ელზა პაპოშვილი
31.03.2020

როგორ შეძლებს საქართველოს მთავრობა საყოველთაო კარანტინისა და კომენდატის საათის გამოცხადების პირობებში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ჩარჩენილი ემიგრანტების გამოყვანას, ჯერჯერობით კვლავ უცნობია. ხელისუფლებამ ევროპის ის ქვეყნები დაასახელა, საიდანაც ორი კვირის განმავლობაში ქართველებს გამოიყვანენ, თუმცა, როგორც „რეზონანსთან“ ემიგრანტები ამბობენ, საელჩოებს საკუთარი სიები აქვთ და თვითფრინავზე მხოლოდ სიაში მყოფი ადამიანები ხვდებიან. ხოლო ბილეთების გაყიდვა იმდენად სწრაფად ხდება, რომ მისი შეძენას ფიზუკურად ვერ ასწრებენ. თუმცა, უმრავლესობას აღარც ამის სახსრები აქვს.

21 მარტიდან კი, რაც საქართველოს საჰაერო სივრცე ჩაიკეტა,  ბევრმა ემიგრანტმა ქვეყანაში დაბრუნება ვერ მოასწრო და ევოპის სხვადასხვა ქვეყნებიდან დახმარებას კვლავ ითხოვენ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ 25 მარტს ფრენების ის განრიგი დაასახალა, რომლითაც ჩვენს თანამოქალაქეებს სამშობლოში დააბრუნებენ. 

მინისტრის განმარტებით, უკვე თვენახევარია, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით და პრემიერ-მინისტრის დავალებით 3 ათასამდე მოქალაქის სამშობლოში დაბრუნება მოხერხდა.

მისივე თქმით, განხორციელდა სპეციალური რეისები ჩინეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ჰოლანდიიდან, გერმანიიდან და ეს სია საკმაოდ ვრცელია. 

25 მარტს  რეისი თბილისი-ბერლინი-თბილისი უკვე შედგა, თუმცა ბევრმა მათგანმა ბილეთის შეძენა ვერ მოასწრო და გერმანიაში დარჩნენ. ასევე, 26 მარტს  ბერძნულმა ავიაკომპანია „ეგეოსის ავიახაზებმა“ თბილისის მიმართულებით რეისი განახორციელა და სამშობლოში ქართველები დააბრუნა. 26 მარტსვე  თბილისი-ვენა-თბილისის რეისი განხორციელდა, ხოლო 31 მარტს განხორციელდება თბილისი-ამსტერდამი-თბილისის რეისი. 

აპრილის თვეში კი ამ ეტაპზე სულ სამი ქვეყნიდან მოხდება ქართველების სამშობლოში დაბრუნება: 3 აპრილს განხორციელდება თბილისი-ვარშავა-თბილისის რეისი, 7 აპრილს - თბილისი-ათენი-თბილისის რეისი და, 10 აპრილს - თბილისი-ლარნაგა-თბილისის რეისი.

საზღვარგარეთ მყოფ რამდენ ქართველს უნდა სამშობლოში დაბრუნება, ზუსტი სტატისტიკა ჯერ უცნობია, თუმცა საელჩოები ევოპის ქვეყნებში დარჩენილი ქართველების სიას ამ დრომდე ადგენენ. როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, მათთან შესული ზარების მიხედვით, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან 3000-მდე ქართველია, რომელსაც სახლში დაბრუნება სურს. 

„რეზონანსი“ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში დარჩენილ ქართველებს ესაუბრა. პოლონეთში, გერმანიასა და იტალიაში მყოფი ქართველები თავად დაგვიკავშირდნენ. ისინი იქ არსებულ სიტუაციაზე საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ.

პოლონეთში უმუშევრად დარჩენილი ქართველი ლექსო ახალმოსულიშვილი „რეზონანსს“ უყვება რა პირობებში ცხოვრობს. ახალმოსულიშვილი ამბობს, რომ პოლონეთში, კერძოდ კრაკოვში, მშენებლობაზე მუშაობდა და სხვა ქართველებთან ერთად უმუშევრად დარჩა, რადგანაც ქვეყანაში ყველაფერი დახურულია და ისინი სამსახურიდან გამოუშვეს. 

ბინა აქვს დაქირავებული, თუმცა ქირის გადახდის საშუალება აღარ აქვს. ქართველი ემიგრანტი გვეუბნება, რომ მან საელჩოში დახმარების თხოვნით რამდენჯერმე დარეკა. ჩაიწერეს მისი მონაცემები და უთხრეს, რომ დაუკავშირდებიან. 

ახალმოსულიშვილი ამბობს, რომ 28 მარტის რეისის  ბილეთები მალევე გაიყიდა, იგივე მოხდა 3 აპრილს დანიშნულ რეისზეც. ამიტომაც ის სამშობლოში დაბრუნებას ჯერ კიდევ ვერ ახერხებს. ყველანაირი სახსარი ამოეწურა და ახლა მხოლოდ საელჩოს იმედზეა, რომელმაც სამშობლოში დასაბრუნებლად დახმარება აღუთქვა.

„მინიმალური შემოსავლისა და თავშესაფრის გარეშე ვარ დარჩენილი. მშენებლობაზე ვმუშაობდი და ყველაფერი შეჩერებულია. სამსახურებიდან გამოგვიშვეს. რა ფულიც მქონდა, სახლის ქირაში მივეცი. არც საჭმელი და არც  მედიკამენტების ფული მაქვს.  სახლში ვზივარ და ველოდები როდის შევძლებ, რომ სამშობლოში დავბრუნდე. 

„28 მარტის მარშუტზე ბილეთების ყიდვა ვერ მოვასწარი, ვერც 3 აპრილის რეისზე, რადგანაც ყველა ბილეთი 5 წუთში გაიყიდა. ვუკავშირდები საელჩოს და იწერენ მონაცემებს. მეუბნებიან, რომ წაგვიყვანენ და ცოტა ხანს როგორღაც გავძლოთ. არ ვიცი როდემდე შევძლებ, რომ თავი გავიტანო. ჩემს დღეში ალბათ დაახლოებით 20 ქართველი იქნება, რომლებიც ასევე მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებული“, - აცახდებს ახალმოსულიშვილი „რეზონანსთან“.

ნინო კუბლაშვილი გერმანიაში მცხოვრები ქართველი სტუდენტია, რომელიც პარალელურად ძიძად მუშაობდა. სიტუაციის გართულების შემდეგ ის სამსახურიდან დაითხოვეს. ახლა ნაქირავებ ბინაშია და ელოდება სამშობლოში დაბრუნებას როდის შეძლებს. 

კუბლაშვილი ამბობს, რომ საკვების ფულს ოჯახი საქართველოდან უგზავნის. საელჩოსთან მუდმივ კავშირშია და აიმედებენ, რომ სამშობლოში დააბრუნებენ. 

„გერმანიაშიც ძალიან რთული სიტუაციაა. აქ ბერლინში ძიძად ვმუშაობდი, მაგრამ სამსახურიდან გამომიშვეს. სახლში ვარ უკვე რამდენიმე კვირაა. ვერ მოვასწარი, რომ სამშობლოში დავბრუნებულიყავი. საელჩო სიებს ადგენს და როგორც კი სია ივსება, მორჩა - იმ დანიშნულ რეისზე ვეღარ ხვდები. 

„საელჩოში მითხრე, ჯერ გერმანიის რეისი დანიშნული არ არის და ველოდებითო. ამიტომაც როგორღაც ვცდილობთ, რომ გავძლოთ. ბერლინის რეისზე, რომელიც 25 მარტს იყო დანიშნული, ბილეთი ვერ ვიყიდე“, - ამბობს კუბლაშვილი „რეზონანსთან“. 

ინგა ბერიკაშვილი კი იტალიაში ქალაქ ბარიში ცხოვრობს. ის ერთი წელია, რაც მოხუცის მოსავლელად წავიდა. მისი თქმით, იტალიაში სიტუაცია საკმაოდ მძიმეა და მოხუცის ოჯახმა ის უკვე გააფრთხილა, რომ მაქსიმუმ ერთ კვირაში სამშობლოში დაბრუნდეს. 

ბერიკაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ საკმაოდ მძიმე სიტუაციაშია, რადგანაც, თუ ერთ კვირაში საქართველოში ვერ დაბრუნდება, იმ თანხით, რასაც მას დამქირავებელი გადაუხდის, ბინის ქირაობა მოუწევს. შესაბამისად, აღარც ბილეთის და აღარც საკვების ფული არ ექნება. ის საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. 

„650 ევროს მიხდიან. აქაც სიტუაცია ძალიან გაფუჭდა. ვხედავ უკვე, რომ ოჯახი საკვების საყიდელ ფულსაც კი ზოგავს. გამაფრთხილეს, რომ რადგანაც თავადაც სახლში არიან და აღარ მუშაობენ, მოხუცს თავად მოუვლიან. აქ სამსახურს ვეღარავინ შოულობს. თანაც მუშაობა უკვე უსაფრთხოც აღარ არის. 

„მითხრეს, რომ ერთ კვირაში უნდა დავტოვო სახლი. სად წავიდე, არ ვიცი. აქაც ქართველები ვინც დარჩნენ, ყველა სახლებში არიან ჩაკეტილი. ვერავინ ვერავის ეხმარება. ვთხოვთ ხელისუფლებას, ვიცით, რომ საქართველოშიც უკვე კარანტინი გამოცხადდა და ძალიან რთული სიტუაციააა, მაგრამ იქნებ სამშობლოში დაგვაბრუნონ და ამ გაჭირვებაში აქ ნუ მიგვატოვებენ“, - აცხადებს ბერიკაშვილი „რეზონანსთან“.

 

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×