თამარ შუკვანი
18.05.2020

მედიკოსთა ერთი ნაწილი დღეს უკვე იმაზე საუბრობს, რომ ახალი კორონავირუსის პიკის დასრულების ფაზაში ვიმყოფებით, თუმცა, მეორე ნაწილი აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია ვირუსის მეორე და მესამე ტალღაც კი, რისთვისაც ქვეყან მზად უნდა იყოს. ამასთან, საუბარია იმის შესახებაც, რომ კოვიდ-19 გაქრობას არ აპირებს და მსოფლიო საზოგადოებას მასთან ერთად მოუწევს თანაცხოვრება, როგორც ეს სხვა ინფექციური დაავადებების შემთხვევაში მოხდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე შემოდგომის ბოლოდან კორონავირუსის მეორე ძლიერ ტალღას ელოდება. მისივე თქმით, ვირუსი ზამთარში ძალიან გააქტიურდება. როგორც მან „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში თქვა, აკრძალვების შერბილებისას შეიძლება შემთხვევათა რაოდენობამ მოიმატოს.

მისი განცხადებით, იმისთვის, რომ კორონავირუსმა და გრიპმა ერთდრიულად არ შემოგვიტიოს, მეტი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაა საჭირო. რაც შეეხება ეპიდსიტუაციის შეფასებას, ქვეყანაში ყველაფერი გაკეთდა, რომ პიკი მძიმე არ ყოფილიყო.

კითხვაზე, სავალდებულო ხომ არ გახდება გრიპის აცრა, იმნაძემ უპასუხა, რომ პირიქით, მსოფლიო ბაზარზე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დეფიციტია და შესაძლოა აცრის ყველა მსურველი ვერ დაკმაყოფილდეს.

„სავალდებულო კი არა, ახლა მსოფლიო ბაზარზე ისეთი დეფიციტია, ნეტავ ისინი დავაკმაყოფილოთ, ვისაც აცრა ენდომება, თუმცა რისკ ჯგუფებისთვის ვაქცინა ყოველთვის გვექნება", - აღნიშნა იმნაძემ.

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძე „რეზონანსთან" ვირუსის საფრთხის აღქმას გადაჭარბებულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლოს, - ამისთვის საჭიროა ადამიანიები საკუთარი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ.

„დღემდე არ ვიცით, იმუნიტეტი რამდენად მდგრადია და ადამიანს ერთი თვის შემდეგ ისევ გაუმეორდება თუ არა. არ ვიცით, რამდენად შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, იქნება თუ არა მესამე ან მეოთხე ტალღა. ამის თქმა ძალიან რთულია, უბრალოდ, უნდა ვიყოთ ყურადღებით. თუ ვცხოვრობთ წითელასთან, წითურასთან, ღორის გრიპთან, - ასევე უნდა ვიცხოვროთ ამ კორონავირუსთან.

„ე.წ პიკი და პლატო გამოჩნდება მაშინ, როდესაც რაღაც ეტაპი გაივლის. პიკი არის მაქსიმუმი მაჩვენებელი. თუ შენ ამისთვის სამედიცინო დაწესებულება მომზადებული გაქვს, ქვეყანისთვის პრობლემატური არ გახდება.

„უნდა დავიწყოთ ნორმალური ცხოვრება, ტრანსპორტიც ამუშავდეს და მაქსიმალურად უსაფრთხო სიტუაცია შევქმნათ. „დარჩი სახლში" დამთავრდა, ახლა „გადი გარეთ უსაფრთხოდ." ხვალ და ზეგ არა, მაგრამ იმედია, ვაქცინაც შეიქმნება.

„ღორის გრიპის 500-მდე შემთხვევა იყო დაფიქსირებული საქართველოში და 35 გარდაიცვალა. რამდენმა კიდევ სახლში იმკურნალა. ატეხილი პანიკა გადაჭარბებულია და უკვე ზარალს აყენებს ადამიანის ეკონომიურ კეთილდღეობას და არა ჯანრთელობას," - აღნიშნა სურგულაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×