თამარ შუკვანი
03.04.2020

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი მატების გამო, მომზადდება ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკები. მათი მზაობის შესამოწმებლად პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სამინისტროს ორდღიანი ვადა მისცა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„დღეს სამწუხაროდ გვაქვს 18 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გუშინ გვქონდა 15. აშკარაა, რომ სიტუაცია, გარდა იმისა, რომ მძიმდება, ამასან ერთად, ტემპიც სულ უფრო და უფრო სწრაფი ხდება. ამიტომ დღეს ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვხედავთ, რომ ძირითადი დატვირთვა გადადის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჰოსპიტალურ სექტორზე. ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დავალება ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობის შესამოწმებლად უახლოესი ორი დღე გამოიყენოს და მეორე, პირველადი ჯანდაცვის, რასაც პირველ ცხელ ხაზს ვეძახით, ვირუსთან ბრძოლის მზაობა რომ მოგვახსენოთ დღეს დეტალებში.

„აქ მარტივია, ჩვენ სოფლის ექიმები გყავს დაახლოებით 1200 ადამიანი და ოჯახის ექიმები დაახლოებით 2000 ადამიანი. სად არიან ესენი, რას აკეთებენ, რამდენად არიან მზად და როგორ არის გაშლილი ეს ინფორმაცია, პირველ რიგში შესამოწმებელია ამ ადამიანების მზაობა ცხელებასთან გამოწვეული პრობლემების გამკლავებაში. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია რამეთუ ეს არის ერთადერთი დაზღვევა, რომელსაც შეუძლია ჯანდაცვის ჰოსპიტალურ სისტემაზე ზეწოლა შეამსუბუქოს," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკონომიკის ნაწილზე. ამასთან, მისივე თქმით, კრიზისის შემდეგ გლობალური კონკურენცია დაიწყება ქვეყნებს შორის, როგორ სწრაფად შეძლებენ ეკონომიკური პრობლემების დაძლევას. ამიტომაც, ეკონომიკური პროგრამების ჭრილში ძირითადი აქცენტი ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე კეთდება.

გიორგი გახარიას განცხადებით, ადგილობრივი წარმოების საშუალებით შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, ისეთი წარმოებები, რომელიც ეფექტურობის თვალსაზრისით რამდენიმე წლის წინ აქტუალური არ იყო, დღეს უკვე სულ სხვა დატვირთვას იძენს.

„ეკონომიკის სამინისტრომ უკვე წარმოადგინა გეგმა, რაც მოწონებულია მთავრობის მიერ და ძირითადი აქცენტი გაკეთდა ქართული წარმოების განახლებაზე, მაგალითად ისეთ წარმოების, როგორიც არის „აგარის შაქარის" თავიდან ამუშავება, რამეთუ სრულად შეცვლილია როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების სტრუქტურა არა მარტო ჩვენს ეკონომიკაში, არამედ რეგიონშიც, ამიტომ ისეთი წარმოებები, რომლებიც მაგალითად ეფექტურობის თვალსაზრისით რამდენიმე თვის წინ არ იყვნენ აქტუალურები, დღეს სხვა დატვირთვას იძენენ.

„შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს ევალება, შეიმუშაოს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის სქემები, არა მხოლოდ პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, სადაც სერიოზულად გაუმჯობესებული კრიტერიუმები იქმნება ადგილობრივი წარმოების დასაკრედიტებლად, არამედ სხვა მიმართულებებითაც. მათ შორის იმპორტის, არათუ შეზღუდვის, არამედ სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით ხელშეწყობის, რომ ჩვენ ჩვენი შიდა მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ ჩვენი ადგილობრივი წარმოების საშუალებით. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ამას დღესვე უნდა ჩავუყაროთ საფუძველი," - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ცნობისათვის, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 148-ს შეადგენს, მათგან 27 უკვე გამოჯანმრთელებულია.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×