თამთა ჩაჩანიძე
31.03.2020

აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის მთავარი ინფექციონისტის ენტონი ფაუჩის აზრით, კოვიდ-19 ინფექციის გავრცელების ახალი ტალღა შესაძლოა ქვეყანაში ამ შემოდგომით განმეორდეს. ამასთან, მისივე შეფასებით, ამერიკის ხელისუფლება შემოდგომით ახალ ტალღას უკეთ მომზადებული დახვდება.

ფაუჩიმ ასევე აღნიშნა, რომ შემოდგომისთვის რაღაცეები შეიცვლება. მისი აზრით, შესაძლოა ამ დროისთვის ვირუსი უკვე გამოკვლეულიც იყოს, ადამიანებზე ჩატარდება ტესტირებები და შესაძლოა ვირუსის ვაქცინა და სხვა სამკურნალო მედიკამენტებიც გამოჩნდეს.

ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" ამბობს,რომ შემოდგომის ტალღაზე საუბარი ნაადრევია, რადგან საქართველოში ჯერ პირველი ტალღა არ ჩამცხრალა.

„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ახლა რამდენად მოხდება ამ ვირუსის მორევა. ეს შესაძლოა გაგრძელდეს იმიტომ, რომ ზაფხული ვირუსთან არაფერ შუაშია, არაფერს არ შეცვლის, ანუ სიცხის მომენტი ამ შემთხვევაში არ მოქმედებს, მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ულტრაიისფერი სხივები და ამ მხრივ შესაძლოა შედარებით შემცირდეს რაოდენობა.

„მაგრამ რეალურად ახალ ტალღაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, ჯერ ეს ტალღა არ დამთავრებულა, საქართველოში პიკი ჯერ არ ყოფილა. პირიქით ჯერ ჩვენ იმაზე ვიბრძვით, რომ როგორმე ინფიცირების უკონტროლო გამრავლება არ მოხდეს.

„ჯერ იმაზე უნდა ვისაუბროთ ახლა რა ხდება, იმიტომ, რომ მომავალში რა მოხდება, კაციშვილმა არ იცის. არასოდეს წარმომედგინა, რომ სარს-ის შემდეგ კიდევ რამე განმეორდებოდა. ჩვენს ბედზე ეს ვირუსი ისეთი მომაკვდინებელი არაა, როგორიც სარს-ი იყო, თუმცაღა სარს-ი ნაკლებად ვირულენტური და ინფიცირებადი იყო.

„შემოდგომით იქნება თუ არა მეორე ტალღა, ვერავინ ვერაფერს ვერ იტყვის. წინასწარ ლაპარაკი საჭირო არაა, თუმცაღა დაცვა აუცილებელია. საქართველო სწორედ იმიტომაა წარმატებული, რომ წინასწარ ბევრი რამისთვის მზად იყო და ამაში სწორედაც რომ ლუგარის ლაბორატორიას და იმ ხალხს მიუძღვის წვლილი, რომელიც ამ სიტუაციას აკონტროლებს.

„ბევრ პრეპარატზეა ლაპარაკი, „პლანქველინიდან" დაწყებული ბევრი სხვა პრეპარატით დამთავრებული, მაგრამ რეალურად ჯერ პრეპარატი არ არსებობს. ერთი წელია მაინც საჭირო იმისათვის, რომ რეალური ვაქცინა შემუშავდეს.

„ჯერ ეს ტალღა არ დამთავრებულა. შემოდგომაზე ვირუსის ტალღა იქნება თუ არა, ერთადერთი მომზადებული შეგვიძლია შევხვდეთ ისევ და ისევ თავდაცვითი მექანიზმებით და არა ანტივირუსული პრეპარატით. თუ იქნება ამაზე კარგი რა არის, მაგრამ ჯერ 100%-იანი ანტივირუსული პრეპარატი ალბათ არ იქნება შემუშავებული."-განაცხადა ხმალაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×