თამარ შუკვანი
01.04.2020

მოხდება იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც ახალი კორონავირუსისა და შექმნილი ვითარების გამო სამსახური დაკარგა, და ამის შემდეგ მთავრობა მათ დაეხმარება, აცხადებს პრემიერ-მინისტრი. თუმცა, როგორ წარიმართება იდენტიფიცირების პროცესი და რა მექანიზმებით განხორციელდება დახმარება, ჯერ არ არის ცნობილი.

ეკონომიკის პირდაპირი დამხარების მიზნით 2 მილიარდი ლარი გამოიყო. გახარიას თქმით, ყველა თანხმდება, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, რომ მსოფლიო ეკონომიკა რეცესიის ფაზაში შედის, რაც ასევე აისახება საქართველოს ეკონომიკაზეც.

მისი თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესანარჩუნებლად და წარმოების მხარდასაჭერად. რაც შეეხება კორონავირუსთან ბრძოლას, „კრიზისულ ბიუჯეტში" ვირუსთან ბრძოლისთვის დამატებით 351 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

გახარიამ აღნიშნა, რომ გამოწვევა არის უკიდურესად რთული და გლობალური. ამასთან, მისივე თქმით, დღეს სახელმწიფო ფუნქციონირებს კრიზისული ბიუჯეტის ფარგლებში.

„დღეს არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ვისაუბროთ ეკონომიკის იმ ზრდაზე რომელზეც წლის დასაწყისში ვსაუბრობდით. ყველას კარგად გვესმის რომ დღეს სახელმწიფო ფუნქციონირებს კრიზისული ბიუჯეტის ფარგლებში.

„პირველ რიგში გვესმის, რომ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ მიიღო პირდაპირი ეკონომიკური ზიანი იმ ღონისძიებების გამო, რომელიც მთავრობამ გაატარა და იძულებულია გაატაროს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად და ეს ზიანი ხშირ შემთხვევაში არის პირდაპირი და ხელშესახები. ხშირ შემთხვევაში ადამიანებმა დაკარგეს შემოსავალი და სამუშაო ადგილები," - განაცხადა გახარიამ.

ამასთან, პრემიერმა მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული წესების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.

„გუშინ გვქონდა პირველი დღე, პირველი 24 საათი განსაკუთრებული ღონისძიებების, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების. მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, განსაკუთრებით თბილისელებს გადავუხადო მადლობა, იმ გაგებისთვის, როგორც მოეკიდნენ გუშინდელი დღის, განსაკუთრებით, 21:00 საათის შემდეგ, ღონისძიებებს," - აღნიშნა პრემიერმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×