ელზა პაპოშვილი
01.04.2020

აფხაზებს კორონავირუსის პანდემიასთან გასამკლავებლად არც მატერიალური რესურსები აქვთ და არც ადამიანური, რუსეთი კი დახმარების კუთხით დიდად არ აქტიურობს. ბევრი ადამიანი, ძირითადად გალელები, დახმარებისთვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოდის. ვრცელდება ცნობები, რომ აფხაზ და ქართველ ექიმებს შორის ერთგვარი არაოფიციალური კომუნიკაცია დამყარდა. აღსანიშნავია, რომ აფხაზი „მესაზღვრეები“ კორნავირუსის სიმოტმების მქონე ადამიანებს აფხაზები ზუგდიდში სამკურნალოდ თავისუფლად უშვებენ. 

ზუგდიდში, ოკუპირებული აფხაზეთიდან დღეის მდგომარეობით  7 ადამიანი გადმოიყვანეს. ისინი საკარანტინე ზონაში არიან მოთავსებულნი. მოქალაქეები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე საბერიო-ფახულანის ე.წ. გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდნენ.   

აღნიშნული 7 პირი იმ ქალის კონტაქტებს წარმოადგენენ, რომელიც კორონავირუსის  დიაგნოზით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სამკურნალოდ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოიყვანეს, მას რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. გარდა ამისა, ოკუპირებული სოხუმის საავადმყოფოშია მოთავსებული მასთან ერთად მოგზაურობაში მყოფი პირი, რომელსაც ასევე ახალი კორონავირუსის დამახასიათებელი ნიშნები აღენიშნება. 

ასევე ცნობილია, რომ ერთმა პირმა ქართულ მხარეს დახმარების თხოვნით მიმართა. ის ტემპერატურის ნიშნებით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში უკვე მოათავსეს. მისი ანალიზები კი ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა, პასუხი დღეს გახდება ცნობილი.

კლინიკაში მოთავსებულია ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი ოჯახიც. 2 მცირეწლოვან ბავშვს ბოქსირებულ განყოფილებაში მშობლებთან ერთად აკვირდებიან. 

აფხაზეთში კი მოაქალაქეების ინფორმაციით, სიტუაცია საკმაოდ რთულია. იქ 30 მარტს კარანტინი და კომენდატის საათი გამოცხადდა. თუმცა როგორც ცნობილია აფხაზეთში კორონავირუსით დაავადებული არცერთი ადამიანი ჯერ არ გამოვლენილა. აფხაზები ამბობენ, რომ მათ აქვთ ტესტები, რომელიც რუსებმა მისცეს, თუმცა მათი გადამოწმება ლაბორატორიაში უნდა მოხდეს. ე.წ.  ხელისუფლება ამბობს, რომ ამ ტესტებს რუსეთში გაგზავნიან. 

მოსახლეობა კი ეჭვს გამოთქვამს, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში ე.წ. ხელისუფლება მოჩვენებით კარანტინებს აწყობს, სადაც ვირუსის გამოვლენის საშუალება არა აქვთ და არც მკურნალობის რაიმე პროტოკოლი არსებობს. 

„ფეისბუკით“ თავისი პოზიცია გამოხატა გულრიფშის რაიონის ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, ზურაბ აჩბამ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დაწერა: 

„ჩვენი სამედიცინო დაწესებულებები ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშეა, არაფერი არ არის - არც ნიღბები, არც სადეზინფექციო ხსნარები და არც სპირტი. ქაღალდზე ყველაფერია, სინამდვილეში კი - არაფერი. შტაბი თითქოს შექმნილია, მაგრამ საერთოდ არ მუშაობს. ნორმალურ სახელმწიფოში მკაცრ ზომებს დიდი ხნის წინ მიიღებდნენ, ჩვენთან კი ამას დაგვიანებით აკეთებენ... კაცმა რომ თქვას, დღეს ხელისუფლებაც კი არ გვყავს. სრული ქაოსი გვაქვს და იმიტომ მოგმართავთ თქვენ - აფხაზეთის მოსახლეობას. ჩვენ ბედის ანაბარა ვართ მიდგებული და დახმარებას არ უნდა დაველოდოთ".,-წერს ექიმი სოციალურ ქსელში. 

კონფლიქტოლოგი და კავკასიოლოგი მამუკა არეშიზე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ გალის საავადმყოფოს უცხოური ორგანიზაციების ნაჩუქარი კორონავირუსისგან თავდაცვის საშუალებები წაართვა და სოხუმში გადაიტანა.  

არეშიძის თქმით, აფხაზეთში არცერთი ინფექციური საავადმყოფო არ არის და მთელს რეგიონში მხოლოდ ერთი ინფექციონისტი ჰყავთ. ამასთან, არც აფხაზეთში და არც ე.წ. სამხრეთ ოსეთში არ აქვთ კორონავირუსის გამოსავლენად საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა.

არეშიძის ინფორმაციით, აფხაზეთიდან გადმოსულთა უმრავლესობას გალელი ქართველები შეადგენენ.

მისივე თქმით, ცენტრალურმა ხელისუფლებამ იმაზე ადრე დაიწყო ზუგდიდში რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის მომზადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოსახლეობისთვის, ვიდრე ამის შესახებ ვინმე ინიციატივას გამოთქვამდა.

„რაოდენობის შესახებ არაფრის თქმა არ შემიძლია, მითუმეტეს რომ, ძირითადად ქართველები არიან. საქართველოს ხელისუფლებამ თადარიგი წინასწარ რომ დაიჭირა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯია. „რუხის" მომზადება დაიწყეს იმაზე ადრე, ვიდრე ვინმე ხმას ამოიღებდა და რამეს იტყოდა. ეს სასიამოვნო სიურპრიზი იყო პირადად ჩემთვის.

„ბევრი ადამიანი გადმოვიდა, მაგრამ თვითონ ვირუსთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი ჯერჯერობით. გუშინწინ გადმოიყვანეს ერთი ოჯახის ორი წევრი, რადგან ადგილობრივებს ეჭვი შეეპარათ, პანიკაში არიან.

„აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გალის საავადმყოფოს წაართვა ის დახმარება, რომელიც ჩაიტანეს ამერიკელებმა, ჯანდაცვისა მსოფლიო ორგანიზაციამ და „იუსეიდმა“. აფხაზებმა, ოსებისგან განსხვავებით, მიიღეს ეს დახმარება და განაწილდა მთელი რეგიონის საავადმყოფოებზე. შემდეგ გალელებს უკან წაართვეს და ისევ სოხუმში წაიღეს - პირბადეები, ანტისეპტიკური საშუალება და ა.შ“, - ამბობს არეშიძე „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, უამრავი რუსია ჩამოსული აფხაზეთში, რადგან ეს რუსებიც ვერსად ვეღარ მიდიან. არეშიძის აზრით, მთელ აფხაზეთში კორონავირუსი არის თუ არა, ვერავინ დაადგენს. ფილტვების ანთების დადგენა კიდევ შეუძლიათ, არიან თერაპევტები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ დაადგინონ ვინ არის დაავადებული.

„ბიოლოგიური მასალაც რომ აიღონ და გააგზავნონ, უნდა გააგზავნონ კრასნოდარის მხარეში. წარმოგიდგენიათ, რამხელა გზა უნდა გაიაროს და რამდენი ხანი უნდა ელოდონ? თანაც რუსებს სოჭისთვის ვერ მოუვლიათ, იქ კორონავირუსის ათეულზე მეტიშემთხვევაა და ჯერჯერობით ვერაფერს ახერხებენ გარდა იმისა, რომ რეჟიმი გაამკაცრეს. რაოდენობა შეიძლება იყოს ასი, შეიძლება - არცერთი.. ამას აფხაზეთში ვერავინ დააგენს, რადგან სპეციალისტები არ ჰყავთ“,-ამბობს არეშიძე. 

მისივე თქმით, ორ-სამ ვირაში რუხის საავადმყოფო აფხაზეთიდან გადმოსული პაციენტებით გაივსება. 

კონფლიქტოლოგი და ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ აფხაზები კორონავირუსიის სიმპტომების მქონე ყველა ადამიანს ე.წ. საზღვარზე ატარებენ და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის უფლებას აძლევს. ვარაუდობს, რომ აფხაზ მედიკოსებს ქართველ ექიმებთან კონტაქტი აქვთ და გამოჩნდა, რომ მათ ამ გაჭირვების დროს ქრთველების იმედი აქვთ.

გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი კორნავირუსით დაავადებულ სახვა ქვეყნის მოქალაქეებს თავის ქვეყანაში სამკურნალოდ არ უშვებენ. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ აფხაზეთში კორონავირუსიის გამოსავლენად ლაბორატორია არ არსებობს, თუმცა მათ სრწაფი ტესტები აქვთ.  აფხაზები ამბობენ, რომ მას გადსამწომებლად რუსეთში გადააგზავნიან. თუმცა კონფლიქტოლოგი არ გამორიცხავს, რომ მათ გადამოწმება ლუგარის ლაბორატორიაშიც მოხდეს.

„ძალიან კარგია, რომ ამ სიტუაციაში აფხაზებს ქართველების იმედი აქვთ. ფაქტია, რომ სიმპტომების მქონე ადამიანებსაც კი ზუგდიდის მიმართულებით გადაადგილების საშუალებას აძლევენ. ამბობენ, რომ ტესტები აქვთ და ის რუსებმა მისცეს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ქართულმა მხარემაც მისცა და მათი გადამოწმება ლუგარის ლაბორატორიაშიც კი ხდება. სამომავლოდ ეს დამოკიდებულება შესაძლოა საქართველოსთვის დადებითი აღმოჩნდეს. რაღაცა ახალი ურთიერთობის დაწყების საშუალებაც მოგვცეს. რუსებმა რამდენად მიატოვეს ასე გადაჭრით ვერ ვიტყვით. როგორც ვიცი მათ ეკიპირება და გარკვეული სამედიცინო დახმარება მისცეს. 

თუმცა კორონავირუსით დაინფიცირებულების რუსეთში გადაყვანასა და მკურნალობაზე უარს ამბობენ, რადგანაც აფხაზები სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან.  რა თქმა უნდა, ქართველ და აფხაზ ექიმებს შორის გარკვეული თანამშრომლობა არსებობს და არც იმას გამოვრიცხავ, რომ რეკომენდაციებს ქართველი ექიმებისგან იღებენ. თუმცა ამის ღიად აფიშირებისგან თავს იკავებენ. პიარის კუთხით რუხის საავადმყოფოს გახსნა და იმის ჩვენება, რომ ეს აფხაზების სამკურნალოდ გამოყენებული იქნება, საკმაოდ კარგი სვლაა. მათ უნდა ვაჩვენოთ, რომ ამ გაჭირვების ჟამს, ჩვენ არ მივატოვებთ“,-აცხადებს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.  

ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ზუგდიდში რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის სწრაფად ამოქმედებას სხვა დატვირთვა აქვს, ვინაიდან საოკუპაციო ხაზის მიღმა ტერიტორიებიდან დიდი რაოდენობით ხალხი გადმოდის.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მყოფი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ამ მძლავრი სამედიცინო ცენტრის ამოქმედების ძირითადი მისია სწორედ ეს არის," - თქვა გახარიამ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ რუხის მრავალფუნქციური კლინიკა არის მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული მაღალი სტანდარტის სამედიცინო ინფრასტრუქტურით.

„საქართველოს ხელისუფლება დგამს ქმედით ნაბიჯებს იმისათვის, რომ დახმარება გაუწიოს მოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან“ - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, ვითარება ამ ეტაპზე აფხაზეთის რეგიონში არის ვირუსის გავრცელების მაღალი რისკები, რადგან ბოლო დღეების განმავლობაში ხდებოდა უკონტროლო შემოდინება ფსოუს მონაკვეთიდან, გადაადგილებები და ხალხმრავალი თავყრილობები, რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, აქ მდგომარეობა ცოტა უფრო კრიტიკული და მძიმეა, რამდენადაც იქ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც არ აქვთ წვდომა. 

„იცით, რომ პრემიერ-მინისტრთან და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ვესტუმრე რუხის მრავალპროფილურ კლინიკას, რამდენიმე დღეში ინტენსიურ რეჟიმში მოხდება ამ ინფრასტრუქტურის აღჭურვა იმისთვის, რომ იყოს მზაობა მოემსახუროს პაციენტებს, როგორც ზუგდიდიდან ისე საოკუპაციო ხაზის მეორე მხრიდან, აფხაზეთიდან.

„ვითარება ამ ეტაპზე არის საკმაოდ რთული, მაღალი რისკებია აფხაზეთის რეგიონში იქედან გამომდინარე, რომ ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში ხდებოდა უკონტროლო შემოდინება ფსოუს მონაკვეთიდან, გადაადგილებები და ხალხმრავალი თავყრილობები. რა თქმა უნდა ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში ვავრცელებთ ინფორმაციას, მათ შორის აფხაზურ და ოსურ ენებზე და ვაწვდით მოსახლეობას ყველა იმ რეკომენდაციას, რაც გაიცემა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეკომენდაციების დაცვა, პირადი ჰიგიენიდან დაწყებული , სოციალური დისტანცირებით დასრულებული. იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე ქმედითი ზომა პრევენციისთვის. რაც შეეხება უკვე დიაგნოსტიკას და მართვას, აქ რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს მზაობა, ამაზე ვმუშაობთ ძალიან აქტიურად, ასევე ადგილზე გარკვეული ღონისძიებების გატარებისთვისაც ჩვენი პარტნიორების მეშვეობით

„რა თქმა უნდა გაცნობიერებული გვაქვს, რომ შემთხვევების რიცხვი და მომართვიანობა შეიძლება გაიზარდოს. კიდევ ერთხელ, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის მიმართულებით ასეთი მზაობა გააჩნია საქართველოს ხელისუფლებას. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, აქ მდგომარეობა ცოტა უფრო კრიტიკული და მძიმეა, რამდენადაც იქ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც არ აქვთ წვდომა, გარდა წითელი ჯვარისა და ჩვენ ვცდილობთ ამ პარტნიორის მეშვეობით გადავდგათ ნაბიჯები, რომ მოსახლეობას ძალიან მძიმე მდგომარეობა შევუმსუბუქოთ და გავატაროთ გარკვეული ღონისძიებები ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×