თამთა ჩაჩანიძე
17.05.2020

„ეს ყოველთვის შეიძლება იყოს და აქ საშიში არაფერია. მთავარია, რომ გარეთა კლასტერები არ იყოს", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე, ბოლო ორი დღის მანძილზე, ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა ტენდენციას ინფიცირებულებთან მიმართებაში.

17 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა როდენობა 12-ით გაიზარდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 6-ით. მსგავსი ტენდენცია მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ დაფიქსირდა.ზოგადად კი, 2 მაისიდან მოყოლებული, ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირების ახალ შემთხვევებზე მეტი იყო.

ხმალაძის თქმით, ტენდენციის ასეთი ტიპის გაუარესება საშიში არაა, მისი აზრით, ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდა დიდი რაოდენობის ტესტირების, ან უსიმპტომო პაციენტებისგან ინფექციის გადადების შედეგია.

„დადებითი ტენდენციის გაუარესება ყოველთვის არის ხოლმე. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ნებისმიერი გრიპის თუ ვირუსული ინფექციების დროს ჯერ გარკვეული რაოდენობაა, მერე იწყება კლება და მერე იწყება არაიმუნურ ადამიანთა შორის ვირუსის გავრცელება. ეს ან ძირითადად უსიმპტომო ფორმებიდან გადადებული ხალხია, ან ატიპიური ფორმის კლინიკური ნიშნის მქონე პაციენტები. ეს ყოველთვის შეიძლება იყოს და აქ საშიში არაფერია, მთავარია რომ გარეთა კლასტერები არ იყოს.

„არაა გამორიცხული, რომ ეს დიდი რაოდენობის ტესტირების შედეგადაც იყოს გამოვლენილი - ვინც ეძებს, ის პოულობს. ეს ერთის მხრივ ძალიან კარგია - გამოჩნდა, რომ ამ ხალხის არსებობა იციან და მკურნალობაც დროზე შედგება. ჩვენთვის მთავარია, რომ ინფექციის გადადება არ მოხდეს, იმიტომ, რომ ჩვენ -ექიმებმა ჩვენი ძალებით შევძლოთ, რომ კლინიკური ბაზა ამ ადამიანების მკურნალობას ეყოს", - განაცხადა ხმალაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×