თამარ შუკვანი
01.04.2020

ბოლნისისა და მარნეულის მსგავსად, სადაც 23 მარტს კარანტინი გამოცხადდა და მუნიციპალიტეტები ჩაიკეტა, სხვა რეგიონებში იგივე ღონისძიების გატარება ამ დროისთვის არ იგეგმება. ამის შესახებ „რეზონანსს" მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

არადა მანამდე გაჩნდა ეჭვი, რომ ეს შეიძლება მთელი კახეთის მასშტაბით მომხდარიყო, რადგან ამ რეგიონში რამდენიმე დღის წინ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.

კახეთში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 31 მარტს დადასტურდა. ამასთან, იმავე ღამით, კახეთში ერთ-ერთი საკარანტინო ზონიდან ორი შუახნის მამაკაცი ტემპერატურის მატებით და ვირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კლინიკის ხელმძღვანელის, ხათუნა ჭონიაშვილის თქმით, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

მუნიციპალიტეტში, ცხრა საკარანტინო ზონაში ამ დროისათვის 684 ადამიანი იმყოფება.

რაც შეეხება უშუალოდ კახეთში ვირუსის პირველ შემთხვევას, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში პაპის დაკრძალვაზე იმყოფებოდა და 31 მარტს კორონავირუსი დაუდასტურდა, ტაქსის მძღოლია. იგი თბილისში ცხოვრობს და იქვე მუშაობდა.

მისმა ოჯახის წევრებმა დაადასტურეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ტემპერატურა და სხვა სიმპტომები ჰქონდა, რაზეც მკურნალობას თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა, თუმცა კორონავირუსზე შემოწმება 30 მარტამდე არ ჩატარებია, ვიდრე მისი ჯანრთელობის მდგომარეობა არ გართულდა და ინფექციურ საავადმყოფოში არ მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას „რეგინფო" ავრცელებს.

ახალგაზრდა მამაკაცის პაპა სოფელ კარდენახში 19 მარტს დაკრძალეს. გარდაცვლილის შვილიშვილი თბილისიდან სოფელში 17 მარტს ჩავიდა და ოჯახის წევრებთან, მეზობლებთან და ნათესავებთან ჰქონდა კონტაქტი, მათ შორის დეიდასთან, რომელიც ექიმი-თერაპევტია და ჯეო ჰოსპიტალსის გურჯაანის სამედიცინო ცენტრში მუშაობს. ექიმი თვითიზოლაციაში დღეიდანაა. მანამდე, ის კლინიკაში ჩვეულებრივ აგრძელებდა მუშაობას.

„რეგინფოსთან" საუბარში ექიმმა თქვა, რომ თვითონაც და მისი დის შვილის ოჯახის წევრებიც ჯანმრთელობას არ უჩივიან, თავს კარგად გრძნობენ და ისინიც თვითიზოლაციაში დღეიდან არიან.

ამავე ცნობით, იკვლევენ ყველა კონტაქტს, ვისთანაც ინფიცირებულს ურთიერთობა ჰქონდა.

რაც შეეხება მარნეულს, 15 ადამიანიდან, რომელთა პასუხებსაც კორონავირუსთან დაკავშირებით ელოდებიან, 70 წელს გადაცილებულ ორ ქალს ვირუსი დაუდასტურდა. ორივე მათგანს ორმხრივი პნევმონია აქვს.

რაც შეეხება თერმოსკრინინგს, მარნეულის მერის ზაურ დარგალის თქმით, 2000 შემოწმებული ადამიანიდან ტემპერატურა არც ერთ მათგანს არ დაუფიქსირდა.

ზაურ დარგალმა კომენტარი გააკეთა მუნიციპალიტეტში კანონდარღვევებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დღეს კანონდარღვევის ფაქტები ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

კიდევ ერთ მკაცრ საკარანტინო ზონაში, ბოლნისში კორონავირუსთან დაკავშირებით კონკრეტულ ობიექტებზე სადეზინფექციო სამუშაოები განახლდა. პარალელურად, მიმდინარეობს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხრიდან სასურსათო პაკეტების დარიგება.

ცნობისათვის ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 115 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 22 პირი გამოჯანმრთელდა.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×