თამარ შუკვანი
02.04.2020

ახალი კორონავირუსის პანდემიის წინაშე მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ჯანდაცვა პრაქტიკულად უძლური აღმოჩნდა და ამის რეალური მიზეზი გულგრილობაა - მიიჩნევს სპეციალისტთა ნაწილი. მათივე თქმით, ვერ მოხდა სწორი გათვლა, თუ რა სეგმენტეზე გავრცელდებოდა ვირუსი. სწორედ წინდაუხედობამ გამოიწვია ის არსებული ვითარება, რომელშიც საკმაოდ გამოცდილი და განვითარებული სახელმწიფოები დღეს არიან.

ამ ქვეყნების უმეტესობა ფიქრობდა, რომ კოვიდ-19 ისეთივე ვირუსი იყო, როგორიც სხვა დანარჩენი და გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვეულებრივად გადაივლიდა.

ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე თვლის, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები უსუსური აღმოჩნდნენ ამ ვირუსის წინაშე, რადგან ბევრმა სახელმწიფომ მაღალი გავრცელების საშიშროების გამორიცხა.

რაც შეეხება საქართველოს, ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა მოწინავე და სხვებისთვის კარგი მაგალითი აღმოჩნდა. საქართველომ გაითვალისწინა ის მწარე გამოცდილება, რაც ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ განიცადა. ამასთან, მნიშნელოვანი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ ხელისუფლებამ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები გაითვალისწინა.

„ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა მსგავსი ვარიანტის ორი ვირუსი, მაგრამ გადამდებლობის მომენტი ბევრად ნაკლები ჰქონდა, თუმცაღა, ლეტალობის მაჩვენებელი ბევრად მაღალი იყო.

"იფიქრეს, რომ ესეც, როგორც ჩვეულებრივი გრიპი, გადაივლიდა. უგულებელჰყვეს გავრცელების საშიშროება. პატარა აფეთქებებს მშვენივრად გაუმკლავდებოდა ნებისმიერი ქვეყანა, მაგრამ ნებისმიერი დაავადება, რომელიც პანდემიის სახეს იღებს, მაგალითად ქოლერა, მისი მკურნალობა უმარტივესია, თუ ექიმმა იცის რას აკეთებს.

„ჩვენთან, დაავადების კონტროლის ცენტრმა გაითვალისწინა სხვების შეცდომები და ის ფაქტი, რომ ვითარება ჯერ კიდევ კონტროლს ექვემდებარება, სწორედ ამის ბრალია, - მთავრობამ პროფესიონალებს დაუჯერა. მათი რეკომენდაციებით აკეთებენ ყველაფერს და მაქსიმალურად გვერდში უდგანან. სწორედ ეს არ გააკეთეს სხვებმა. მაგალითად ჩინეთი აცხადებს, რომ ყველაფერი კარგადაა და საზღვრების გახსნას აპირებს. თითქოს კიდევ რაღაც გულგრილობას ვატყობ და უნდა ვთქვა, რომ დაავადებასთან თამაში არ შეიძლება.

„გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი ისრაელის მთავარ ცენტრალურ კლინიკაში და პირველი რამაც გამაოცა ის იყო, რომ ინფექციური საავადმყოფო პრაქტიკულად არ აქვთ. მხოლოდ ინფექციური დეპარტამენტები არსებობს, სადაც პაციენტი კი არ წვება, ადგილზევე ხდება მისი მკურნალობა და ძალიან ხშირია საავადმყოფოში ინფექციის შიდა გავრცელება.

„ეს ყველაფერი იქიდან მოდის, რომ ადამიანმა მაქსიმალურად მოინდომა ბუნებაზე „ძალადობა," ტყეების გაჩეხვა, მთელი რიგი ქიმიური ნივთიერებების წყალში გაშვება, დანაგვიანება და ა.შ. ეს ყველაფერი იწვევს იმას, რომ ვითარდება მუტაციები, რომელიც ეხება არა მხოლოდ ცხოველებს, ვირუსულ და მიკრობულ სისტემასაც.

„ჩვენ კიდევ გაგვიმართლა, რომ ამ ვირუსს იმხელა ლეტალობა არ აქვს, რამხელაც წინა ვირუსს. იტალიაში დაღუპულთ კატასტროფული რიცხვი გამოიწვია არა დაავადების ლეტალობის მაღალმა მაჩვენებელმა, არამედ უბრალოდ იმდენი პაციენტი იყო, რომ ვერ შეძლეს ამის მანიპულირება, მენეჯმენტი ვერ გაწვდა.

„იმ ფაქტის უგულებელყოფა მოხდა, რომ შეიძლებოდა, ეს ვირუსი გავრცელებულიყო ასე მასობრივად და პანდემია გამოეწვია. ამის ბრალი იყო, რომ მოუმზადებლები დახვდნენ, მასშტაბები ვერ გაითვალისწინეს. იფიქრეს გავრცელდება, მაგრამ ბევრ ადამიანს არ დააინფიცირებს. ვეღარ გაითვალისწინეს, რომ ასეთ მძიმე ვითარებას მივიღებდით," - აღნიშნა ხმალაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×