერავინ ვერც ზუგდიდის მხარეს და ვერც ოჩამჩირის მხარეს ვერ გავა, ანუ გარშემორტყმულია და ჩაკეტილია.

„ეს სწორედ იმის რეაქცია იყო, რომ გალში ერთი ქალბატონი კორონავირუსით იყო დაინფიცირებული, რომელიც დღეს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოშია.

„საზოგადოებაში პანიკა არის, იმიტომ, რომ ამ ქალბატონს ვირუსი არა ქართული მხარიდან გადასვლით დაუფიქსირდა, არამედ რუსეთიდან შემოსვლით. მან ადლერიდან გალამდე მთელი გზა გამოიარა. გარკვეული პანიკა რუსულ მხარესაც აქვს იმიტომ, რომ ეს ქალბატონი რუსეთიდან ადლერის აეროპორტში ჩამოფრინდა, სადაც ამოწმებენ და შეშფოთებულები არიან, რომ ეს შემთხვევა გამოეპარათ.

„ქალბატონი ჩაჯდა მანქანაში, მთელი აფხაზეთი გამოიარა და გალში ჩავიდა, ეს გზა კი ყველასთვის შემაშფოთებელია. საზოგადოებაში ძალიან ბევრი კითხვებია, თუ როგორ მოხდა ამ ქალბატონის გამოტარება, როცა თითქოსდა კარანტინია და გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისი ვარაუდით, აფხაზეთიდან გადმოსულ პაციენტებს ალბათ არა რუხის, არამედ ზუგდიდის საავადმყოფიში უმკურნალებენ, რუხი კი კარანტინისთვის იქნება გამოყენებული.

„იქიდან გამომდინარე, რომ ინფიცირებული ქალბატონი ზუგდიდის ინფექციურ ცენტრში მოათავსეს, აშკარად ჩანს, რომ რუხში გახსნილი საავადმყოფო უფრო პიარის ნაწილი იყო, იმიტომ, რომ აშკარად საინფექციო საქმიანობა უფრო ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოსი ტარდება და პაციენტს რუხში რატომ მოათავსებენ? რუხის ცენტრში უფრო შეიძლება რომ ადამიანები კარანტინში მოათავსონ, მაგრამ მკურნალობას რაც შეეხება, პაციენტს ზუგდიდში ჩაუტარებენ, რომელიც კარგად აღჭურვილი და მოწყობილია.

„ყურადღება იმიტომაა გადატანილი რუხზე, რომ აფხაზებისთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ, რომ რუხი მათთვის არსებობს.

„გალელების დიდი ნაწილი მაინც სოფლის მეურნეობას მიჰყვებიან, მათ გარკვეული მარაგები შენარჩუნებული აქვთ, ესაა სიმინდი თუ პირველადი აუცილებელი მოხმარების პროდუქტები. მაღაზიებშიც ჯერ კიდევ რაღაც არის, მაგრამ მოსახლეობაში ზოგადად შეშფოთება არის და განცდაა იმისა, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ამბობს, რომ პროდუქტებს მიაწვდიან", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×